"ახლა ხელსაყრელი ვითარებაა მათთვის, ვისაც ცუდი წარსულის ტვირთი არ აწევს" - კვირის პალიტრა

"ახლა ხელსაყრელი ვითარებაა მათთვის, ვისაც ცუდი წარსულის ტვირთი არ აწევს"

"მთავარი ბრძოლა, ალბათ, მაჟორიტარული ოლქების ფორმირების გამო წარიმართება. ამ საქმეში ხელისუფლებისგან იოლ დათმობას არ ველი, რადგან ეს მისთვის ბოლო იმედია"

ადეკვატურად შეხვდა თუ არა საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ახალ კორონავირუსს, რა ცვლილებებია მოსალოდნელი ქართულ პოლიტიკაში, ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გვესაუბრება.

- ამ დღეებმა მთავარი რამ დაგვანახა: ქართული სახელმწიფო და საზოგადოება ფსიქოლოგიურად მზად დახვდა კრიტიკულ ვითარებას და ჩვენი ექიმების ორგანიზებულობა ეჭვს არ იწვევს. დაავადებათა პრევენციის ცენტრი კარგად მუშაობს და, რაც მთავარია, პანიკა არ არის. ცხადია, გვესმის კრიტიკაც, მაგრამ ესეც ბუნებრივია, უამისოდ ქვეყანა არ განვითარდება. ჩვენც და მთელი მსოფლიოც პანდემიის საფრთხის წინაშე ვართ და ამ დროს სიმშვიდე აუცილებელია. პანიკამ შეიძლება გააასმაგოს ვირუსის გავრცელების სისწრაფე. ჩვენზე გაცილებით რთულ მდგომარეობაში არიან ის განვითარებული ან ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, სადაც საფრთხის მასშტაბი ვერ გაიაზრეს. ასეთია თუნდაც რუსეთი. ძნელი წარმოსადგენია, ამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ისეთი დაბალი დონე იყოს, როგორც აცხადებენ. როგორც ჩანს, რუსეთის ხელმძღვანელობა ცდილობს ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს პრობლემას დიდი მასშტაბისთვის არ მიუღწევია. ამაში საოცრად ჰგვანან კომუნისტ წინამორბედებს, ისინიც ხომ ბოლო მომენტამდე ყველაფერს მალავდნენ. ერთი კვირის განმავლობაში მალავდნენ ჩერნობილის კატასტროფას და ამიტომაც საბჭოთა კავშირი და ევროპის ნაწილი მის შედეგს დღესაც იმკის.

- ბოლო წლებში რუსეთში ჩინელების მიგრაცია ძალიან დიდია. - განუზომლად დიდია. საზღვარზე კონტროლი თითქმის მოშლილი აქვთ და წარმოუდგენელია, ვითარება ასეთი იდილიური იყოს. ამგვარი დამოკიდებულებით ისინი სხვა ქვეყნებსაც საფრთხეს უქმნიან.

- პოლიტიკურ თემებზე გადავიდეთ. ერთობლივად ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პრინციპით 120/30-ზე, რაც 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს ითვალისწინებს. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება. ასევე პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. მართალია, ამ შედეგს ლამის ნახევარი მსოფლიოს დიპლომატების ჩარევა დასჭირდა, მაგრამ ნაწილი მაინც არ არის დარწმუნებული, რომ არჩევნებამდე არაფერი შეიცვლება. - ეს შეთანხმება დამატებით ენერგიას შესძენს ოპოზიციას. ამასთან, ისიც საეჭვოა, რომ ოპოზიციის მთავარი სუბიექტების რეიტინგის მკვეთრი ზრდა იყოს. სამაგიეროდ, ხელსაყრელი ვითარებაა მათთვის, ვისაც ცუდი წარსულის ტვირთი არ აწევს.

