"ამ ბრძოლაში ჩვენი მოკავშირეა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა, მტერი კი - პანიკა და სოციალური ეგოიზმი"
"ამ ბრძოლაში ჩვენი მოკავშირეა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა, მტერი კი - პანიკა და სოციალური ეგოიზმი"
"საჭიროა საზოგადოებრივი კონტროლიც. სოციალურ ქსელებში, ჯგუფებში ადამიანები, რომლებიც შეთქმულების თეორიებს ავითარებენ ან პანიკას თესავენ, ვამხილოთ და მათ სიცრუეს რეალური ფაქტები დავუპირისპიროთ"

21 მარტს, მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სახელით მიმართა პრეზიდენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად, რომელიც 21 აპრილამდე შენარჩუნდება. ეს უკავშირდება ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილ ვითარებას. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, პირველი ეტაპი, რომელიც ემსახურებოდა ვირუსის შეკავებას, დასრულებულია და ახლა
ქვეყანამ მისი მასშტაბურად გავრცელების წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ბევრი შეზღუდვის ამოქმედება, შესაძლოა, არც გახდეს საჭირო, მით უფრო, ეს არ შეეხება ისეთ უფლებებს, როგორიც არის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება. მისივე თქმით, მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად უნდა შეძლონ საკუთარი ვალდებულების შესრულება. ასევე, პრეზიდენტის
გამოცემული დეკრეტი არ ითვალისწინებს სრულ კარანტინს და კომენდანტის საათის შემოღებას.
სწორედ ამ გადაწყვეტილების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- ვფიქრობ, საგანგებო მდგომარეობის შემოღება დროული და სწორია. თითქოს არსებითად არაფერი შეიცვალა, შეზღუდვები მანამდეც მოქმედებდა, მაგრამ ვინაიდან არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, რა დროს რა შეზღუდვა დაგვჭირდება, ჯობს, საკანონმდებლო კუთხით ყველაფერი იყოს მზად, რომ ამა თუ იმ რეგულაციის შემოღება ოპერატიულად იყოს შესაძლებელი და ამას არ დასჭირდეს ფორსმაჟორში საკანონმდებლო პროცედურების ჩატარება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ხელისუფლებას გადაეცა ინსტრუმენტები, რომ როგორც კი საჭირო იქნება, გაამკაცროს შეზღუდვები, რაც აბსოლუტურად სწორია. ეს არის უფრო მზადყოფნის აქტი და ვერ ვიტყვით, რომ გადაწყვეტილება დაგვიანებულია. აქამდე ეს აუცილებელი არ იყო. ვიღაცამ შეიძლება ისიც კი იფიქროს, რომ ნაადრევია, მაგრამ თუ შევხედავთ დინამიკას, რისკი მაღალია, რისი გათვალისწინებაც აუცილებელი იყო... სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა, როგორც კარანტინის, ასევე კრიმინალის აფეთქების მიმართულებით, რისგანაც, სამწუხაროდ, დაზღვეული არა ვართ. ვფიქრობ, ახლა ხელისუფლებას აქვს იმდენი ნდობაც და ნებაც, რომ ეს ყველაფერი ბოროტად არ გამოიყენოს.

- საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ეს პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა კიდეც, რაც მართლაც სასიხარულოა. საინტერესოა, როგორ აფასებთ ხელისუფლების გატარებულ ზომებს?
- თუ თვალს გადავავლებთ, რა ხდება სამყაროში, ჩვენი ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ზომებით, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს არის უპირველესად ჩვენი ეპიდემიოლოგების, სამედიცინო პერსონალის და ყველა შესაბამისი დარგის სპეციალისტის დამსახურება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებაც გაცილებით ქმედითი გახდა, რაც ჩვენთვის, გარკვეულწილად, მოულოდნელიც იყო, თუმცა ამას აქვს თავისი ახსნა... გარდა იმისა, რომ სისტემა კარგად მუშაობს, შესაბამისი სამსახურებიც კარგად აკვირდებიან გარე სამყაროში მიმდინარე პროცესებს, აანალიზებენ და სწრაფად რეაგირებენ; შედეგად, თუ სხვები ერთი ნაბიჯით აგვიანებენ, ჩვენ ვცდილობთ, თუ ერთი ნაბიჯით წინ ვერა, დროულად მაინც გავატაროთ საჭირო ღონისძიებები. შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით ვირუსის გავრცელების შეკავების ვადებით საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო პოზიციაზეა.
- როგორც უკვე ბრძანეთ, მთავრობა გახდა ქმედითი, სწრაფად იღებს ეფექტიან გადაწყვეტილებებს, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მმართველობაში ყოფნის თითქმის ყველა ეტაპზე უჭირდა. როგორ შეიძლება ეს აიხსნას?
- აქამდე სისტემა ვერ მუშაობდა ეფექტიანად, რადგან ინსტიტუციური ცენტრები და ძალის ცენტრები ერთმანეთისგან იყო დაშორებული, ანუ ინსტიტუციური ცენტრები არ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ისინი მიიღებოდა სადღაც სხვაგან, ამიტომ მთელი სისტემა მუშაობდა შეფერხებით. რაკი გადაწყვეტილებები შესათანხმებელი ჰქონდათ რაღაც გაუგებარ ძალის ცენტრებში, ეს, რა თქმა უნდა, აყოვნებდა და ხშირად შეუძლებელსაც კი ხდიდა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებასა და დროულად განხორციელებას. გვქონდა ვითარება, როცა პრემიერ-მინისტრის კაბინეტზე წარწერა "პრემიერ-მინისტრი" იყო სიმბოლური და არავის ჰქონდა განცდა, რომ ის იღებდა გადაწყვეტილებებს, ან იყო რამეზე პასუხისმგებელი. დღეს, როგორც ჩანს, ეს ვითარება შეიცვალა, ანუ ინსტიტუციურ ცენტრებზე მათი რეალური ფუნქციების დელეგირება მოხდა; შეიძლება ითქვას, რომ კრიზისმა ინსტიტუციური წესრიგი აღადგინა. როგორც ჩანს, ძალის ცენტრს - ბიძინა ივანიშვილს შექმნილი ვითარების ბევრი არაფერი გაეგება და პროცესებისგან შორს დგას, სწორედ ამიტომ სახელმწიფოც დაემსგავსა სახელმწიფოს. ამ ვითარებაში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ინსტიტუციური წესრიგი. მოკლედ, ივანიშვილი გაერიდა ვითარებას და ეს სახელმწიფოს წაადგა. კრიზისის შემდეგაც თუ ასე გააგრძელებს, უკეთესი იქნება.

- ვიდრე შინაური ამბების მიმოხილვას გავაგრძელებთ, მინდა შევეხოთ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთმა თითქმის ორი თვის განმავლობაში დამალა ახალი ვირუსის აღმოჩენა, ვფიქრობ, ამერიკასაც და ევროპასაც ამ გამოწვევისთვის მოსამზადებლად მაინც ჰქონდათ დრო, რაც არ გამოიყენეს... რატომ აღმოჩნდნენ მსოფლიოს უპირველესი ქვეყნები ასეთ რთულ ვითარებაში?
- სამწუხაროდ, გამოცდილება აჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია საზოგადოების კეთილდღეობა, მით უფრო დაბალია სოციალური იმუნიტეტი. ანუ კეთილდღეობა გარკვეულწილად ასუსტებს ჩვენს თავდაცვით ინსტინქტებს, მობილიზება კი ამ დროს ძალიან ძნელია.

როდესაც გაქვს ორი მთავარი სიკეთე - თავისუფლება და კეთილდღეობა, მათი დათმობა და ახლებურ მობილიზაციასა და მკაცრ დისციპლინაზე გადასვლა, ურთულესია.­ ამ დროს ამ საზოგადოებებში სტრესის განცდა უფრო მძაფრია, სტრესის პირობებ­ში კი ადამიანები მთლად ადეკვატურად­ ვერ იქცევიან. ამ კრიზისულ ვითარებაში მათ უფრო უჭირთ. ისეთ ძლიერ გაერთიანებაში, როგორიც ევროკავშირია, ისეთი ბიუროკრატიული სისტემაა, რომ კოორდინირებული გადაწყვეტილებების მიღება რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ერთიანი სივრცეა, ქვეყნების მიხედვით რომ შევხედოთ ვითარებას, ბევრი განსხვავებაა დაავადებულთა სტატისტიკისა თუ კონტრზომების ხარისხით... მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ მეტი ინსტრუმენტი ამ პროცესის მართვისთვის, მათი გამოყენების ეფექტიანობა უფრო დაბალია, ვიდრე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამ ტიპის თავისუფალი საზოგადოების დისციპლინირება გაცილებით რთულია.

ჩინეთში განვითარებულ მოვლენებს რომ შევადაროთ, ვნახავთ, რა სწრაფად მოახერხა ჩინელმა საზოგადოებამ თვითდისციპლინის დამყარება და, ფაქტობრივად, პროცესის კონტროლი შეძლო. ევროპაში, სამწუხაროდ, ეს არ ხერხდება, თუმცა იქაც არის განსხვავება; მაგალითად, გერმანია, სადაც მენტალურად უფრო ორგანიზებული საზოგადოებაა, პროცესს მეტ-ნაკლებად მართავს; მართალია, გავრცელება მაღალია, მაგრამ სიკვდილიანობა ნაკლებია, განსხვავებით იტალიისგან, სადაც უმძიმესი მდგომარეობაა...

- ურთულესი დღეები უდგას მსოფლიოს და საქართველოსაც. რას მიიჩნევთ დღეს ჩვენი საზოგადოების მოკავშირედ, რაც მას გააძლიერებს და რას - მტრად?
- რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, როგორ იმუშავებს სამედიცინო სისტემა, მედპერსონალი და ა.შ., მაგრამ ჩვენი მთავარი მოკავშირე მაინც არის ორი რამ: პირველი - სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ამ მიმართულებით დიდი საყვედური არ გვეთქმის, მიუხედავად იმისა, რომ არის უპასუხისმგებლობის არასასიამოვნო შემთხვევებიც, მაგრამ, რაც მთავარია, ეს ვლინდება და შეძლებისდაგვარად სწრაფად ხერხდება მათი აღკვეთა.

მეორე არის სოციალური პასუხისმგებლობა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სხვისი პრობლემა ჩვენს პრობლემებზე არაფრით არის ნაკლები. ჩვენ თუ გამოვავლენთ სოციალურ ეგოიზმს და დავინფიცირდებით სამომხმარებლო ბულემიით ან შევეცდებით ამ სამყაროში მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას, ფაქტობრივად, სხვების ხარჯზე, ეს ბუმერანგივით დაგვიბრუნდება; ასე ვითარებას უფრო გავართულებთ და საბოლოოდ ვერც ჩვენ გადავრჩებით.

ჩემი აზრით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღია. არა ექიმი და ხელისუფლება, არამედ ის, როგორ იქცევა კრიზისის დროს საზოგადოება. თუ საზოგადოება ახერხებს მობილიზებას და კონსოლიდაციას, ეს შეიძლება დიდი წარმატების საფუძვლად იქცეს. უნდა გვესმოდეს, რომ კრიზისი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ისტორიული კანონზომიერება აჩვენებს, რომ პოსტკრიზისული პერიოდი არის დიდი შესაძლებლობების ხანა ნებისმიერი საზოგადოებისთვის. თუ ჩვენ ახლა მოვახერხეთ მობილიზება, კონსოლიდაცია, ღირსეულად გადავიტანეთ ეს ყველაფერი, მერე ნებისმიერი ამოცანა შეიძლება დავძლიოთ. თუ საზოგადოებამ შეძლო და კრიზისისას საუკეთესო თვისებები გამოავლინა, ეს არის კარგი სტარტაპი შემდგომში დიდი აღმშენებლობისთვის, თუმცა მანამდე გვახსოვდეს, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი მოკავშირეა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა, მტერი კი - პანიკა და სოციალური ეგოიზმი.…

- რამდენიმე შემთხვევამ, როდესაც ადამიანებმა სცადეს პანიკის დათესვა ცრუ ინფორმაციების გავრცელებით, უფრო მწვავედ დააყენა ქვეყანაში საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხი. როგორ დავიცვათ ამისგან თავი და არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ამგვარი და უფრო საზიანო საინფორმაციო დივერსიები კიდევ განხორციელდეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარედანაც?
- ეს სერიოზული პრობლემაა. ბუნებრივია, ასეთი ცდები შეიძლება კიდევ იყოს, რადგან ბევრისთვის ეს კრიზისი ქმნის­ საფუძველს, სხვადასხვა სოციალური ექსპერიმენტი ატარონ. ეს შეეხება განსაკუთრებით რუსეთს, რომელსაც ამის ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს. ხედავთ უკვე, რომ აშშ-შიც და ევროკავშირშიც საკმაოდ მაღალ დონეზე ისმის, რომ ამგვარი ექსპერიმენტების მცდელობები ამ სივრცეშიც იყო. მით უფრო პრობლემაა ეს ჩვენთვის, რადგან საქართველო უფრო მოწყვლადია ამგვარი გამოწვევისთვის. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ
ნუ წარმოვიდგენთ, რომ მხოლოდ რუსეთიდან შეიძლება წამოვიდეს ამგვარი ფსიქოლოგიური შეტევა და პანიკის გენერაციისა თუ მისი გაძლიერების მიზნით საინფორმაციო შტურმი. შიგნითაც გვყავს ძალები, რომლებმაც შეიძლება სცადონ და ეს კრიზისი პოლიტიკური მიზნებით გამოიყენონ. ზოგჯერ ნურც სიბრიყვეს გამოვრიცხავთ...

არ ვიცი, რაც უკვე მოხდა, სიბრიყვით გააკეთეს თუ სხვა მიზნით, მაგრამ ძალიან დამაფიქრებელია. ხელისუფლებამ ეს პროცესი შეძლებისდაგვარად უნდა მართოს. ახლა ბევრი ვირუსების ექსპერტიც გამოჩნდა. ჩვენთან ხომ ასეა - რაც აქტუალურია, ყველა იმის სპეციალისტია. ჰოდა, ახლა ყველა "ვირუსოლოგი" გახდა. ვფიქრობ, ესეც უნდა გაიფილტროს. ამ საკითხზე ყველა არ უნდა ლაპარაკობდეს, თუნდაც ამ ყველაში ვინმე ძალიან პატივსაცემი ადამიანი იყოს. საზოგადოებას ამ დროს სჭირდება ერთი მიმართულებით მართვა, კონკრეტული რეკომენდაციებით და ნაბიჯ-ნაბიჯ. ამ დროს გვერდითი ვერსიების და შეთქმულების თეორიების განვითარება და ამის ტირაჟირება, რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას დააზიანებს. ხელისუფლებამ უნდა გამოყოს კონკრეტული სპიკერები და მხოლოდ მათ უნდა ჰქონდეთ ამ საკითხებზე ლაპარაკის უფლება, მაგრამ ხელისუფლება ამას მარტო ვერ გააკონტროლებს, ამაში მედიამაც უნდა შეუწყოს ხელი. არ უნდა ვეძებოთ სენსაციები და გაუგებარი რესპონდენტები. არ შეიძლება იტალიიდან პირდაპირ ეთერში ჩავრთოთ ქართველი ექიმი, რომელიც იტალიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ისტერიკულად გვასწავლის, რა ვქნათ ჩვენ საქართველოში, სადაც ვითარება იტალიის მდგომარეობისგან საგრძნობლად განსხვავდება. ამგვარ ჩართვებს სიკეთე არ მოაქვს. ამას ჩვენი მოქალაქეები უსმენენ და მხოლოდ იზაფრებიან.

ყველა დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს შექმნილ ვითარებას. ასევე საჭიროა საზოგადოებრივი კონტროლიც. სოციალურ ქსელებში, ჯგუფებში ადამიანები, რომლებიც შეთქმულების თეორიებს ავითარებენ ან პანიკას თესავენ, ვამხილოთ და მათ სიცრუეს რეალური ფაქტები დავუპირისპიროთ. ამგვარი მოქმედება ცუდ ტონად უნდა ჩაითვალოს. რა თქმა უნდა, ამ დროს სპეცსამსახურებიც თავის ფუნქციას უნდა ასრულებდნენ და საინფორმაციო უსაფრთხოებას იცავდნენ. ეს არის მათი ამოცანა. ეს არ არის ცენზურა, მაგრამ კრიზისის დროს საინფორმაციო სანიტარია ხელის დაბანაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. შეიძლება პანიკის ვირუსი უფრო დამანგრეველი აღმოჩნდეს და უფრო დიდი ზიანი მოგვაყენოს, ვიდრე კორონავირუსმა.

