"პოლიცია 24-საათიანი საგანგებო რეჟიმით მუშაობს" - კვირის პალიტრა

"პოლიცია 24-საათიანი საგანგებო რეჟიმით მუშაობს"

"სამართალდამცავებს ქუჩა-ქუჩა უწევთ თვითიზოლაციის დამრღვევთა დევნა. უკვე 180-მდე ადამიანია გადაყვანილი საკარანტინო ზონებში"

მაშინ, როცა სპეციალისტები თითქმის 24 საათის განმავლობაში მოუწოდებენ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან, დაიცვან რეკომენდაციები და არ დაარღვიონ წესები, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი დაუდევრობითა და უპასუხისმგებლობით საფრთხის წინაშე აყენებენ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფთაც. იმის ნაცვლად, იყვნენ თვითიზოლაციაში და ექიმების მითითებებს დაემორჩილონ, წესებს არღვევენ და სამართალდამცავებს ქუჩა-ქუჩა უწევთ მათი დევნა და კარანტინში გადაყვანა. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო უკვე 180-მდე ადამიანია იძულებით გადაყვანილი საკარანტინო ზონებში. ცნობილია ისიც, რომ მალე ურჩთათვის კანონი გამკაცრდება.

რა პრობლემებს აწყდებიან სამართალდამცავები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისგან? როდის გამკაცრდება წესები? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი გვესაუბრება.

- თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებზე ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო გვაწვდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ვატარებთ მონიტორინგს. მათ ეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლითაც შევახსენებთ, რომ უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში. ამავე დროს, 112-დანაც პერმანენტულად უკავშირდებათ და აფრთხილებთ ოპერატორი. დამრღვევების გამოვლენის ყველაზე ეფექტიანი გზა ბინაში მისვლა და შემოწმებაა. სწორედ ასე აღმოჩნდა, რომ თვითიზოლაციაში მყოფები სახლში არ იყვნენ და საზოგადოებრივ სივრცეებში დადიოდნენ.

ჩვენ 24 საათის განმავლობაში მკაცრად ვაკონტროლებთ, არის თუ არა პირი თვითიზოლაციაში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების დახმარებაც. მოქალაქეების არაერთი ზარი მივიღეთ, რომელთა 90% დადასტურდა და გამოვლინდა თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები.

- რა პრობლემებს აწყდებიან სამართალდამცავები დამრღვევებთან ურთიერთობის დროს? - კონკრეტული პირის იძულებით კარანტინში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები იღებენ; შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ აღსრულება ევალება, ოღონდ პოლიციასთან ერთად ყოველთვის არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი.

- ახლა რამდენი ადამიანია კარანტინში?

- კარანტინში ამჟამად 1925 ადამიანია, სტაციონარში კი - 271 მოქალაქე. რაც შეეხება თვითიზოლაციას, აქ უკვე 2000-ზე მეტია.

- თვითიზოლაციას რეგიონებში უფრო არღვევენ თუ თბილისში? - დარღვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის აჭარაზე, ქვემო ქართლსა და იმერეთზე. აჭარაში გვქონდა 34 შემთხვევა, ქვემო ქართლში - 27, იმერეთში - 21, დანარჩენი კი - თბილისსა და სხვა ქალაქებში.

- ყოველთვის პოლიცია ხომ ვერ დადგება თვითიზოლირებულის სახლთან?! ადგილობრივი ხელისუფლება გეხმარებათ დამრღვევთა გამოვლენაში? - ამ მიმართულებით შს სამინისტრო კოორდინირებულად მუშაობს. ყველგან გვყავს პოლიციის დანაყოფები და ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობაც. რამდენიმე შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სწორედ გამგეობებიდან შემოვიდა. ძირითადი პრობლემა, სამწუხაროდ, არის მოქალაქეთა დაბალი სამართლებრივი თვითშეგნება. ყველას ჰგონია, რომ არაფერი სჭირს და თვითიზოლაციის რეკომენდაცია ზოგადი ხასიათისაა. მოქალაქეთა ნაწილი ვითარებას სერიოზულად არ აღიქვამს; არ ფიქრობენ, რომ წესების დაუცველობით შეიძლება საფრთხე დაემუქროს როგორც მას და მისი ოჯახის წევრებს, ასევე - საზოგადოებას.

