"ოპოზიციასთან დიალოგი რომ შედგა, ეს ჩვენი მუშაობის შედეგია" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციასთან დიალოგი რომ შედგა, ეს ჩვენი მუშაობის შედეგია"

"ოპოზიციონერ ლიდერებს არჩევნებში ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ და სპეკულაციური მეთოდებით ცდილობენ სიტუაციის არევას"

"ჩვენ მომხრე ვართ პოლიტპატიმრების გათავისუფლების, მაგრამ ასეთს ვერავის მივაგენით", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი აზრით, ოპოზიციონერ ლიდერებს შეთანხმების შესრულება არ სურთ და კონკრეტული პირების პატიმრობიდან გათავისუფლების საბაბით რევოლუციური სცენარისთვის ემზადებიან. ამ თემაზე უფრო ვრცლად თავად მმართველი გუნდის წევრი გვესაუბრება.

- ჩვენ სიტყვასიტყვით შევასრულებთ ყველაფერს, რაც ქაღალდზე გადავიტანეთ - კონკრეტულსაც და ზოგადსაც. რაც შეეხება ოპოზიციონერ ლიდერებს, თუ მათ არჩევნებში ხალხის მხარდაჭერის იმედი არა აქვთ და სპეკულაციური მეთოდებით ცდილობენ სიტუაციის არევას, მათი პრობლემაა. არა მგონია, მათ ქმედებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების დადებითი შეფასება მოჰყვეს. როგორც იცით, საკონსტიტუციო ინიცირება უკვე დაწყებულია, შეიქმნება კომისია, რომელიც იმსჯელებს, თუ როგორ უნდა მოხდეს სახალხო განხილვა. კორონავირუსის გამო, ალბათ, ფორმატი გარკვეულწილად შეიცვლება, თუმცა საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ უგულავას, რურუას, ოქრუაშვილისა და თამლიანის გათავისუფლება გართულებული პროცესიდან გამოსავალი იქნება? - ჩვენ რა, მათი გათავისუფლების სამართლებრივი ბერკეტი გვაქვს?

- უგულავამ პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. როგორ გგონიათ, შეიწყალებს მას პრეზიდენტი ზურაბიშვილი? - არც ვიცი და არც მართებულად მიმაჩნია ამ საკითხზე საუბარი.

- საარჩევნო სისტემის ვერსია 120/30 მოდელი ე.წ. 40%-იანი ჩამკეტით თქვენი გუნდის კომპრომისული ვარიანტია? - სწორედ კომპრომისული პოზიციის შედეგია 120/30-ის მოდელი. შერეული საარჩევნო მოდელი, რომელიც ახლა გვაქვს, არაფრით არ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს. ეუთოს ოდირის დასკვნაში წერია, რომ ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს შერეული საარჩევნო სისტემა ექნება, სრულად პროპორციული თუ სრულად მაჟორიტარული. უბრალოდ, ჩვენი ძვირფასი ოპოზიციონერი ლიდერები მიზეზებს ეძებენ. იციან, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არა აქვთ და შიდარესურსით არჩევნებს ვერ მოიგებენ. ამიტომ ცდილობენ დასავლელი პარტნიორების საშუალებით ხელისუფლებაზე ზეწოლას. ჩვენ კი იმის გამო, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს, ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას, კომპრომისზე წავედით და მივიღეთ 120/30 საარჩევნო მოდელი.

- გამოდის, თქვენ დასავლელ პარტნიორებს უფრო მეტ ანგარიშს უწევთ, ვიდრე საზოგადოების ნაწილს.

- რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?

- თუნდაც ის ფაქტი, რომ კომპრომისზე მხოლოდ მას შემდეგ წახვედით, რაც საქმეში უცხოელი პარტნიორები ჩაერთვნენ. - ჩვენ გვინდა, რომ ოპოზიციამაც ისწავლოს კომპრომისებზე წასვლა, თუმცა ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე არანაირ დათმობაზე არ წამოსულან. არც პარლამენტში შემოსვლასა და პოლიტიკური პროცესების საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელებაზე დაგვთანხმდნენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში არც გველაპარაკებოდნენ. ჩვენი უცხოელი პარტნიორები დაგვეხმარნენ, რომ ოპოზიციონერი ლიდერები როგორმე მოლაპარაკების მაგიდასთან დაგვესხა. დიალოგი რომ შედგა, ეს ჩვენი მუშაობის შედეგია.

- ოპოზიცია ამბობს, რომ მოლაპარაკების ჩიხში შესვლა გიგი უგულავას დაპატიმრებამ განაპირობა.

- სინამდვილეში გიგი უგულავას დაპატიმრება ბიუჯეტიდან 48 მილიონი ლარის მოპარვამ განაპირობა.

- გასაგებია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩვენი ხელისუფლების შესახებ კრიტიკულ განცხადებებს რამდენად იზიარებთ? - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მსგავსი ტიპის კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდა წინა ხელისუფლების დროსაც. ბუნებრივია, პარტნიორები პრობლემებსა და ხარვეზებზე მიგვითითებენ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოზიტივებზეც არის საუბარი.

ხათუნა ბახტურიძე