რაც შეეხება "ოცნებას", არა მგონია, კიდევ ერთხელ დაარღვიოს შეთანხმება. ეს მისთვის მომაკვდინებელი იქნება. ვხედავთ, რომ დასავლელ პოლიტიკოსთა პოზიცია მათთვის არც ისე უმნიშვნელო ყოფილა... მაგრამ საწყენია, რომ ხელისუფლება დათმობაზე ადამ კინზინგერის მძიმე წერილის შემდეგ წავიდა, რომელშიც ის ამერიკის ადმინისტრაციის მოულოდნელ და მძიმე შესაძლო რეაქციაზე საუბრობდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ ამგვარი განცხადების საფუძველი აქვთ და "ქართული ოცნებისა" და მისი ზოგი ლიდერის საერთაშორისო ავტორიტეტი საეჭვოა... დასავლელი პარტნიორების აქტიურობა ლოგიკურია, რადგან დემოკრატია, სხვა ღირებულებებთან ერთად, ნიშნავს ამა თუ პოლიტიკური ჯგუფის უნარს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერი გზა არ გამოიყენოს. ამერიკას სურს ჩვენს რეგიონში ისეთი მოკავშირე ჰყავდეს, რომელიც მასთან როგორც პოლიტიკურად, ასევე ცივილიზაციის სხვა ნიშნებითაც იქნება ახლოს...

სრულიად უადგილოდ მეჩვენება ხელისუფლების მომხრეთა ჩივილი იმაზე, რომ დასავლეთი ჩვენს შინაურ საქმეებში ერევა. თუ ჩარევა მისაღები იყო 2012 წელს, როდესაც დასავლეთი სააკაშვილს არჩევნების შედეგების აღიარებას მოუწოდებდა, კეთილინებონ და ვითარება ახლაც ადეკვატურად შეაფასონ. როდესაც "ოცნებას" მოუწოდებენ, უარი თქვას ავტორიტარულ ტენდენციებზე, ეს უნდა გაითვალისწინოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ დასავლეთში გაჩნდა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, თუ რამდენად ერთგულობს ჩვენი ხელისუფლება დეკლარირებულ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას.

"ოცნება" სულ მალე იგრძნობს, თუ რა შეცდომა დაუშვა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული სალტო-მორტალეების გამო და თუ მისი პოლიტიკური ტექნოლოგიების სიმწირეს გავიხსენებთ, ალბათ, მდგომარეობის გამოსწორებას ისევ ტლანქად შეეცდება. მმართველი პარტია ახლა იმ ფაზაშია, როდესაც ახალს ვეღარაფერს ისწავლის და ძველ შეცდომებს ჯიუტად იმეორებს. როგორც ჩანს, ჯერაც ვერ გაიაზრეს, რა მძიმე შეცდომა იყო ანაკლიის პროექტის ჩაგდება და კონსორციუმის ხელმძღვანელების სამართლებრივი დევნა. როცა შეცდომებზე ვლაპარაკობთ, უნდა გავიხსენოთ სასამართლო სისტემაში არსებული მწვავე პრობლემები, მაჟორიტარებისა და აშკარად პრორუსული პოლიტიკური ძალებისა და მოძრაობების მეშვეობით დემოკრატიული ფასადის შექმნის მცდელობა და ა.შ.

ჩვენ რომ ევროატლანტიკური ოჯახის წევრობის სურვილი არ გვქონდეს, ყველაფერ ამას, ალბათ, ვერავინ შეამჩნევდა, მაგრამ თუკი გვსურს, მაშინ უნდა ვიცავდეთ ამ ოჯახში მიღებულ თამაშის წესებს და სამართალი მაშინ არ უნდა გვახსენდებოდეს, როცა ის პოლიტიკური მიზნებისთვის გვჭირდება.

მთავარი ბრძოლა, ალბათ, მაჟორიტარული ოლქების ფორმირების გამო წარიმართება. ამ საქმეში ხელისუფლებისგან იოლ დათმობას არ ველი, რადგან ეს მისთვის ბოლო იმედია.

- როგორია ოპოზიციის შანსი ამ არჩევნებში?

- ოპოზიციურ ძალებს თუ წარმატება სურთ, მისმა სუბიექტებმა უნდა განაგრძონ თემატური თანამშრომლობა. მმართველი პარტია ხომ ჯერ არ დამარცხებულა. წარმატებისთვის, სულ მცირე, "ოცნებას" უნდა წაართვან ისეთი ძლიერი ინსტრუმენტი, როგორიც მაჟორიტარები არიან.

- რამდენად სავარაუდოა, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას საფრთხე შეექმნას? - დიდ პოლიტიკურ რყევებს არ ველი, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთ დროს პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება და იმავდროულად, მისი ხისტი ქმედებებით იკვებებიან ოპოზიციის რადიკალური ძალები. ასე რომ,""ოცნების" სიხისტეს შესაძლოა ის მოჰყვეს, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი და მათი მხარდამჭერები გაერთიანდებიან და მოხდება ის, რაც 2003-ში ან 2012 წელს მოხდა.