- რას ეტყოდით მათ, ვინც არღვევს თვითიზოლაციის წესებს? - კარგად დაფიქრდნენ თავიანთ ქმედებაზე, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და გაუფრთხილდნენ არა მარტო საკუთარ თუ ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, არამედ საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობასაც. ადამიანს კონკრეტული სიმპტომები შეიძლება გვიან გამოუვლინდეს და თუ წესებს დაარღვევს, მოსალოდნელია, ათობით და ათასობით ადამიანი დააინფიციროს. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა ასეთ შემთხვევებში გადადების რისკი ძალიან მაღალია, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გააცნობიეროს ის ვალდებულება, რაც გვეკისრება საზოგადოების წინაშე; დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა კორონავირუსის გავრცელების შესაძლო არეალი მაქსიმალურად შევზღუდოთ.

- როგორი რეჟიმით მუშაობს დღეს პოლიცია, არიან თუ არა პოლიციელები დაცული და ხომ არ დასჭირდა რომელიმე მათგანს კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება? - საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა არ გვქონია. ჩვენი პოლიციელები აღჭურვილი არიან სპეციალური ფორმით, სათვალით, ხელთათმანებით, პირბადით და ა.შ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოგვეცა რეკომენდაცია, რომლის თანახმად, შესაძლებელი იყო გადავსულიყავით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ზოგიერთი დანაყოფი გადავიდა კიდეც ასეთ რეჟიმზე. გარდა ამისა, სხვადასხვა ადგილას პერმანენტულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. მუდმივად ხდება იმ შენობების დეზინფიცირება, სადაც ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად მუშაობენ.

- რა პრობლემებს აწყდებიან სასაზღვრო პოლიციელები? მათ პირდაპირი კონტაქტი უხდებათ უცხოეთიდან შემოსულ პირებთან. - პირველადი კონტაქტი აქვთ საზღვარზე. გულდასმით ვათვალიერებთ თითოეულის მოგზაურობის ისტორიას, მერე კი მათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ვგზავნით, სადაც უწევენ სამედიცინო მომსახურებას - ტემპერატურას უზომავენ, გულდასმით ამოწმებენ; ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო წყვეტს, ესა თუ ის პირი სად წავიდეს. რატომღაც ადამიანები ცდილობენ მოგზაურობის ისტორიის დამალვას; ფიქრობენ, ამით თავს აარიდებენ თვითიზოლაციას, სავალდებულო კარანტინს, არადა, ყველა ადამიანის ისტორია ძირფესვიანად მოწმდება. იყო ერთეული შემთხვევები, როცა მოქალაქეები ტრანზიტული რეისებით დაბრუნდნენ და მალავდნენ რეალურ ისტორიას. ამის გამოკვლევა დროს მოითხოვს, თუმცა ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის ადგენენ, საიდან მოდის ადამიანი. სწორედ მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე ვატარებთ დამატებით ღონისძიებებს. საკონტროლო გამშვები პუნქტების გვერდის ავლით საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობების შემცირების მიზნით სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. დამატებითი ადამიანური და ტექნიკური რესურსებით გაძლიერდა სახმელეთო საზღვრის სარისკო მონაკვეთები. სასაზღვრო პერიმეტრს მესაზღვრეების გაძლიერებული შემადგენლობა საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აკონტროლებს.

- უკვე არსებობს კანონპროექტი და დამრღვევები 3000 ლარით დაჯარიმდებიან. როდის შედის ძალაში ეს კანონი? - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაჩნდება ახალი მუხლი და კარანტინის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15 000 ლარით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება განმეორდება, დამრღვევს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სასჯელად გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

საკარანტინო ზონებს 24 საათის განმავლობაში იცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. იქიდან გაქცევა არავის უცდია. დღეს პოლიცია 24-საათიანი საგანგებო რეჟიმით მუშაობს, რათა დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, ადამიანების უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა.