"რა უნდა ექნა ხელისუფლებას, თავისი მოქალაქე, რომელიც იტალიიდან ან ჩინეთიდან სხვა ქვეყნის გავლით შემოდიოდა, არ შემოეშვა?" - კვირის პალიტრა

"რა უნდა ექნა ხელისუფლებას, თავისი მოქალაქე, რომელიც იტალიიდან ან ჩინეთიდან სხვა ქვეყნის გავლით შემოდიოდა, არ შემოეშვა?"

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, პანიკის საფუძველი არ არსებობსო, თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საფრთხე დაძლეულია. მათივე თქმით, პრობლემები, რომლებიც შეიძლება ვითარების გართულებას მოჰყვეს, ძნელი გასათვლელია, ამიტომ ყოველთვის უნდა არსებობდეს სამი სცენარი...

ამირან სალუქვაძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში: - ჩინეთმა მოახერხა, უმოკლეს დროში დიდ მასშტაბებს შებრძოლებოდა. ვერ წარმომიდგენია, სხვა რომელიმე ქვეყანამ მსგავსი რამ შეძლოს, მაგალითად, ამერიკამ და მით უფრო - რუსეთმა, რომელსაც ამის პოტენციალი არა აქვს. ევროპის წამყვან სახელმწიფოებსაც ძალიან უჭირთ. მათ სათანადოდ ვერ გააცნობიერეს საფრთხე, რომელიც ამ ვირუსს ახლავს, გვიან გამოფხიზლდნენ, ზოგი კი ჯერაც არ გამოფხიზლებულა.

- თუმცა ითქვა, რომ საქართველომაც დააგვიანა საზღვრის ჩაკეტვა.

- ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია და სამარცხვინო განცხადება ასეთი განსაცდელის დროს. ასეთი განცხადებების ავტორებს, ეტყობა, არ ახსოვთ, როგორ იქცეოდნენ თვითონ წინასაომარ და ომის პერიოდებში - სამხედრო მმართველობაში ერეოდნენ, სამოქალაქო თავდაცვა, ფაქტობრივად, არ არსებობდა... რა უნდა ექნა საქართველოს ხელისუფლებას, თავისი მოქალაქე, რომელიც იტალიიდან ან ჩინეთიდან სხვა ქვეყნის გავლით შემოდიოდა, არ შემოეშვა?

ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსნაირი მწირი რესურსების ქვეყნისთვის ასეთი იოლი არ არის.

ამირან სალუქვაძე

დაახლოებით ერთი თვის წინ ჩინეთში 75 ათასი ავიარეისი გაუქმდა; ეს არის 1,5-მილიარდიანი ქვეყანა და უდიდესი ზარალი მიიღეს. ამერიკამ შეაჩერა ავიამიმოსვლა შენგენის ქვეყნებთან და ავიაკომპანიები უზარმაზარ ზარალზე ალაპარაკდნენ...

წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან საქართველოს ავიაკომპანიები! ეს ყველაფერი მაშინვე რომ აეკრძალათ, არ იქნებოდა 30, მაგრამ იქნებოდა 15 შემთხვევა და რა შეიცვლებოდა ამით?.. გერმანია ევროპაში ერთ-ერთი უმძლავრესი ეკონომიკის ქვეყანაა, ძალიან მოწესრიგებული, პუნქტუალური მოსახლეობით, მაგრამ მისმა კანცლერმა განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ალბათ 70% დაინფიცირდება... ეს ნიშნავს, რომ შიდა სიტუაცია იმაზე მწვავეა, ვიდრე გარედან ჩანს.

ჩვენი ხელისუფლება თავის საქმეს ძალიან სწორად აკეთებს; ჯერჯერობით არც ერთი ჩავარდნა არ გვქონია. ეს არის პრობლემა, რომელსაც სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან ერთად უნდა გავუმკლავდეთ.

- თუ ვითარება გამწვავდა, როგორ უნდა განსაზღვროს ხელისუფლებამ პრიორიტეტები?

- ეს არ არის სტანდარტული სიტუაცია. ძნელია, თუნდაც რომელიმე განვითარებული ქვეყნის მაგალითით ვიმოქმედოთ. უნდა მიჰყვნენ დინამიკას, ვირუსის გავრცელების კონტროლის კვალდაკვალ აკონტროლონ სხვა უწყებებიც, მოაგვარონ უსაფრთხოების საკითხები, რათა ვიღაცებმა დრო არ იხელთონ და სოროებიდან არ გამოძვრნენ - ვგულისხმობ ქურდობებსა და სხვა სახის დანაშაულებს.

უნდა გაგრძელდეს მკაცრი სანიტარიული და სადეზინფექციო მუშაობა ყველა საჯარო თუ არასაჯარო დაწესებულებაში, გამკაცრდეს კონტროლი, მობილიზებული იყოს ყველა საჭირო სტრუქტურა - შეიარაღებული ძალები იქნება, შსს თუ სხვა სახელმწიფო ინსტიტუციები...

წამით არ უნდა მოვდუნდეთ არც ერთი მიმართულებით; იმავდროულად, მუდმივად უნდა ვამაღლებდეთ მოსახლეობის სამოქალაქო თვითშეგნებას, რათა ამ მძიმე ბრძოლაში ყველამ თავისი როლი გააცნობიეროს.

ეს არ არის საომარი ვითარება, როდესაც რაღაცების განსაზღვრა წინასწარ შეიძლება. სპეციფიკურ ვირუსია, რომლის მკურნალობა და მასთან ბრძოლისა თუ პრევენციის გზებიც სპეციფიკურია.

ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა, სწორია, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცები ქირქილებენ, იტალიაში პრემიერ-მინისტრი გამოდის, საფრანგეთში - სხვა მაღალჩინოსანი, საქართველოში კი ყველაფერი ჯანდაცვის სისტემას მიანდვესო. ეს უპასუხისგმებლო განცხადებაა. მაშ, ვისთვის უნდა მიენდოთ?! ეს მათი სფეროა, ამ შემთხვევაში სწორედ ამ უწყებამ უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები, რათა საზოგადოების წინაშე არსებული საფრთხე შემცირდეს.

რაც შეეხება საწოლების რაოდენობასა და ინფრასტრუქტურის სიმცირეს, ასეთ პრობლემებს გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია ვერ გაუმკლავდნენ. იტალიას ჩინეთმა გაუგზავნა სავენტილაციო ფილტრები და ადამიანური რესურსი. საიდან და რატომ უნდა ჰქონოდათ საქართველოში საავადმყოფოებს ასეთი რაღაცების მარაგი? იტალიაში, სადაც ძალიან კარგად განვითარებული ჯანდაცვის სისტემაა, ისე დამძიმდა ვითარება, რომ პაციენტების შერჩევამ მოუწიათ...

გასაგებია, რომ ოპოზიციაა და ხელისუფლება უნდა აკრიტიკოს, მაგრამ ასეთი განცხადებებით ისინი პირიქით, აფრთხობენ თავიანთ ამომრჩეველს. მართალია, ხელისუფლება იმისთვის გვყავს დაქირავებული, რომ ფეხი აუწყოს რთულ და არასტანდარტულ ვითარებას, მაგრამ ოპოზიციასაც ხომ აკისრია თავისი წილი პასუხისმგებლობა?!

კარგია, რომ უკვე შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს. ალბათ, ფიქრობენ მოსალოდნელ დეფიციტსა და სხვა პრობლემებზე. იხილეთ სრულად