"მინდა ვუთხრა მოსახლეობას... ქვეყანაში მარაგები არსებობს და მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების ჩვეულებრივ მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება" - კვირის პალიტრა

"მინდა ვუთხრა მოსახლეობას... ქვეყანაში მარაგები არსებობს და მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების ჩვეულებრივ მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება"

მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგი საკმარისია. მარაგი ყოველდღიურად ახლდება. მომარაგების თვალსაზრისით შეფერხება არ არის. ჩვენ შევზღუდეთ მგზავრების შემოსვლა ქვეყანაში, მაგრამ რაც შეეხება სასაქონლო მარაგებისა და ტვირთების შემოსვლას, ამას ყველანაირად ხელს ვუწყობთ და ამაზე რეგიონის ქვეყნები ვართ კოორდინაციაში. ამდენად, წუხილის საფუძველი არ არსებობს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც გუშინ შეხვდა საქართველოს მსხვილი სუპერმარკეტებისა და ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს, მათ შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა და მათ მოსაზრებებს გაეცნო.

"გუშინ შევხვდით სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს. დავრწმუნდით იმაში, რომ ქვეყანაში მარაგები არსებობს და მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების ჩვეულებრივ მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ მიწოდების მთელი ლოგისტიკური ჯაჭვი. ჩვენ ამ პროცესში ჩართული ვართ და მონიტორინგს ვუწევთ. ამდენად, მინდა დაგარწმუნოთ, რომ წუხილის საფუძველი არ არსებობს - მაღაზიები მარაგდება ჩვეულებრივ რეჟიმში, ძალიან ხშირად ივსება მათი საწყობები, საქონლის, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქციის მიწოდება ხდება უწყვეტად და ხარვეზების გარეშე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"