"ახალი ლიდერი შეიძლება წლეულსვე დაამხონ" - რა ხდება აფხაზეთში? - კვირის პალიტრა

"ახალი ლიდერი შეიძლება წლეულსვე დაამხონ" - რა ხდება აფხაზეთში?

რუსულ გაზეთ "იზვესტია"-ში ("Известия") გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია, სათაურით:  "უმაღლესი გააფხაზება: კავკასიურ რესპუბლიკაში ისევ პრეზიდენტს ირჩევენ // ახალი ლიდერი შეიძლება წლეულსვე დაამხონ" (ავტორი - იგორ კარმაზინი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია აფხაზეთში მიმდინარე საარჩევნო პროცესი. როგორც ცნობილია, საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ამ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს უნდა ჩატარდეს. ავტორი წერს, რომ ამჟამად პრეზიდენტის სავარძლის დაკავება 9 კანდიდატს სურს, მაგრამ მათ შორის ასლან ბჟანია ლიდერობს, იგი ნომერ პირველ კანდიდატად მიიჩნევა.

"ასლან ბჟანიას რამდენიმე უპირატესობა აქვს: ჯერ ერთი, რომ მას შეუძლია კლანების ინტერესების დაბალანსება. სწორედ მისმა ძალისხმევამ ააცილა აფხაზეთს სისხლისღვრა: ასლან ბჟანია პირადად ესაუბრა რაულ ხაჯიმბას, რის შემდეგაც იგი გადადგა. მეორე მომენტი - ასლან ბჯანიას მართვის გამოცდილება აქვს - იგი რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი იყო. მესამე - ასლან ბჟანიას საარჩევნო შტაბს ე.წ. ექსპრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ხელმძღვანელობს. მას, ასაკის გამო, "საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობის უფლება აღარ აქვს, მაგრამ როგორც ამბობენ, თუ ასლან ბჟანია ე.წ. პრეზიდენტი გახდება, ალექსანდრე ანქვაბი ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. გარდა ამისა, ასლან ბჯანიას უპირატესობა იმაშიც გამოიხატება, რომ მან ყველაზე კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომლის მთავარი თეზისებია კორუფციასთან ბრძოლა, სახელმწიფო აპარატის, სამართალდამცველი სისტემის და სასამართლოს რეფორმა...

ასლან ბჟანია ასევე აუცილებლად მიიჩნევს საქართველოსთან დიალოგის დაწყებას. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ სოხუმსა და თბილისს შორის თანამშრომლობა უკვე ხორციელდება, მაგალითად, ენგურჰესის ერთობლივად მართვის საქმეში, აფხაზეთის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის სფეროში, თხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობის დარგში. ამასთანავე, როგორც ის აღნიშნავს, დიალოგის დროს აფხაზეთის სახემწიფოებრიობის საკითხის განხილვა დაუშვებელია, თუმცა რიგ მომენტებში შესაძლებლად მიიჩნევს ერთობლივ მუშაობას (მაგალითად, ტრანსასაზღვრო დანაშაულებთან ბრძოლაში).

ასლან ბჟანიას მთავარი პრობლემა მისი ჯაბნმრთელობაა - მარტის დასაწყისში იგი საავადმყოფოში დააწვინეს. ვერსიები რამდენიმეა - მოწამლეს თუ პნევმონია დაუდგინეს. 14 მარტს ასლან ბჟანია კრასნოდარის საავადმყოფოდან გაეწერა და აფხაზეთში დაბრუნდა.

კიდევ ერთი კანდიდატი ადგურ არძინბაა, ეკონომიკის დე ფაქტო ექსმინისტრი და პირველი ე.წ. პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავი. იგი ამომრჩევლებს საგადასახადო რეფორმის გატარებას სთავაზობს, წინააღმდეგია, რომ აფხაზეთში ქონება უცხოელებზე გაიყიდოს, არ სურს საქართველოსთან დიალოგი. ადგურ არძინბას ნაკლოვანება ისაა, რომ იგი ახალგაზრდაა, 38 წლის. ამიტომ კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლების აზრით, მას გამოცდილება აკლია.

მესამე კანდიდატს ლეონიდ ძაფშბა წარმოადგენს, იგი ორჯერ ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა რაიმე წარმატებისათვის არ მიუღწევია. დღეს აფხაზეთში სამართალდამცველ სტრუქტურებს მწვავედ აკრიტიკებენ და ამ ფონზე ლეონიდ ძაფშბას პერსპექტივა უფრო უარესია სხვებთან შედარებით.

პროგნოზების მიხედვით, ასლან ბჟანია უკვე პირველივე ტურში გაიმარჯვებს - ხმების მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც. ზოგიერთი ვარაუდით, ბჟანია და არძინბა 22 მარტს 45-48% მოაგროვებენ და ამრიგად, გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება.

დამკვირვებლების აზრით, პოლიტიკური კრიზისი არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება: "აფხაზეთში უმუშევრობა მეფობს, გავრცელებულია ნარკომანია, უამრავი საგზაო ავარია ხდება. მედიცინა დეგრადირებულია, დანგრეულია ინფრასტრუქტურა. მოსახლეობა ძლიერ ლიდერის მოსვლას ელოდება, რომელიც ქურდ ჩინოვნიკებს გაუსწორდება. ამასთანავე, ასეთი მოლოდინები გადაჭარბებულია, რადგან ფინანსური სახსრები უდარდელი ცხოვრებისათვის არასაკმარისია", - ამბობს "იზვესტიასთან" საუბარში აფხაზი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი. მისი თქმით, ახალარცეული ლიდერისთვის იმედგაცრუება სულ მალე დადგება. დიდი ალბათობით, ახლადარჩეული პრეზიდენტი თავისი მმართველობის ვადას ბოლომდე ვერ დაასრულებს. არჩევნების შემდეგ სულ მალე ახალი პოლიტიკური კრიზისი დაიწყება.

აფხაზი პოლიტოლოგის ინალ ხაშიგის აზრითაც, ვინც არ უნდა იქნეს არჩეული, ის თანამდებობას, ალბათ, წლის ბოლომდე დაკარგავს: "იდეალურ სიტუაციაში ყველა მოწინააღმდეგე არჩევნების შემდეგ მაგიდას უნდა მიუსხდნენ და რეფორმების გატარებაზე მოილაპარაკონ. პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ნაწილი პარლამენტს უნდა გადასცეს, უნდა გატარდეს სამართლდამცველი სისტემის რეფორმა... მაგრამ ამისათვის წინაპირობები არ არსებობს", - ამბობს ანალიტიკოსი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