"მზად უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი აკრძალვების შემოღება" - კვირის პალიტრა

"მზად უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი აკრძალვების შემოღება"

"ინფორმაცია იმაზე გვიან გავრცელდა, ვიდრე თავად ვირუსი - როგორც ამბობენ, ჩინეთის მთავრობამ დაახლოებით 2 თვით დააგვიანა ინფორმაციის გახმაურება"

ახალი კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების გამო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ Covid - 19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა, რასაც სხვადასხვა ქვეყანაში უპრეცედენტო ზომების მიღება მოჰყვა. ევროპაში, შეიძლება ითქვას, ეპიდაფეთქებაა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა იტალიაში, ქვეყანა მთლიანად წითელ ზონად გამოცხადდა და კარანტინშია. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საგანგებო მდგომარეობაა. იმედისმომცემი ვითარებაა ჩინეთში, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა. იქ დაინფიცირების თუ გარდაცვალების შემთხვევები დღითი დღე იკლებს.  ვირუსით გამოწვეულმა საზოგადოებრივმა ინტერესმა, ფაქტობრივად, გადაფარა ქვეყნის პოლიტიკოსთა უმნიშვნელოვანესი შეთანხმება. მოგეხსენებათ, თითქმის 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკება, რომლის ინიციატორები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დიპლომატები იყვნენ. ერთობლივად ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მანდატები 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატად განაწილდება. საარჩევნო ბარიერი 1%-იანი იქნება, ასევე დაწესდება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი - პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, პარლამენტში უმრავლესობას ვერ მიიღებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. ახლა მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება კანონად იქცეს. მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებზე ვესაუბრებით ექსპერტ თენგიზ ფხალაძეს.

თენგიზ ფხალაძე

- ახალი ვირუსის გავრცელების მასშტაბურობის გამო პანდემია გამოცხადდა. თქვენი აზრით, როგორ უმკლავდება მსოფლიო ახალ გამოწვევას?

- ეს არ არის პირველი პანდემია კაცობრიობის ისტორიაში, მეტიც, არ არის პირველი XXI საუკუნეშიც. არაერთი ასეთი თუ უფრო მძიმე, აგრესიული და ლეტალური ტალღა გადაიტანა უკვე მსოფლიომ. შედეგიც გაცილებით მძიმე იყო. რაც შეეხება ახალ კორონავირუსს, ვხედავთ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაცილებით აღემატება ფატალურ შედეგს, გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას გაუმკლავდა ის სახელმწიფო, საიდანაც ეს დაიწყო.

ამ ვირუსს ახასიათებს ძალიან სწრაფად გავრცელება, მაგრამ მაინც მგონია, გადაჭარბებული შიში იმან განაპირობა, რომ კორონავირუსზე ინფორმაცია იმაზე გვიან გავრცელდა, ვიდრე თავად ვირუსი - როგორც ამბობენ, ჩინეთის მთავრობამ დაახლოებით 2 თვით დააგვიანა ინფორმაციის გახმაურება. შესაბამისად, არა მხოლოდ ჩინეთი, არამედ მთელი მსოფლიო აღმოჩნდა მოუმზადებელი. როდესაც რაღაცას მოუმზადებელი ხვდები, ამას ახლავს გაცილებით მეტი შიში და შფოთი, რაც აღემატება საფრთხის რეალობას. არ არის გასაკვირი, რომ ვირუსმა იფეთქა იტალიაში, რადგან ეს ქვეყანა წლის ნებისმიერ დროს ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა. იტალიიდან ევროპაში ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდა, თუმცა მაინც მგონია, რომ პირველი შოკი უკვე გადალახულია.

