"ტოტალურ აკრძალვებზე, ტოტალურ კარანტინზე, გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე საუბარი არ არის" - კვირის პალიტრა

"ტოტალურ აკრძალვებზე, ტოტალურ კარანტინზე, გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე საუბარი არ არის"

"საგანგებო სხდომაზე პრეზიდენტის ბრძანებას განვიხილავთ და წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დეკრეტი, რომელსაც დავამტკიცებთ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის სხვადასხვა ფორმას, კონკრეტულ შემთხვევებში, განსაზღვრავს დეკრეტი და მთავრობა შესაბამისად მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში.

"ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ტოტალურ აკრძალვებზე, ტოტალურ კარანტინზე, გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე. აქ საუბარია მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე, რომ საკარანტინო პირობები დაადგინოს და საკარანტინო პირობებისა და, ზოგადად, ამ რეჟიმის დარღვევისთვის შესაბამის სანქციები განსაზღვროს. არ იქნება გადაადგილების ისეთი შეზღუდვა, რომ ადამიანს არ შეეძლოს ერთი ადგილიდან დანიშნულების ადგილზე მისვლა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ამ მიმართულებით იქნება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტოტალური შეზღუდვები არ იქნება, თუ ამისი უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება. როცა ამ დღეებში რეკომენდაციები მიეცა სხვადასხვა დაწესებულებებს, სავაჭრო ობიექტებს, რომ დახურულიყვნენ, 99%-ის შემთხვევაში იყო ამაზე მზაობა, მაგრამ იყო იშვიათი გამონაკლისები, როცა არ ასრულებდნენ რეკომენდაციებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, უკვე ჩვენ შეგვეძლება სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებებით ასეთი ობიექტები დროებით დავხუროთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი იქნება დეკრეტში და 10 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალება.

"ამ გზით რისკებს მინიმუმამდე შევამცირებთ. შეკრებების შეზღუდვა მოგვცემს საშუალებას, რომ თუ მოლოდინი არის რაღაც რაოდენობის ადამიანების ინფიცირების, რადიკალურად შევამციროთ ინფიცირების ეს შესაძლებლობები და ჯანდაცვის სისტემას მივცეთ საშუალება, შედარებით თავისუფლად იმოქმედოს ვირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის აზრით, ჯარის გამოყენება და მსგავსი ღონისძიებების გატარება საჭირო არ იქნება. მისივე თქმით, დღის წესრიგშიც არ დამდგარა ჯარის გამოყენების საკითხი კონსულტაციებისა და საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრების დროს.

ამასთან, მისი შეფასებით, პოლიცია და ყველა შესაბამისი უწყება თავის საქმეს თავს ძალიან კარგად ართმევს. " ვხედავთ, რომ მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილიც მაღალი პასუხისმგებლობით უდგება ამ პროცესს. გარდა იმისა, რომ ჩვენ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა დავიცვათ და რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ, რომ ეკონომიკა არ დადგეს რისკის ქვეშ და მისი აღდგენის პოტენციალი ძალიან არ დავასუსტოთ. მოქალაქეები, როცა რეკომენდაციებს იცავენ, მარტო ჯანმრთელობაზე კი არ ზრუნავენ, არამედ უფრთხილდებიან ეკონომიკურ პოტენციალსაც", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.