- დასასრულ, უნდა გკითხოთ ტელევიზიების - "ტვ პირველისა" და "მთავარის" საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადებაზეც. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური მიზნით მოხდა...
- ფინანსთა მინისტრის თავის მართლება მოვისმინეთ, როცა განაცხადა, მარტო ტელევიზიებს კი არა, რამდენიმე ათას კომპანიას ავტომატურად შეეხო ინკასოო. ეს უარესია! ამ ვითარებაში, როცა ქვეყანა, ფაქტობრივად, გაჩერებულია, იმ ათასამდე კომპანიაში რამდენი მოხვდა ისეთი, რომელიც ამ კრიზისით დაზარალდა და კიდევ ეს უნდათ?! მათ შეიძლება მოუწიოთ თანამშრომლების უხელფასო შვებულებებში გაშვებამ. ბოლოს და ბოლოს, ამ ხალხს ხომ უნდა მისცენ კომპენსაცია, რომ თავი გაიტანონ. ასეთ ვითარებაში ანგარიშებზე ინკასოს დადება არის ანტიჰუმანური და აგრესიული ნაბიჯი შენივე საზოგადოების წინააღმდეგ. რაც შეეხება ტელევიზიებს, ეს უფრო გაუგებარია და ნამდვილად აჩვენებს ამ საკითხისადმი ხელისუფლების პოლიტიკურ დამოკიდებულებას. ვიდრე ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ტელევიზიებს მრავალმილიონიანი ვალი აქვთ, მანამდე ნებისმიერი სხვა ტელევიზიისთვის დაწესებული სანქცია პოლიტიკურ ნაბიჯად შეფასდება. ჩვენი ფინანსთა მინისტრი აშკარად მაჩოს როლს თამაშობს, არადა, თავის დროზე, როცა ადამიანის უფლებები ირღვეოდა და ეს საზოგადოება ცვლილებებისთვის იბრძოდა, ეს მაჩო სოროში იჯდა. ადვილია სხვისი ზურგით ვაჟკაცობანას თამაში... ეს ყველაფერი საბოლოოდ ხელისუფლების იმიჯს აზარალებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მთელი ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ მოხდა და მხოლოდ ფინანსთა მინისტრის ინიციატივაა, რომელსაც მალე გადახედავენ და ეს პრობლემა აღმოიფხვრება.
გიოგიო
23 მარტი 2020 14:58
რაღაც ვერ გავიგე ეს ხუხაშვილი რას თამაშობს ამას მართლა გონია,რომ რადგან ივანიშვილი არა ჩანს ჩვენთან რამე შეიც ვალა?( ეს ვირუსი შემოიტანეს ტურისტებმა,ასევე ჩინეთში ნამყოფებმა) იმის მაგივრად,რომ ამათ (ივანიშვილს)მეორე დღესვე ჩაეკეტა საზღვრები მთელი ორი კვირა უმოქმედოდ იყვნენ... ვინ ამბობდა ივანიშვილი პრემიერი გახდესო? ხუხაშვილი-ვინ ამბობს რა კარგი პრემიერია გახარია და რა კარგია,რომ ივანიშვილი ჩამოცილებულია მართველობასო?-ხუხაშვილი...პ.ს. უბრალოდ ხუხაშვილი თამაშობს "ექსპერტობანას"-ზუსტად ისე,როგორც საყვარელიძე....
ზურაბ
23 მარტი 2020 11:55
ეს მთელი სისტემა ,თავისი საყოველთაო ჯანდაცვით, ივანიშვილმა შექმნა მუშაობს დამოუკიდებლად, მისი მიზანიც ალბათ ეს იყო. ხუხაშვილმა თუ ბოღმა არ დაძლია, კაპიკია მაგის ფასი.
მედეა
23 მარტი 2020 10:49
ამ მდგომარეობაში--ბიუჯეტში გადასახადები თუ არ შევიდა--როგორ გაართვას თავი სახელმწიფო სტრუქტურებმა ასე გადიდებულ ფინანსურ ვალდებულებებს? ი ნ კ ა ს ო გადასახადის ამოღებისთვის საჭირო საშუალება ყოფილა ,ასე განმარტა მინისტრმა. დასახელებული ტელევიზიების მუშაობა ისევ ინტენსიურია, არაფერი შემცირებიათ, გადაიხადონ გადასახადი და ავტომატურად მოეხსნებათ ინკასო, რას უყურებენ სხვა ტელევიზიებს? ბატონმა ხუხაშვილმა ივანიშვილისკენ თუ არ მიმართა ისრები--ისე ვერ ისვენებს, არადა სწორედ ივანიშვილისა და სერგეენკოს ნამოღვაწარით გ ა ი თ ქ ვ ა სახელი საქართველოს სამედიცინო სფერომ. გამყრელიძე და ცინცაძე ადრეც მოღვაწეობდნენ აქ, ვირუსები ადრეც იყო, მაგრამ სამაგალითოდ არ დასახელებულა აქაური მედმუშაკები მ ა შ ი ნ! . მიეცით კეისარს-კეისრისა, ბატონო გია,შექების ნაცვლად კარგად მოქმედი ინდივიდის ჩ ა წ ი ხ ვ ლ ა --შემფასებლის არასრულფასოვნებაზე მეტყველებს, ან ჯავრის ამოყრაზე, ან მსმენელისა და მკითხველის მენტალობაზე ზემოქმედების ავ ცდაზე. არ დაბლოკოთ, გთხოვთ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები