"არც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის მეტისმეტად დათბობა გვაწყობს და არც ფართომასშტაბიანი ომი" - კვირის პალიტრა

"არც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის მეტისმეტად დათბობა გვაწყობს და არც ფართომასშტაბიანი ომი"

არაერთი მუქარისა და ბრალდების შემდეგ, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 6-საათიანი მოლაპარაკების შემდგომ სირიის იდლიბის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი მესუთ ხაკი რუსეთს სასტიკი შურისძიებით ემუქრებოდა სირიაში საჰაერო დარტყმების გამო, რასაც 33 თურქი სამხედრო შეეწირა.

"თუ სირია და რუსეთი ვერ შეძლებენ პირობა შეინარჩუნონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ჩვენ უკან არ დავიხევთ, რომ გავატაროთ მათ წინააღმდეგ აუცილებელი ზომები. თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტების უსაფრთხოება ჩვენი უდიდესი პრიორიტეტია", - ეს კი ერდოღანმა 11 მარტს განაცხადა.

რამდენ ხანს გასტანს შეთანხმება თურქეთსა და რუსეთს შორის, როგორ აისახება რეგიონში ორი უძლიერესი მოთამაშის ინტერესთა ჭიდილი საქართველოზე, სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე გვესაუბრება.

- ერდოღანი და პუტინი იდლიბის დეესკალაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - კერძოდ, M4 ტრასის გასწვრივ გაკეთდება 6 კმ-იანი დერეფანი, 15 მარტიდან კი ტრასაზე დაიწყება რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება.

პრობლემა ის არის, თურქეთის მიზნები ეწინააღმდეგება რუსეთისა და ირანის ინტერესებს. რუსეთი ფიქრობს, რომ ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც სირიაში ყოფნის ლეგიტიმაცია აქვს. ამას არ იზიარებს თურქეთი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ამას არც ერთი მხარე არ აღიარებს, ფაქტობრივად, სირიაში რუსეთ-თურქეთის პროქსიომია,"ანუ ქართულად რომ ვთქვათ,"ომი სხვისი ხელებით. პუტინი ბრალს სდებდა ტერორისტებს, თუმცა რუსული მედია და ხელისუფლება ამ დღეებში თურქეთს ადანაშაულებდნენ. ერდოღანს კი არ დაუდანაშაულებია რუსეთი, ის აუგად ასადის რეჟიმს მოიხსენიებდა.

- რუსეთისა და თურქეთის ინტერესები რეგიონში გამუდმებით ეჯახებოდა ერთმანეთს, თუმცა ისტორიულმა მტრებმა 2015 წლის შემდეგ ისე დაალაგეს ურთიერთობა, რომ სტრატეგიულ მეგობრობაზეც კი დაიწყო ლაპარაკი. ახლა რა მოხდა ისეთი, რომ ძლივს დამეგობრებულმა ქვეყნებმა ძველი მტრობა გაიხსენეს?

- სოჭის და ასთანას შეთანხმებების შესაბამისად, თურქეთის, რუსეთისა და სირიის ჯარები იდლიბის ჩრდილოეთში ერთობლივად პატრულირებდნენ. თურქეთის შეიარაღებული ძალები იდლიბის ჩრდილოეთ ნაწილსა და თურქეთის საზღვრის მიდამოებში იდგნენ. ეს სტატუს კვო დიდხანს შენარჩუნდა. შემდეგ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ლიბიის გამო დაიძაბა. ლიბიის დღევანდელ ხელისუფლებას მხარს უჭერს თურქეთი, რუსეთი კი ზურგს უმაგრებს ამბოხებულ მარშალ ხაფთარს. მოსკოვში გამართული მოლაპარაკება ხაფთარმა დატოვა, ლიბიაში გაემგზავრა და საბრძოლო მოქმედება განაახლა. ამას ხაფთარი კრემლის წაქეზების გარეშე ვერ გაბედავდა. ლიბიის შემდეგ თურქეთსა და რუსეთს შორის ვითარება სირიის ჩრდილოეთ ნაწილშიც დაიძაბა. მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო - რუსული და თურქული ინტერესები ისევ დაეჯახა ერთმანეთს. მე ამას ჯერ კიდევ მაშინ ველოდი, როცა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობა დაიწყო. 2015 წლიდან ამ ორმა მოთამაშემ ურთიერთსაპირისპირო ინტერესების "თაროზე შემოდება" მოახერხა, გადადებული პრობლემები კი თავისით არასდროს გვარდება. პარტნიორული ურთიერთობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მათი დროდადრო განხილვა. რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა? სტრატეგიულ პარტნიორებს ერთმანეთთან ან არა აქვთ პრეტენზიები, ან პრეტენზიები მინიმალურია. რუსეთსა და თურქეთს ერთმანეთთან პრინციპული პრეტენზიები ჰქონდათ. შესაბამისად, პირველივე რთულ სიტუაციაში "თაროზე შემოდებული" პრობლემები აქტუალური გახდა. დღეს თურქეთისთვის მიუღებელია იდლიბისა და სირიის ჩრდილოეთ ნაწილის დატოვება, რუსეთს კი სურს ამ რეგიონში ერთადერთი დომინანტი იყოს.

ახლა რაც შეეხება პუტინსა და ერდოღანს შორის ბოლო დროს დადებულ შეთანხმებას, ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს არ დაირღვევა, ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

თუ სირიის ხელისუფლება, რომლის უკანაც რუსეთი დგას, არ გააგრძელებს ოპერაციას იდლიბში და იქიდან სამხედრო ძალების განდევნას, ვითარება არ გამწვავდება, მაგრამ თუ ამ მებრძოლებს თურქეთის საზღვრებისკენ მიაწვებიან, მაშინ ვითარება გართულდება. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი ისევ პრობლემის გაყინვაა, ეს კი რუსეთს კარგად ეხერხება. ეს ჩვენ აფხაზეთისა და ყარაბაღის მაგალითით ვიცით. დღეს პრობლემა მხოლოდ რუსული და თურქული ინტერესების ჭიდილი არ არის. აქ თავიანთი ინტერესები აქვთ ირანს, ამერიკას, ჩინეთსა და კიდევ ბევრ სხვა აქტორს. შესაბამისად, ძნელია ამ რეგიონზე პროგნოზის გაკეთება.

- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ჩვენ ხელსაც გვაძლევს რუსეთსა და თურქეთს შორის მცირე დაძაბულობა. ექსპერტთა ნაწილის აზრით, რუსეთ-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა საფრთხეს გვიქმნიდა.

- ბოლო ბრიფინგზე პუტინსა და ერდოღანს სტრატეგიული ურთიერთობა აღარ უხსენებიათ, რაც ცხადყოფს, რომ ურთიერთობა გაუცივდათ. რა გვაწყობს ჩვენ? ცოტა უხერხული სათქმელია, რომ დაძაბულობა, ომი ხელს გვაძლევს. თუმცა არც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის მეტისმეტად დათბობა გვაწყობს და არც ფართომასშტაბიანი ომი. დღევანდელი ვითარება, ანუ დაბალი ინტენსივობის დაძაბულობა ნამდვილად გვაძლევს ხელს.

იხილეთ ასევე: "ჩვენ არ ვიწყებთ არეულობას, თურქეთი მხოლოდ პასუხობს პროვოკაციებს"

ხათუნა ბახტურიძე