ხაჩიძე ”გააუქმეს” - კვირის პალიტრა

ხაჩიძე ”გააუქმეს”

უკვე წელიწადზე მეტია, ჩვენი მოსახლეობა, იგივე მაყურებელი, თვალს ადევნებს ქართველი "მეტყევეების" "საჯარო" დაჭერებს -ხან ჩინიანების, ხანაც უჩინოების.

საქმე იქამდე მივიდა, რომ "გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების" მინისტრის ბიძაშვილმა, სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, პაპუნა ხაჩიძემაც დაუმშვენა ერთ მშვენიერ დღეს სოსო თოფურიძეს გვერდი.

ყოველივე ამას განსაკუთრებულ ლაზათს მატებდა, ბოლო ხანებში, საქართველოს ტყეებში აბრიალებული ხანძრები, რომლებსაც ხან თავად მეტყევეებს აბრალებდნენ–თავიანთი დანაშაულის კვალს სპობენო, ხანაც მათგან გამწარებული მოსახლეობის სასტიკ შურისძიებად რაცხავდნენ.

ფაქტი ერთია: ჩვენი ღატაკი გლეხის გადაგდებული "უფილტროს" "ბიჩოკი" ნამდვილად ვერ გააჩენდა ამოდენა ცეცხლს. ყველანი სულმოუთქმელად ველოდით ამ მართლაც, სახალხო "რეალითი შოუს" კულმინაციას, ანუ, პირდაპირ ვთქვათ -ხაჩიძეს რაღას უზამდნენ, როგორ გამოიყვანდნენ ამ "საინტერესო" მდგომარეობიდან. "შოუს" დასასრული ბრწყინვალე აღმოჩნდა -გოგა ხაჩიძე აღარ არსებობს და ისიც დაივიწყეთ, რომ ოდესმე არსებობდაო... აღარც მისი სამინისტრო არსებობს, აღარც სატყეო დეპარტამენტი, აღარც.... აქ შევჩერდები, რადგან ჩემთვის ძვირფასს მივადექი, თორემ ამათ სამინისტროსა და დეპარტამენტებსაც გასჩენია ერთ დღეს... ხანძარი.

მიმიხვდი, ალბათ, ჩემო მოწყენილო ნამდვილად არა, მაგრამ გამწარებულო მკითხველო: ამის შემდეგ იწყება ტყეები, წყაროები, მდინარეები, სოფლები, ქალაქები... ანუ ის, რასაც ჩვენს მიწა-წყალს ვეძახით.

ჰოდა, რატომ არ გავაგრძელე, რისი შემეშინდა... მე ეგეთ ხალხში არ მიტრიალია, ამიტომ მხოლოდ კინოფილმებიდან ვიცი სასტიკი მკვლელებისა და მაფიოზების საყვარელი "ფრთიანი" ფრაზა -"არ არის კაცი, არ არის პრობლემა!" (ისე, ამ ფრაზის ავტორობას სტალინს მიაწერენ).

ამ პრინციპის ცხოვრებაში გასატარებლად საჭიროა, რომ საკუთარ თავს მისცე ყველაფრის უფლება და შემდეგ სინდისმა არ შეგაწუხოს, თორემ დასუსტდები, ვეღარ "გაქაჩავ"... ნაცნობი მდგომარეობაა, არა, ჩემო გამწარებულო მკითხველო?!.. ისევ ჩემს შიშს ვუბრუნდები: ამათ თუ ეს პრინციპი აირჩიეს (თუ კი არა, ეგრეა) რა

გამოდის -ერთ მშვენიერ დღეს ეს ჩვენი მიწა-წყალიც პრობლემად რომ მოეჩვენოთ, მაშინ რაღა იქნება?! არა, როგორც პოეტმა თქვა, "ეგ ღმერთმა ნუ ქნას, ეგ ღმერთმა ნუ ქნას!"

ლადო გოგუაძე (სპეციალურად საიტისთვის)