სხვადასხვა ქვეყანა უპრეცედენტო და მკაცრ ზომებს იღებს, მიმდინარეობს გამალებული მუშაობა ვაქცინისა თუ სამკურნალო პრეპარატის შესაქმნელად. სადღაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სადღაც საზღვრები ჩაკეტეს... ეს შეიძლება ვიღაცას ზედმეტად ეჩვენება, მაგრამ ჯობს პრევენცია, რათა პროცესის მართვის სადავეები ხელიდან არ გავუშვათ. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა შეგახსენოთ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის წინა კვირას, პანდემიის გამოცხადებამდე გაკეთებული განცხადება. მან თქვა, რომ საჭირო გახდებოდა პანდემიის გამოცხადება და იქვე დასძინა, ეს იქნება პირველი მართვადი პანდემიაო. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო მისი მართვისთვის მზად არის. შესაბამისად, აპოკალიფსურ სცენარებს არ ველი, პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს ძალისხმევა შედეგიანი იქნება და ვითარება მალე ჩადგება კალაპოტში.

- ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება, შესაბამისი სამსახურები ძალისხმევას არ იშურებენ ქვეყანაში დაავადების ფართოდ გავრცელების აღსაკვეთად. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი და ადეკვატურია სახელმწიფოს ღონისძიებები? - აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის უმაღლესი ხარისხის პროფესიონალიზმი, რასაც ამ დღეებში ვხედავთ. უნდა ვახსენო ბატონები ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე, ქალბატონი მარინა ეზუგბაია. მათთან ერთად ექიმები, სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღე ტელეეკრანზე არ ჩანან, მაგრამ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება იოლად გადაიტანოს სახელმწიფომ. დიდი მადლობა მათ ამისთვის.

რაც შეეხება სახელმწიფო მიდგომებს, მე არა ვარ ამ დარგის სპეციალისტი, ექსპერტულ დასკვნას ვერ გავაკეთებ, მაგრამ როგორც რიგითი მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ბევრი რამ სწორად გაკეთდა და კიდევ გაკეთდება. თავისთავად ცხადია, შეიძლება რაღაც უკეთესადაც გაკეთებულიყო, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. სხვა ქვეყნების მაგალითებსაც გადავხედოთ. ვფიქრობ, საქართველო ორგანიზებულად შეხვდა ამ გამოწვევას. როგორც ვიცი, ამისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მაღალი შეფასებებიც დავიმსახურეთ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

თუმცა თავიც არ უნდა დავიმშვიდოთ. საქართველო პრობლემას იზოლირებულად ვერ შეებრძოლება, ამიტომ უნდა მივიღოთ ყველა ის ზომა, რაც ამ პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს. უმნიშვნელოვანესია, რომ მთავრობის ძალისხმევას საზოგადოებაც აჰყვეს და მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებაზე არ გადავიტანოთ.

მოგახსენებთ, რას ვგულისხმობ. გასაგებია, რომ კერძო სექტორს თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ უნდა არსებობდეს მოქალაქეობრივი სოლიდარობა, ანუ ეს მძიმე პერიოდი არ შეიძლება ვინმემ გამოიყენოს ბიზნესში გაათმაგებული მოგების მისაღებად. უნდა ვაჩვენოთ, რომ ერთმანეთის გვერდით დგომა შეგვიძლია არა მხოლოდ სუფრასთან სადღეგრძელოებით, არამედ მაშინაც, როდესაც მართლა გვიჭირს.

სოციალური პასუხისმგებლობა უპირველესად ეკისრებათ კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს. გვახსოვდეს, რომ ერთი ადამიანის დაუდევრობით თუ ამპარტავნობით დარღვეულმა თვითიზოლაციის წესმა, შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნას სხვას.

არ შეიძლება პირველადი მოთხოვნის საგნებზე ასე კატასტროფულად იზრდებოდეს ფასი. როდესაც მთელ მსოფლიოში ასე თვალსაჩინოდ ეცემა ნავთობის ფასი, არ შეიძლება ეს არ აისახოს ქართულ ბაზარზე. არსებობს რაღაც, გაცილებით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე კონკრეტული ბიზნესი ან კონკრეტული კორპორაციული ინტერესია და ამას საზოგადოებრივი სოლიდარობა ჰქვია. სოლიდარობის განცდა ნამდვილად სჭირდება სახელმწიფოს, გვჭირდება ჩვენ. დღეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც მთავრობას სჭირდება საზოგადოების გვერდში დგომა.

