გახარია არ გამორიცხავს, რომ ზომები კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან მიმართებითაც გამკაცრდეს - კვირის პალიტრა

გახარია არ გამორიცხავს, რომ ზომები კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან მიმართებითაც გამკაცრდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსი საზღვრებს არ სცნობს, მაგრამ თუ საჭირო გახდება, შესაძლოა, მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზომები რუსეთთან მიმართებითაც გამკაცრდეს.

როგორც პრემიერმა კორონავირუსის გავრცელებით ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის შემცირების და ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმის წარდგენისას განაცხადა, ჯერ პროცენტულად ზარალის დათვლა შეუძლებელია.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ არის წინასწარ გათვლილი, პროცენტულად რა ზარალი მიადგება საქართველოს ეკონომიკას და ღირს თუ არა რუსეთთან მიმართებით ზომების გამკაცრება, მთავრობის მეთაურმა უპასუხა:

"გამკაცრება შეიძლება ღირდეს, აქ ვერ იქნება საუბარი მხოლოდ რუსეთზე. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ გლობალურ პრობლემასა და ვირუსზე, რომელიც გვესმის, რომ საზღვრებს არ სცნობს. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. იმ ქვეყნის მიმართულებით, სადაც აუცილებელი იქნება რისკების შესამცირებლად საზღვარზე განსაკუთრებული ღონისძიებების მიღება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

რაც შეეეხება პროცენტულ ზარალს, ამის დათვალა დღეს შეუძლებელია, თუმცა ეკონომიკურ ზრდას დაახლოებით წარმოდგენილი გვაქვს რა ზიანი მიადგება. ჯერ ამ ციფრებზე საუბარი ადრეა. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ეფექტურად ვუმკლავდებით დღეის მდგომარეობით გამოწვევებს, სულ უფრო და უფრო მზარდი გამოწვევებისთვის უნდა ვიყოთ მზად ხვალ, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რომ ეს მზაობა იყოს ისეთი ხარისხის, რომ ბევრად უფრო მაღალი ხარისხის რისკებს და გამოწვევებსაც გავუმკლავდეთ", - განაცხადა გახარიამ.

"ღონისძიების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ დღეს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედა"ვ, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის შეიძლება ქვეყანაში გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ახალი კორონავირუსის გამო.

"მაგრამ მინდა ერთ რამეს მიაქციოთ ყურადღება - ქვეყნებმა, რომლებმაც ეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მასთან ერთად გამოაცხადეს, რას ნიშნავს ეს საგანგებო მდგომარეობა, რა ღონისძიებების გატარებას. თქვენ თუ დააკვირდებით იმ ღონისძიებებს, რომელიც ჩვენ უკვე გავატარეთ, ჩვენ საგანგებო მდგომარეობა არ გამოგვიცხადებია, მაგრამ იგივე ღონისძიებები უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებული გვაქვს და ვატარებთ. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას ყოველდღიურად, ახალი გამოწვევის პირობებში ამ ღონისძიებებს ვამკაცრებთ. გულწრფელად გეუბნებით, რომ ამ ღონისძიების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ დღეს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ. შეიძლება ეს აუცილებლობა დადგეს ხვალ, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებები ჩვენ უკვე დიდი ხანია განხორციელებული გვაქვს", - განაცხადა გახარიამ.