"ამის განმცხადებელს ნებისმიერ ქვეყანაში დაიჭერდნენ" - კვირის პალიტრა

"ამის განმცხადებელს ნებისმიერ ქვეყანაში დაიჭერდნენ"

"ოპოზიციის აქციებზე ათასი ჯურის ადამიანი იყრიდა თავს"

მიხეილ სააკაშვილმა ბოლოდროინდელი მოვლენების შეფასებისას განაცხადა, - მთავარი, რაც ხელისუფლებამ ისწავლა, ის არის, რომ ფანჯრიდან თუ ღობეზე გადაძრომით

ოპოზიცია ვერაფერს მიაღწევს, ამიტომ ჯობს ხელისუფლებასთან ითანამშრომლოსო.  ეს იყო პასუხი ოპოზიციის სამთვიან პროტესტზე. სამწუხაროდ, ქვეყნის პირველ პირს არაფერი უთქვამს ტერორის ახალ ტალღაზე, რომელიც "დემოკრატიის ახალი ტალღის" გამოცხადების შემდეგ დაატყდა თავს ოპოზიციასა და მის მომხრეებს. რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავიც, ფაქტობრივად, ოპოზიციის გარეშე აღინიშნა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს შოთა მალაშხიას ვთხოვეთ კომენტარი:

- რუსულ სამხედრო წრეებში საქართველოში ახალი საომარი კამპანიის დაწყებაზე ლაპარაკობენ.

 

- ამის რეალური საფრთხე არ არსებობს. მეტიც, ევროკავშირის მონიტორები  და ეუთო აცხადებენ, რომ რუსეთი არ ასრულებს მედვედევ-სააკაშვილი-სარკოზის ხელმოწერილ 12 აგვისტოს ხელშეკრულებას და ამის გამო პასუხს სთხოვენ. შარშან აშშ-ის ადმინისტრაცია იცვლებოდა და ასე მკაცრ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა. გაცრუვდა რუსების მოლოდინი, რომ ობამას ადმინისტრაცია ასე აშკარად არ დაუჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ხელისუფლებას. მსოფლიო თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ასეთ პირობებში არა მგონია, რუსეთმა გარისკოს. კრემლს ყველა პროექტი ჩაეშალა. ამას წინათ გლებ პავლოვსკიმ განაცხადა კიდეც, საქართველოსთან საინფორმაციო ომი წავაგეთო.

- მაგრამ საინფორმაციო ომის გარდა სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზეც საჭიროა მუშაობა. მუშაობს თუ არა ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებთან?

 

- უპირველესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლა რუსეთზე, რათა ოსებსა და აფზახებს თავიანთი აზრის გამოთქმის საშუალება მიეცეთ. რაც მთავარია, რუსებისგან შექმნილი მტრის ხატი საქართველოს სახით მათთვის აღარ არსებობს. დარწმუნდნენ, რომ მათი ნამდვილი მტერი რუსეთია. რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალში ქონება და ბიზნესი ბევრ ადგილობრივ მკვიდრს წაართვეს. ოსებმა და აფხაზებმა დაინახეს, რომ "დამოუკიდებლობის მოპოვების" შემდეგ საშინელ დღეში ჩაცვივდნენ. დარწმუნებული ვარ, ოსები და აფხაზები ქართველ მოსახლეობასა და ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებას მოისურვებენ.

- ოპოზიცია ნაკლებად ჩანდა 7 აგვისტოს აღმნიშვნელ ღონისძიებებში.

 

- აგვისტოს ომის წლისთავი არ იყო ისეთი მოვლენა, სადაც ვინმეს მოპატიჟება უნდა დასჭირვებოდა. ამ თარიღის აღნიშვნა სახალხო გადაწყვეტილება იყო. ხელისუფლებაც ისეთივე მონაწილე იყო ამ ღონისძიებებისა, როგორიც რიგითი მოქალაქეები. ვფიქრობ, ოპოზიციას უნდა გამოეჩინა ინიციატივა, რაღაც მოეწყო ამ თარიღის აღსანიშნავად და ეთქვა, მართალია, ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ხელისუფლებას, მაგრამ ესა და ეს საქმე მაინც ერთად გასაკეთებელიაო. ამის ნაცვლად, ოპოზიციის სამმა ლიდერმა განაცხადა, ომი ჩვენ დავიწყეთ, მძინარე ოსებს დავესხით თავსო...