- მსოფლიოში უკვე ბევრს ლაპარაკობენ იმ ეკონომიკურ კრიზისზე, რაც აუცილებლად მოჰყვება პანდემიას, ჩვენი ისედაც სუსტი ეკონომიკის გამო კი შექმნილ ვითარებას შეიძლება დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს. მოგეხსენებათ, 13 მარტს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ გუნდთან ერთად ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების გეგმა წარმოადგინა. პრემიერის თქმით, კონკრეტული ღონისძიებების გატარების შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გაჩნდება... - ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მექანიზმია. სასიხარულოა, რომ ამას აჰყვა კერძო სექტორიც, ვგულისხმობ საბანკო სისტემას. იმედია, გადავლახავთ ამ გამოწვევას, თუ იქნება სახელმწიფოს, კერძო სექტორის, საზოგადოების ერთიანობის არა მხოლოდ განცდა, არამედ რეალური თანამშრომლობა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უფრო მალე დავძლევთ კრიზისს. უნდა შევეგუოთ, რომ პრობლემა არსებობს, სავარაუდოდ, დაინფიცირების შემთხვევებიც კიდევ იქნება, მაგრამ მთავარია, მშვიდად და რაციონალურად მივუდგეთ პრობლემის გადაჭრას. მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს გაჭირვების გამკლავების გამოცდილებაც დ პასუხისმგებლობაც.

- მას მერე, რაც მთავრობამ ეს 6-პუნქტიანი გეგმა გაახმაურა, გაისმა ასეთი შეფასებებიც, რომ "ქართულმა ოცნებამ" კორონავირუსი შესაძლოა წინასაარჩევნოდ ქულების დასაწერად გამოიყენოს. არ ვიცი, ეს მიზანმიმართულად როგორ შეიძლება გააკეთოს, მაგრამ ფაქტია, ის, თუ როგორ გაუმკლავდება სახელისუფლებო პარტია კრიზისს, საპარლამენტო არჩევნების შედეგზეც აისახება... - აქსიომაა, რომ ხელისუფლება ყველაზე მეტად სწორედ კრიზისულ ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილებებით და გატარებული ღონისძიებებით ფასდება. სიმართლე გითხრათ, პირადად მე, მთავრობისგან ამ თემის პოლიტიზების მცდელობა არ დამინახავს. იმის გამო, რომ წინ არჩევნებია, ხელისუფლება არ უნდა დაეხმაროს ბიზნესს, რომელსაც კორონავირუსის გამო პრობლემები შეექმნა?! ჯერჯერობით მთავრობა კონცენტრირებულია კორონავირუსის საკითხზე, თუმცა ამას პოლიტიკური პროცესებისთვის ხელი არ შეუშლია. სასიამოვნოა, რომ ოპოზიციამაც ერთგვარი მორატორიუმი გამოაცხადა და ჯერ კიდევ იმ ცნობილ შეთანხმებამდე თქვა, რომ 4 აპრილისთვის დაანონსებული საპროტეტსო აქცია არ ჩატარდება. ესეც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენა და ნამდვილად სწორი საქციელი იყო. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. დღეს მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ეს გლობალური კრიზისი გადალახოს. მზად უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი აკრაძალვების შემოღება, რასაც ყველა გაგებით უნდა შევხვდეთ. კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ ეს ისევ და ისევ ჩვენი კეთილდღეობისთვის გაკეთდება. ნამდვილად არა გვაქვს პანიკისა და ჭორების აყოლის საფუძველი, რაც მესმის, ვთქვათ, სურსათის მარაგის ამოწურვაზე. ამგვარი საფრთხე არ არსებობს, სავაჭრო ურთიერთობები არავის შეუჩერებია. აკრძალვა, რაც შეეხებოდა მგზავრთა ნაკადს, არ ნიშნავს, რომ ტვირთებზეც ვრცელდება. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არავის აუკრძალავს. გარდა ამისა, დღეს მსოფლიოში კორონავირუსის გამო პროდუქტის სიმცირე კი არა, ჭარბი წარმოებაა პრობლემა.

