"ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც უდევს თითქმის 800 მლნ დოლარი, ეს თქვენი ჯიბეებიდან ამოცლილი ფულია" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც უდევს თითქმის 800 მლნ დოლარი, ეს თქვენი ჯიბეებიდან ამოცლილი ფულია"

ივანიშვილი, რომლის ფული ბოლო წლებში საქართველოს ბიუჯეტიდანაა მოპოვებული, ფონდი "ქართუს" მეშვეობით ქართველ ხალხს ეუბნება, რომ მათ 2 ან 3 პროცენტს მიუგდებს, რათა არ მივარდნენ მის შუშის სასახლეში, - ამის შესახებ საქართელოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში საუბრობს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს მოპარული აქვს მილიარდობით ლარი ქართველი ხალხის ჯიბიდან.

"ივანიშვილმა დღეს დილიდან გამოაცხადა, რომ მისი ფონდი "ქართუ" შეუვსებს სახელმწიფო ორგანოებს ფულს თუ მათ რაღაც ფული დააკლდებათ. ბოლო წლებში, ივანიშვილის მთელი ფული მოპოვებულია საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვით, ქართული მიწების მოპარვით, ბიზნესების წაღებით, მევახშეობით და ეს ყველაფერი გადაქაჩა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარ ჯიბეში და ახლა ნახეთ რას გეუბნებათ: 2 ან 3 პროცენტს ამ ფულიდან მოგიგდებთ იმისათვის, რომ არ მომივარდეთ აქ, ჩემს შუშის სასახლეში. მინდა მთლიანად შემოვუტრიალოთ მას მაგიდა და ვუთხრათ, დღეს, რომ საქართველო ასეთი დაუცველია მათ შორის ჯანდაცვის და მათ შორის იმ კუთხით, რაც ეხება ფინანსებს, ეს არის პირველ რიგში ივანიშვილის ბრალი. რაღაც 2 საავადმყოფო ავაშენეო, ჩემს დროს აშენდა ლუგარის ცენტრი და 140 საავადმყოფო და ცხოვრებაში არავისთვის არ დამიმადლებია და რას შველის ორი საავადმყოფო, თან არასათანადო პირობებით? აქ საუბარი სხვა რაღაცაზე უნდა იყოს. მას აქვს მილიარდობით ლარი მოპარული თქვენი ჯიბეებიდან",-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე განმარტებით, საქართველოს ახლა ლარის სრული ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი ემუქრება.

"ეს ფული უნდა დაბრუნდეს, დაბრუნდეს თქვენთან, მოხმარდეს კორონავირუსისგან დაცვას და ეკონომიკური კრიზისგან დაცვას, რადგან უამრავი ქართელი, რომელიც წასულია უცხოეთში ვერ რიცხავს ფულს. ამგვარად, საქართველოს ახლა ემუქრება ლარის სრული ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი. ამიტომ ივანიშვილს პირველ რიგში უნდა მოვთხოვოთ, რომ დააბრუნოს ფული, ეს ფული, გარდა ჯანდაცვის ღონისძიებებისა, ძირითადი ნაწილი უნდა მომხარდეს ლარის გამყარებას და ლარის დაცვას, იმიტომ, რომ ლარის ჩამოშლა კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში აყენებს აბსოლუტურად ყველა ქართველს. ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც ზუსტად ვიცი, რომ უდევს თითქმის 800 მილიონი დოლარი, რომელსაც ის იყენებს პირადი საკუთრებისთვის და ეს არის თქვენი ჯიბეებიდან ამოცლილი ფული თითქმის მთლიანად. ეს ფული უნდა ჩაიდოს ხალხის დაცვაში, ლარის გამყარებაში და ბიზნებისთვის დახმარებაში, რომელიც ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ბოლო კრიზისის ფონზე, მაშინ ეს იქნება ნამდვილი დახმარება და წაადგება ქართველ ხალხს",-აღნიშნავს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ფონდმა "ქართუმ" მზადყოფნა გამოთქვა, კორონავირუსის გავრცელებისგან საზოგადოების დასაცავად სახელმწიფოსთვის ფინანსური სახსრები გამოყოს.

იხილეთ ვიდეო