"თუ ასე გაგრძელდა, ქვეყნისაგან ერთ დიდ საგიჟეთს მივიღებთ" - კვირის პალიტრა

"თუ ასე გაგრძელდა, ქვეყნისაგან ერთ დიდ საგიჟეთს მივიღებთ"

"ოპოზიციაში ყოფნისას კარგად გავიცანი ნინო  ბურჯანაძე და შევნიშნე ავადმყოფური ამბიციურობა"

"რეზინის არა ვარ, საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ, ამიტომ ეს ყველაფერი მძიმე გადასატანი იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც ვერ გამტეხენ"

2010-მა წელმა ბოლოს კუდი მოიქნია და ქართველი საზოგადოება გახადა ისეთი პოლიტიკური სკანდალის მომსწრე, რომლის გაგრძელებას 2011 წელშიც ელიან. წლის მთავარი პოლიტიკური სკანდალის გმირმა ლევან გაჩეჩილაძემ "კვირის პალიტრას" ინტერვიუ მისცა:

- რაც მოხდა, იმდენად არაადეკვატური და უზნეოა, არც შიდაოპოზიციური კონკურენციაა და არც პოლიტიკური თამაში. ეს ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ვხედავ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი პროცესები დაიწყო "მაესტროში". ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალს. განსხვავება ის არის, რომ ბადრის შემთხვევაში საზოგადოებრივი მხარდაჭერა, პოლიტიკური და ფინანსური სიძლიერე ერთ პიროვნებაში იყო მოქცეული, ახლა კი მთელ გუნდზე, "ქართულ პარტიაზე" მიდის შეტევა.

- ერთი ვერსიით, "მაესტროსთან" დაკავშირებული ინტერესი ბურჯანაძეს აქვს და ეს ბოლოდროინდელი გაუგებრობაც ამას ხომ არ უკავშირდება?

- ვერაფერს გეტყვით, რადგან არანაირი მტკიცებულება არა მაქვს, მაგრამ ძალიან გაკვირვებული ვარ იმით, რაც "მაესტროში" ხდება. გაუგებარია, რას აკეთებს ბექაური. მე და მამუკა ღლონტი დიდი ხნის მეგობრები ვართ. ის ყოველთვის ობიექტურობისა და სიმართლის მომხრე იყო. მას ვენდობი და არც დავუშვებ, რომ ბექაურის მხარეს დგას. ბექაური ეროსი კიწმარიშვილის ჩარევებზე ლაპარაკობს. რით დაადასტურებს ამას? აგერ არის ტელევიზია და ნახონ  ქრონომეტრაჟი. "ქართულ პარტიაზე" ბევრად ხშირად სხვა ოპოზიციური პარტიები და ლიდერები იყვნენ "მაესტროს" ეთერში.

- მინდა ბადრი ბიწაძის სკანდალურ აღსარებასა თუ ინტერვიუზე გკითხოთ.

- ძალიან გთხოვთ, ამ ახალ წელს ბიწაძის ინტერვიუზე ნუ მალაპარაკებთ. რაც სათქმელი იყო, ყველაფერი ვთქვი. ერთს დავძენ მხოლოდ, ამ წერილის ავტორის მიზანი იყო დარტყმა "ქართულ პარტიასა" და ლევან გაჩეჩილაძეზე. ეს მიზანი სცილდება პოლიტიკური თამაშის ჩარჩოებს და უზნეობაში გადადის.

- დაანონსებული დებატები თქვენსა და ნინო ბურჯანაძეს შორის გაიმართება?

- ჭორაობასა და წიწინში არავის ავყვები. მტკიცებულება იმისათვის მოვითხოვე, რომ დებატებშიც მიმეღო მონაწილეობა და ყველგან წავსულიყავი, სადაც სიმართლის დადგენა შესაძლებელი იქნებოდა. ამ საქმეს ბოლომდე მივყვები, რომ სიმართლე დადგინდეს. ასეთი ბედი მაქვს - რაღაც სიბინძურეს მომიგონებენ და მერე ეს პოლიტიკურ სკანდალში გადაიზრდება ხოლმე. ეს შემთხვევა გაკვეთილად უნდა იქცეს მთელი საზოგადოებისთვის.

მინდა რამდენიმე შეხვედრა გავმართო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ქართულ თავისუფალ მედიაში მკაცრი ცენზი უნდა დაწესდეს უარგუმენტო და მტკიცებულებების გარეშე წაყენებულ ბრალდებებზე.  ეთიკური ჩარჩოები უნდა დაწესდეს პოლიტიკაშიც. მაყურებელმა, მკითხველმა, მსმენელმა, ამომრჩეველმა, მომიტინგემ, მოკლედ, მთელმა საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ჩვენს ყოფასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ზნეობრივი ნორმების დამკვიდრება. დაუშვებელია ყველამ ყველაფერი ილაპარაკოს. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი ქვეყნისაგან ერთ დიდ საგიჟეთს მივიღებთ.

როდესაც მტკიცებულების გარეშე, უარგუმენტოდ ლაფს გასხამენ, ეს აღარც პოლიტიკაა და არც პოლიტიკური თამაში. საქართველოში იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სიტყვით ისეთი ემოციური ტალღა გამოუწვევიათ, რომ ძალიან ავნეს კონკრეტულ პიროვნებას. ბოლო სამი წელია ვებრძვი ბოროტებას, რომელიც ქვეყანაშია და არა მაქვს უფლება, მტკიცე და გამძლე არ ვიყო. რეზინის არა ვარ, საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ, ოჯახის შვილი, მამა და ბაბუა, ამიტომ ეს ყველაფერი მძიმე გადასატანი იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ მაინც ვერ გამტეხენ.

- ნინო ბურჯანაძეზე მწვავე განცხადებები ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა და ბურჯანაძემ სამიზნედ თქვენ რატომ აგირჩიათ?

- ასეთი ბინძური Pპოლიტიკური პროპაგანდა კარგა ხანია აპრობირებულია "ნაციონალურ მოძრაობაში" და თავის დროზე - "მოქალაქეთა კავშირშიც" იყო. მისი არსია: "თუ ჩემი ხარ, ჩემი მონა უნდა იყო, თუ ჩემი არა ხარ, მტერი და საზიზღრობა ხარ". არაერთხელ გამოუყენებია ეს სააკაშვილს ჩემთან და სხვებთანაც. ერთ დღეს საუკეთესო ბიზნესმენი რომ ვიყავი, მეორე დღეს ოლიგარქი გავხდი, მაგრამ ასეთი სიდიდის პოლიტიკური სიბინძურე, რაც პოლიტიკაში ვარ, არ მინახავს.

ნინო ბურჯანაძე "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის წარმომადგენელი და  პირმშოა. ოპოზიციაში ყოფნისას კარგად გავიცანი ნინო  ბურჯანაძე და შევნიშნე ავადმყოფური ამბიციურობა, შეცდომებისა და მარცხის სხვებზე გადაბრალების ჩვევა. იმის მიზეზი, რომ სამიზნედ მე ამირჩია, მისი უსაზღვრო, ავადმყოფური ამბიციურობა და  25 ნოემბერს (და არა "სახალხო კრების" იდეის) განცდილი მარცხი, წაგებული ომის მოგებულად გაყიდვის სურვილია.  ეს შემთხვევა სამაგალითო უნდა გახდეს, რომ ოპოზიციამ აღარ დაუშვას ასეთი რამ, თუკი უნდა პასუხისმგებლობა აიღოს ამ რეჟიმის შეცვლასა და ქვეყნის მომავალზე.

ბურჯანაძე ნაწყენია მათზე, ვინც შენიშვნა მისცა, მართალი არა ხარო და საკუთარი ამბიციის გამო მთელ დედამიწას ომი დაუწყო.

- როგორი იყო ოპოზიციისთვის 2010 წელი?

- ძალიან მძიმე. ადგილობრივ არჩევნებზე კონსოლიდაცია ვერ მოვახერხეთ და თბილისი ისევ ხელისუფლებას ჩავაბარეთ. "სახალხო კრების" კარგი იდეა ბურჯანაძის შეცდომების გამო მარცხით დამთავრდა. ოპოზიცია დაქსაქსულია, მაგრამ ამ ხელისუფლებას დიდი დღე მაინც არ უწერია. იმედია, ბოლოდროინდელ მოვლენებს გავაანალიზებთ და უკანასკნელ ბრძოლაში კონსოლიდირებულად ჩავებმებით.

მინდა ქართველ ხალხს უპირველესად ვუსურვო გამძლეობა, ზნეობრივი და მორალური მდგრადობა, ნუ მივეცემით სასოწარკვეთილებას. სიმართლის ძებნისა და იმისათვის, რომ კეთილმა ბოროტს სძლიოს, მუდმივი ბრძოლაა საჭირო. სირთულეების დროს ჩვენ ყოველთვის პირველ ხაზზე ვიქნებით, მაგრამ ბრძოლას ქართველი საზოგადოების გარეშე გამარჯვებამდე  ვერ მივიყვანთ.

ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობის გადარჩენისთვის. მიუხედავად დუხჭირი ყოფისა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ქართული თუ არაქართული ოჯახი მატერიალურად გაძლიერდეს. გილოცავთ შობა-ახალ წელს, 2011 წელი გამარჯვების წელი ყოფილიყოს!