- შედგა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ძალზე მნიშვნელოვანი შეთანხმება. როგორ ფიქრობთ, თუ ეს მოდელი კანონად იქცა, ვის რა შანსს აძლევს? - მისასალმებელია, რომ შეთანხმება შედგა. გაჩნდა იმედი, რომ დაპირისპირება, რომელიც ცამოწმენდილზე დაიწყო და რამაც ქვეყანა ცუდ ვითარებაში ჩააყენა, დაიძლია. ვგულისხმობ პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, რასაც ქვეყანაში მღელვარება მოჰყვა და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამან ქვეყნის იმიჯს ავნო. დასანანია, რომ ამაზე დაიხარჯა ლამის ნახევარი წელი, თანაც ისე, რომ საქართველომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების არაერთი შენიშვნა, კრიტიკა და მითითება დაიმსახურა, არადა, თუ ხელისუფლება იმ ცვლილებებს არ ჩააგდებდა, ის გაცილებით უკეთეს პოზიციაში იქნებოდა, ვიდრე დღეს არის. არავის გაუჩნდებოდა განცდა, რომ "ქართულ ოცნებას" ძალით დაათმობინეს რაღაც და მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩაიწერებოდა მის გაკეთებულ კარგ საქმედ. ბუნებრივია, ეს კარგი იქნებოდა ქვეყნისთვისაც - არ იქნებოდა დაპირისპირება და ჩვენი უცხოელი მეგობრების არც ამდენი კრიტიკული განცხადება.

იმედია, შეცდომები ჭკუას გვასწავლის და მიღწეული შეთანხმება რეალობად იქცევა, აღარ იქნება სიურპრიზები - ე.წ. მაჟორიტართა ჯანყი ან სხვა მსგავსი რამ და ყველაფერი ეს აისახება კანონმდებლობაში. ამ შეთანხმებით მიღებული ცვლილებები ნამდვილად მაქსიმალურად უზრუნველყოფს გამჭვირვალე არჩევნებს და ამომრჩევლის ნების რეალურ ასახვას.

ახლა რაც შეეხება შანსს. ჩემი აზრით, პოლიტიკურმა ძალებმა რამდენიმე საკითხს უნდა მიაქციონ ყურადღება. პირველი - ეს შეთანხმება არის ქართველი საზოგადოების გამარჯვება და აძლიერებს ქართულ დემოკრატიას; მეორე - ამ პროცესმა აჩვენა, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია ქვეყნის დაყოფა ორ ფერად და დამოკიდებულება, თუ ჩემთან არა ხარ, ჩემი მტერი ხარო. ეს საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანებას და მწვავე პროტესტს იწვევს, მით უფრო ყველას მონათვლა "ნაცებად", ვინც კი ხელისუფლებაზე კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამს. ვფიქრობ, ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს; მესამე - ჩვენმა საზოგადოებამ ისიც აჩვენა, რომ მისთვის მიუღებელია რევანში. რამდენჯერაც მსგავსი რიტორიკა გაისმა, რასაც რევანშის ელფერი დაჰკრავდა, საზოგადოებამ ამას ძალიან უარყოფითად უპასუხა.

