"საპარლამენტო არჩევნები მთავარი პოლიტიკური არჩევნებია ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

"საპარლამენტო არჩევნები მთავარი პოლიტიკური არჩევნებია ქვეყანაში"

"დაუშვებლად მიმაჩნია პოლიტიკაში ნებისმიერი ბინძური ხერხის გამოყენება"

"2010 წელი კარგი იმით იყო, რომ კარგი საფუძველი შევქმენით ყველა პრობლემის გადასაწყვეტად", - განაცხადა ქვეყნის მეორე პირმა გასული წლის შეფასებისას. დავით ბაქრაძის თქმით, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, განვლილ წელს მაინც იყო პოზიტიური მოვლენები:

- პოზიტიური მოვლენებიდან გამოვყოფდი ადგილობრივ არჩევნებს. ის, რომ საქართველოში პირველად, არჩევნების შემდეგ მოგებულმა და წაგებულმა კანდიდატებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, წინგადადგმული ნაბიჯი იყო პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებისთვის. დადებით მოვლენად შევაფასებდი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აქტივობას.

ფაქტობრივად, 2010 წელს დასრულდა საერთაშორისო დებატები იმაზე, თუ რა მოხდა 2008 წელს. საბოლოოდ დასრულდა კამათი იმაზე, მოხდა თუ არა საქართველოს ოკუპაცია და რუსულმა ვერსიამ, რომ საქართველო აგრესორი იყო, კრახი განიცადა.

მომავალი წლებიდან უფრო მეტს ველოდებით და სანამ საქართველო არ გამთლიანდება, ვერ ვიტყვით, რომ კარგად ვართ.

- ალბათ, იყო საკითხები, რაც ვერ გადაიჭრა. რაზე გწყდებათ გული?

- პირველად დეოკუპაციის საკითხსა და ქვეყნის გამთლიანებას დავასახელებ. ეკონომიკური განვითარების, სიღარიბესთან ბრძოლისა და სამუშაო ადგილების შექმნისათვის  ბევრი ვეცადეთ, ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ პრობლემები ისევ არის, - უმუშევრობა, სიღარიბე. ამ პრობლემებთან ბრძოლას 2011 წელს განვაგრძობთ.

- სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილება ხშირად ხდება განსჯის საგანი. საკონსტიტუციო ცვლილებები რამდენად გახდება პარლამენტის გაძლიერების საფუძველი?

- ახალ კონსტიტუციაში ბევრად უკეთესი ბალანსია სახელისუფლებო შტოებს შორის. ახალი კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი იღებს ახალ ფუნქციას - სხვა ინსტიტუტის ჩაურევლად დააკომპლექტებს მთავრობას და მოითხოვს მისგან პასუხისმგებლობას. ეს პარლამენტის გაძლიერებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. 2012 წლიდან მხოლოდ პარლამენტი გახდება მთავრობის დაკომპლექტების წყარო, მხოლოდ ის დაითხოვს მთავრობას.

ამით პარლამენტი მთავარი პოლიტიკური ინსტიტუტი ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნები მთავარი პოლიტიკური არჩევნებია ქვეყანაში. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის - ოპოზიციურსაც, უჩნდება შანსი, გავიდეს საპარლამენტო არჩევნებზე და თუ ექნება კარგი შედეგი, დააკომპლექტოს მთავრობა და ამ გზით მოვიდეს ხელისუფლებაში.

- დღევანდელ პარლამენტზე მსმენია, მოსაწყენია, მთავრობის სანოტარო კანტორაა. იქ კამათი და ცხარე დებატები წარსულს ჩაჰბარდაო.

- ეს არის ნორმალური პარლამენტი, სადაც სამუშაო ვითარებაა.

თუ ზოგიერთს ნორმალურად ის მიაჩნია, რომ პარლამენტარები  ერთმანეთს "ბორჯომს" ასხამენ და ტელეფონებს ესვრიან, ახლანდელი პარლამენტი, ცხადია, არ მოეწონება. ჩვენი პარლამენტარები ერთმანეთს საცემად და ჭიქების სასროლად არ დასდევენ.

წინა პარლამენტებისაგან განსხვავებით, სადაც მთავარი ამოცანა სკანდალები და ბრიფინგების ჩატარება იყო, დღეს ჩვენ გუნდურობის პრინციპით ვმუშაობთ. ჩვენ არა ვართ ფოკუსირებული სკანდალების მოწყობაზე და, ალბათ, ამის გამო გახდა პარლამენტის სხდომები ჟურნალისტებისთვის უხალისო.

- 2011 წელს ვადამდე არჩევნებს პროგნოზირებენ.

- გამოვრიცხავ როგორც ვადამდე საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებს.  საქართველოში უნდა დამკვიდრდეს: პრეზიდენტი, რომელსაც  5 წლით ირჩევენ, დაასრულებს საპრეზიდენტო ვადას, ხელს ჩამოართმევს გამარჯვებულ კანდიდატს და ასე დაშორდებიან ერთმანეთს. საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს, საპრეზიდენტო კი 2013 წელს ჩატარდება.

- უკვე ასახელებენ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატებს - გიგი უგულავასა და თქვენ.

