რა შეზღუდვები დაწესდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და რა სანქციებია გათვალისწინებული მათი დარღვევის შემთხვევაში? - კვირის პალიტრა

რა შეზღუდვები დაწესდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და რა სანქციებია გათვალისწინებული მათი დარღვევის შემთხვევაში?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით.

აღნიშნულის შესახებ თალაკვაძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ საკითხს მხარი დაუჭირა.

"საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის და საგანგებო მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და ასევე 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან მიმართებაში, მთავრობას უფლება ეძლევა იზოლაციის ან კარანტინის წესების დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენოს ზომები. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლითან მიმართებაში, უფლება ეძლევა დაადგინოს იზოლაციის და კარანტინის წესები.

შეაჩეროს საერთაშორისო, სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა; დაარეგულიროს საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა; საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებაში, იზღუდება პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული პაემნის უფლება; საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან მიმართებაში, მთავრობას უფლება ეძლევა, განსაზღვროს საჯარო სერვისების და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები; საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებაში, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკური და იურიდიული პირების ქონება და მატერიალური საშუალებები;

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში, მთავრობას უფლება ეძლევა შეზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა; საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლთან მიმართებაში, მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ კერძო სამართლის სუბიექტებს აეკრძალოთ, შეეზღუდოთ ან დაევალოთ ცალკეული საქმიანობის განხორციელება; განისაზღვროს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური რეჟიმები; უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებაზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება; დაადგინოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, ზოგადი განათლების შესახებ, პროფესიული განათლების შესახებ, სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ, უმაღლესი განათლების შესახებ, საქართველოს კანონებით დადგენილი წესისგან განსხვავებული წესები და პირობები; საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია;

შეჩერდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული პროცენტული შეზღუდვები; მთავრობას უფლება ეძლევა სარეზერვო ფონდის მაქსიმალური მოცულობა გაზარდოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების მთლიანი ოდენობის 5%-მდე; მთავრობას ეძლევა უფლება, გამოიყენოს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვული საგამონაკლისო უფლებები და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 32-ე მუხლით განსაზღვული საგანგებო ბიუჯეტი; საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლება, შეაჩეროს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების, რესპუბლიკური ბიუჯეტების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფარგლებში, ასიგნებების ხარჯვის უფლებამოსილება. საქართველოს იუსტიციის მინისტრს ეძლევა უფლება, განსხვავებულად დაარეგულიროს პირობით მსჯავრდებულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმის დაცვის ვალდებულება და უფლებები; სასამართლოს სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილე არც ერთ პირს არ აქვს უფლება უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე, მასზე უშუალოდ დასწრების სურვილის მოტივით",- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. "საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: ადმინსიტრაციულ პასუხისმგებლობას- ჯარიმას ფიზიკური პირისთვის 3000 ლარის ოდენობით და იურიდიული პირისთვის 15 000 ლარის ოდენობით, თუმცა ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისას იურიდიული პირი იჯსება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმებით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. დეკრეტი ძალაშია გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე", - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გამო, ქვეყანაში ერთი თვით, 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

"ინტერპრესნიუსი"