დავით ზალკალიანი განმარტავს, ვის არ შეეხება საქართველოში შემოსვლის აკრძალვა - კვირის პალიტრა

დავით ზალკალიანი განმარტავს, ვის არ შეეხება საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი განმარტავს, რა შემთხვევაში იმოქმედებს გამონაკლისები და ვის არ შეეხება საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

როგორც ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, გამონაკლისი შეეხება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს, ასევე ოჯახებს, სადაც ერთი მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი საქართველოს მოქალაქეა.

"ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოსვლა იკრძალება. იქნება, რა თქმა უნდა, გარკვეული გამონაკლისები. ეს შეეხებათ, პირველ რიგში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს და მათ ოჯახებს. ასევე შერეულ ოჯახებს, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე, ეს არის მეუღლე ან არასრულწოვანი შვილი. ამავე დროს ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებს, თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა - ექიმები, მოხალისეები, ასევე სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის და საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებს. რა თქმა უნდა, ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველი შემთხვევისთვის ინდივიდუალურად",- განაცხადა ზალკალიანმა.

"ინტერპრესნიუსი"