"საგანგებო მდგომარეობა სურსათის შეძენას არ ზღუდავს - მოგიწოდებთ, მშვიდ რეჟიმში გავაგრძელოთ სურსათის შეძენა" - კვირის პალიტრა

"საგანგებო მდგომარეობა სურსათის შეძენას არ ზღუდავს - მოგიწოდებთ, მშვიდ რეჟიმში გავაგრძელოთ სურსათის შეძენა"

ჩვენს ქვეყანაში კომენდანტის საათი არ შემოდის, არავის გადაადგილება არ იზღუდება, - ამის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. მისივე განმარტებით, საცალო ქსელები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისად სურსათის შეძენა აბსოლუტურად არ იზღუდება.

"ის რაც დღეს ხდება სასურსათო მაღაზიებში ყოვლად მიუღებელია, ეს პრობლემას უქმნის თვითონ სუპერმარკეტის წარმომადგენლებს. დახლზე შეიძლება რამდენიმე პროდუქტი გარკვეული საათების განმავლობაში უბრალოდ არ იყოს, რასაც საფუძველი არა აქვს, რადგან მოწოდების და მარაგების კუთხით სრულად უზრუნველყოფილი ვართ. ეს შექმნის პრობლემებს უშუალოდ მოსახლეობისთვის, ასეთი ხალხმრავლობის პირობებში ჩვენ ვზრდით ეპიდემიოლოგიურად რისკებს. უბრალოდ მოგიწოდებთ, რომ სოლიდარულები ვიყოთ და მშვიდ რეჟიმში გავაგრძელოთ სურსათის შეძენა ისე, როგორც ამას ვაკეთებდით წინა დღეებში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის დავალებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად ქვეყანაში სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ იქნება. მარაგები საკმარისია, გახსნილია ლარსის საბაჟო პუნქტიც და სურსათი ჩვეულ რეჟიმში შემოდის. "მოსახლეობისთვის მგრძნობიარე სურსათის სახეობებზე - 9 პროდუქტზე, შევიმუშავეთ ფასები დაზღვევის მექანიზმი. გვქონდა შეხვედრა ფაქტობრივად ყველა სექტორთან და იმ 9 პროდუქტთან ერთად, არ გაიზრდება პურის ფასიც. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გარანტირებული იქნება სურსათის მიწოდება ქვეყანაში და პანიკის საფუძველი არ არსებობს“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"