- ამაზე ჯერ არ ვფიქრობ.

- ცოდვა ხომ არ არის ამაზე ფიქრი? სააკაშვილი მესამე ვადით მაინც ვეღარ იქნება პრეზიდენტი.

- პოლიტიკოსისთვის ნამდვილად არ არის ცოდვა არჩევით თანამდებობაზე ფიქრი, მაგრამ ჩემი ამოცანაა, ის საქმე მივიყვანო ბოლომდე, რომელსაც ვაკეთებ. მინდა Aამ მოწვევის პარლამენტმა თავისი ვადა ამოწუროს, როგორც ეფექტიანმა პარლამენტმა.

- არჩევნების მოახლოებისთანავე უმრავლესობაში შიდადაპირისპირებას ვარაუდობენ.

- უმრავლესობა იდეის გარშემოა კონსოლიდირებული. არც ცალ-ცალკე ჯგუფებია და არც ერთმანეთისთვის ფეხის დადება. ხშირად მეუბნებიან, პარლამენტში თქვენი გუნდი არ გყავთო. ჩემი გუნდი არის უმრავლესობა, რომელმაც ამირჩია. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარი გუნდის შექმნას იწყებს, ეს უმრავლესობას შლის და ამის გაკეთებას არ ვაპირებ.

- თავისი გუნდის ყოლაზე უარს არ ამბობდა ზურაბ ჟვანია, რომელიც ძლიერი პოლიტიკოსი იყო.

- მაშინ უმრავლესობაში იდეური ერთიანობა არ არსებობდა. იIყო ცალკეული ფიგურა გარშემო შემოკრებილი ხალხით. იყო ასლან აბაშიძის, ლევან მამალაძისა და რეფორმატორების გუნდები. მიუხედავად იმისა, რომ მამალაძეც და ჟვანიაც ფორმალურად უმრავლესობაში იყვნენ, არ შეიძლება იდეური ერთიანობა ჰქონოდათ ჟვანიასა და მამალაძეს. მაშინ ჟვანიამ რეფორმატორების გუნდის შეკვრით დადებითი იმპულსი მისცა პოლიტიკას. დღეს სხვა ვითარებაა.

- გასული წელი წინა წლებისაგან განსხვავებული იყო იმითაც, რომ ოპონენტებს დიდად არ შეუწუხებიხართ აქციებით.

-  ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება ძლიერი და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას მოდუნებისა და შეცდომის დაშვების საშუალებას არ აძლევს. ვისურვებდი საქართველოშიც იყოს ისეთი ოპოზიცია, რომელთანაც შესაძლებელი იქნება დიალოგი და სხვადასხვა ღირებულებაზე შეთანხმება. ეს არ გულისხმობს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში საუბრობდნენ და შეკრულები იყვნენ, მაგრამ უნდა არსებობდეს გარკვეულ ღირებულებათა სისტემა. შესაძლებელი უნდა იყოს საუბარი, რადგან, თუ პოლიტიკოსები წყვეტენ საუბარს, მაშინ ლაპარაკს ავტომატები იწყებენ.

- პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სააკაშვილი მეორე საპრეზიდენტო კანდიდატს მილიონებს სთავაზობდაო, ბევრმა მართლაც არასერიოზულად მიიჩნია. თქვენ რას იტყვით ამ განცხადებაზე?

- არასწორი იქნება სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებს შორის მიმდინარე დავის შეფასება.

- მაგრამ ისინი ლაპარაკობენ პრეზიდენტზე და მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე.

- სამწუხაროდ, საქართველოში დაუსაბუთებელი ბრალდებების ძალიან ცუდი პრაქტიკაა და ბევრ ბრალდებას უყენებენ პრეზიდენტს. ერთს  ვიტყვი, დაუშვებლად მიმაჩნია პოლიტიკაში ნებისმიერი ბინძური ხერხის გამოყენება.

- რუსეთის ხელისუფლება, რომელიც არ ელაპარაკება საქართველოს ხელისუფლებას, რატომ ელაპარაკება ბურჯანაძესა და ნოღაიდელს?

- იმიტომ, რომ მზად არ არიან დიალოგისთვის, სადაც ქართული მხარე პრინციპულად დაიცავს თავის ინტერესებს. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და მიუხედავად ემოციური და პოლიტიკური პრობლემებისა, მზად ვართ ველაპარაკოთ რუსებს წინა პირობების გარეშე. ის, რომ რუსეთი დიალოგზე არ მოდის, მეტყველებს, რომ  არაფერი  აქვს სათქმელი ჩვენს არგუმენტებზე.

- რას ელით ახალი, 2011 წლისგან?

- ვისურვებდი, გაგრძელდეს სახელმწიფოს შენება, უფრო მეტი მოქალაქე დასაქმდეს, უფრო მეტი ქართველი იყოს წელგამართული და დაგვენახოს კონკრეტული შედეგები საქართველოს გამთლიანების გზაზე. ყველა ოჯახს ვუსურვებ სიმშვიდეს, წარმატებას, ეკონომიკურ კეთილდღეობას. ყველა ქართულ ოჯახში იყოს წინსვლა და 2012 წელს ნაკლები პრობლემით შევხვედროდეთ.