- ხელისუფლების გვერდით დადგომა, თუნდაც 7 აგვისტოს, ალბათ, გაუჭირდებოდათ იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რომელთა თანაგუნდელებს ამ დღეებში სასტიკად გაუსწორეს ანგარიში...

 

- ვერაფერს გეტყვით. ოპოზიციის აქციებზე ათასი ჯურის ადამიანი იყრიდა თავს. ყველა ანგარიშსწორების ფაქტი უნდა გამოვიძიოთ. სწორედ ამისთვის არის საჭირო ოპოზიციისა და ხელისუფლების თანამშრომლობა და არა პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. ხელისუფლებასთან კონფრონტაციული რეჟიმი ოპოზიციამ დაამკვიდრა და ამიტომაც ერიდებოდნენ აქციაზე მისვლას პოლიციელები. დროა, ურთიერთობის სხვა ფორმაზე გადავიდეთ. მსოფლიოში რუსებისა და ზოგიერთი ოპოზიციონერის გარდა, არავინ ამბობს, ომი საქართველომ დაიწყოო. ეს კულახმეტოვსა და გენერალ ბორისოვსაც კი არ უთქვამთ. ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ კი თანამშრომლობის ნაცვლად, განცხადება გაავრცელა, ხელისუფლებას არ ვცნობთო. ეს, ფაქტობრივად, ანარქიისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაა. ოპოზიციის ნაწილი ხვდება იმ  მდგომარეობის აბსურდულობას, რომელშიც სამი თვის განმავლობაში იყვნენ და ამიტომაც უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომას უკვე ესწრებოდნენ ირაკლი ალასანია, კონსტანტინე გამსახურდია, აკაკი ასათიანი...

- ვინ დაუშალა ხელისუფლებას, გამოეძიებინა წლების წინ დეპუტატ გელაშვილის ცემის საქმე?

 

- ოპოზიციაც და ხელისუფლებაც უნდა ეცადონ, რომ ასეთი ფაქტები თითით საჩვენებელი გახდეს. ოპოზიცია ხელისუფლების ლეგიტიმურობას უნდა ცნობდეს და დიალოგს მართავდეს ასეთ თემებზე. კოსოვოს დამოუკიდებლობა იმიტომ ცნეს, რომ იქ ალბანელების ეთნოწმენდა მოხდა. Dდღეს კი, სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსები გაჰყვირიან, ქართველებმა ჩავიდინეთ სამხრეთ ოსეთში დანაშაულიო. გამოდის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობასაც კი აღიარებენ, ოღონდ სააკაშვილი დაზარალდეს. ამას კარნახობს რუსეთი ამ პოლიტიკოსებს?

- ოპოზიციის ამ ნაწილს რუსეთთან აკავშირებთ?

 

- როდესაც მათი განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა, არა მგონია, ეს თავისით ხდებოდეს. გაიხსენეთ, ოპოზიციას თვეების განმავლობაში იმას ვთავაზობდით, რასაც ახლა დათანხმდნენ. რა საჭირო იყო ამდენი აქციები, ხალხის ქუჩაში დაყენება და ქუჩების გადაკეტვა? ოპოზიცია თვეების განმავლობაში ღირსების აღდგენაზე ლაპარაკობდა, ღირსების აღდგენა კი თურმე კახა თარგამაძის დაბრუნება ყოფილა. ნაფტალინიდან ამოთრეული თარგამაძე ბერლინში ხვდება ოპოზიციის ბელადს, რომელიც თბილისში ჩამოსვლისას აცხადებს, ფული ვიშოვე და ამ ხელისუფლებას ბოლოს მოვუღებთო. ამის განმცხადებელს ნებისმიერ ქვეყანაში დაიჭერდნენ.