"ირანის მთავრობა ელოდება, რომ მისი მეგობარი საქართველო სთხოვს აშშ-ს, რომ..." - რა მისწერა ირანელმა დიპლომატმა გახარიას? - კვირის პალიტრა

"ირანის მთავრობა ელოდება, რომ მისი მეგობარი საქართველო სთხოვს აშშ-ს, რომ..." - რა მისწერა ირანელმა დიპლომატმა გახარიას?

"ირანელი დიპლომატი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციების იგნორირება მოახდინონ", - ამ სათაურით აქვეყნებს მასალას ირანის საინფორმაციო სააგენტო "ირნა", რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:

"ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს შეუერთდეს კამპანიას, რომლის მიზანს ირანისადმი გამოცხადებული აშშ-ის რეპრესიული სანქციების იგნორირება წარმოადგენს.

"კორონავირუსის პანდემიის პირობებში აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება და ერთმანეთთან თანამშრომლობა. სხვა ქვეყნებთან ერთად, ირანიც ებრძვის ახალ კორონავირუსს, მაგრამ მიღებული სანიტარული ზომების მიუხედავად, ვირუსი მაინც ვრცელდება, იღუპებიან ადამიანები, მსხვერპლი დიდია", - წერს ირანის ელჩი და იმავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებს:

"მაშინ, როცა ბოლო კვირეების განმავლობაში ირანელი ხალხი ვირუსის აფეთქებას ებრძვის, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ცალმხრივი და არაადამიანური სანქციები ხელს უშლის ირანის ხელისუფლებასა და მთავრობას ეპიდემიასთან ბრძოლაში. ეს გენოციდის ერთგვარი სახეა", - აღნიშნავს ირანელი დიპლომატი.

"იმ ურთულეს პირობებში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება, ირანის მთავრობა ელოდება, რომ მისი მეგობარი საქართველო გამოავლენს თავის რეაქციას აშშ-ის ცალმხრივი პოლიტიკის მიმართ და სთხოვს მას, რომ უახლოეს ხანში შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციები, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანების სიცოცხლეზე", - აღნიშნავს სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი. წყარო

თარგმნა სიმონ კილაძემ