ეს უკვე ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ნათლად გამოხატა პოლიტიკური დაკვეთა - რომ შეიძლება ერთი რომელიმე პარტიის თუ პოლიტიკური ცენტრის ხელში იყოს კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლება. ეს შეთანხმება თვალსაჩინო შედეგია იმისა, რომ საზოგადოებას სურს ჰყავდეს დაბალანსებული და კარგად გადანაწილებული ხელისუფლება. თუ პოლიტიკური ძალები საზოგადოების ამ უმთავრეს გზავნილებს კარგად გაიგებენ, მათი შანსი იზრდება და რაც მთავარია, გამოჩნდა, რომ საზოგადოება მათგან ელოდება პოზიტიურ დღის წესრიგს და არა იმის მტკიცებას, რომ მეორე მხარე მათზე უარესია. მოკლედ, ვინც ამ ყველაფერს გაითვალისწინებს, მას არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი მიეცემა. პოლიტიკურ ძალებს არჩევნებამდე დიდი დრო აქვთ, რათა სწორი დასკვნები გამოიტანონ და შესაბამისად იმოქმედონ.

- არის საკითხი, რაც კვლავ გაურკვეველია. ვგულისხმობ პოლიტპატიმრების თემას. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მათ გათავისუფლებაზე ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი უარყოფენ. საინტერესოა, რომ გიგი უგულავამ პრეზიდენტს უკვე მიმართა შეწყალების შუამდგომლობით. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ კონკრეტულ პირებს არ გაათავისუფლებენ, ისინი შეთანხმების დანარჩენი ნაწილის შესახებ თავიანთ პოზიციას გადახედავენ. - ყოველთვის, ყველა მოცემულობაში, შიდა პოლიტიკასა თუ საერთაშორისო ურთიერთობებში, მოქმედებს ერთი პრინციპი - თუ გინდა საქმე გამოვიდეს, შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს.

ჩვენ არ ვიცით იმ საუბრის დეტალები, რაც ამ შეთანხმებას უსწრებდა წინ. ისიც გასაგებია, რომ ყველაფერი ტექსტში ვერ იქნებოდა ასახული. ძნელად წარმომიდგენია, ხელისუფლებას ხელი მოეწერა დოკუმენტზე ამგვარი ჩანაწერით და ეღიარებინა, რომ მას პოლიტპატიმრები ჰყავს, მაგრამ თვითონ ხომ იციან, რაზეც შეთანხმდნენ? ეს იციან შეხვედრების ინიციატორმა დიპლომატებმაც. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს, ბატონ კარლ ჰარცელს და სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს შეთანხმების მიღწევაში. მოკლედ, ვინც მოლაპარაკებას ესწრებოდა, ხომ ყველაფერი კარგად იცის, შესაბამისად, შეთანხმებიდან გადახვევა ან სხვანაირად გადათარგმნა გამოიწვევს უნდობლობას მათ მიმართ, ვინც ამას შეეცდება. ჩვენ ერთხელ გვქონდა პრეცედენტი, როდესაც ხელისუფლებამ გადააგდო ოპონენტებიც და საზოგადოებაც. სამწუხაროდ, ამით ჩვენი ხელისუფლების ავტორიტეტი შეილახა და მიიჩნევა, რომ მისი ნათქვამი გადამოწმებას საჭიროებს. კიდევ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა და საკუთარი პოლიტიკური ავტორიტეტის სასწორზე შეგდება, ძალიან სარისკოა. რაც შეეხება იმას, თუ რა იყო რეალურად შეთანხმების საგანი, ამას სულ მალე დავინახავთ. ვფიქრობ, სენატის საგარეო კომიტეტის განცხადებაში გამოჩნდა, რომ ერთგვარი სიტყვიერი შეთანხმება ზოგიერთი პირის გათავისუფლების თაობაზე არსებობს. ამაზე მიუთითებს უგულავას მიმართვაც. ვნახოთ, ვინ როგორ შეასრულებს შეთანხმების პირობას. ვიმეორებ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს, რომ მიღწეული შედეგი არის საქართველოს და ქართველი საზოგადოების გამარჯვება. შესაბამისად, პოლიტიკური ძალა თუ პოლიტიკოსი უნდა ცდილობდეს გამარჯვებულად წარმოაჩინოს სწორედ იდეა და საზოგადოება და არა საკუთარი თავი. ნუ გადაყრიან მიღწეულს წყალში და ნურც ვიწროპარტიულ გამარჯვებამდე დაიყვანენ.