გამკაცრდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა?! - კვირის პალიტრა

გამკაცრდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა?!

"ჩვენი ეკლესია არაერთხელ დახმარებია სახელმწიფოს ძალიან რთულ მომენტებში, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასულიერო პირები ახლაც გვერდში დაგვიდგებიან"

"ახალ ბრძოლას ახალი იარაღი სჭირდება, ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პანდემიისთვის გამოცხადებული მზაობის გათვალისწინებით და რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე...", - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ მას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით მიმართა.

რატომ გახდა აუცილებელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ სიტუაციას აკონტროლებს, რა გამოწვევების წინაშე დადგება ამ ერთი თვის განმავლობაში ქვეყანა და რა სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ მოქალაქეები, ამის შესახებ ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი გვესაუბრება.

- სიტუაცია კონტროლდება, სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში დაავადების გავრცელების დინამიკა ძალიან დაბალია. თუმცა როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ჩვენ უკვე შევდივართ პანდემიის მეორე, ანუ გავრცელების ფაზაში, სადაც შიდაგადაცემის ბევრად მეტი ალბათობაა. შესაბამისად, საჭირო გახდა სიტუაციის უფრო მკაცრად გაკონტროლება. ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ შეზღუდვების დაწესება სასწავლო პროცესზე, დავიწყეთ საზღვრების განსხვავებული წესით რეგულირება, შევზღუდეთ ავიამიმოსვლები. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ ნიშნავს კარანტინის გამოცხადებას, საშვებით გადაადგილებასა და მსგავსი ტიპის იძულებით ღონისძიებებს. დღეის მდგომარეობით ისევ ძალაშია რეკომენდაციები, რომ გარეთ გამოსვლას ერიდონ ასაკობრივი ჯგუფისა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლიდან გასულმა მოქალაქემ დაიცვას სოციალური დისტანცია სხვა ადამიანებთან, რათა არ მიიტანოს ინფექცია ოჯახში და არ შეუწყოს ხელი მის გავრცელებას.

სამწუხაროდ, იყო თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევები. პოლიციას იძულების წესით უწევდა მოქალაქეების კარანტინში გადაყვანა. ასეთი ფაქტების გახშირებამ ცხადყო, რომ რეკომენდაციები აღარ კმარა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, დეკრეტის, დამატებითი რეგულაციების საშუალებით აღმასრულებელ ხელისუფლებას ეძლევა უფლება დააჯარიმოს ან დააკისროს პასუხისმგებლობა იმ პირებს, რომლებიც მითითებებს არ დაემორჩილებიან.

- მმართველი გუნდის წევრებმა, მათ შორის თქვენც მიუთითეთ, რომ საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებულად გამკაცრებულ ზომებს არ ითვალისწინებს. თუმცა საინტერესოა, ასეთი სცენარიც თუ განიხილეთ? - ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეასრულებს მოსახლეობა სპეციალისტების, ეპიდემიოლოგებისა და ჩვენს მითითებებს.

თუ ჩვენი მოქალაქეები, იურიდიული პირები, ბიზნესსუბიექტები არ შეასრულებენ რეგულაციებს, უფრო მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში აღმოვჩნდებით, რაც ნიშნავს, რომ დაწესდება სხვადასხვა სახის დამატებითი შეზღუდვები. მაგალითად, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, შეზღუდულია საცალო ვაჭრობის ობიექტების მუშაობა, მაგრამ არ შეგვიზღუდავს ბიზნესორგანიზაციების საქმიანობა, თუმცა შესაძლოა ამის საჭიროებაც დადგეს.

ჩვენ შევზღუდეთ სამარშრუტო ტაქსების მიმოსვლა, მაგრამ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ცხოვრების ნორმალური რეჟიმი, მაგრამ ეს დამოკიდებულია თითოეული მოქალაქის კეთილსინდისიერებასა და კანონმორჩილებაზე.

- ზოგიერთს დარჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მას შემდეგ გადაწყვიტეთ, რაც ეკლესიამ ზიარების წესის შეცვლაზე უარი განაცხადა. - შესაძლოა ეს ორი ფაქტი ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ ერთმანეთთან კავშირი არა აქვს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ათ კაცზე მეტი არ უნდა შეიკრიბოს ერთ სივრცეში, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ეკლესიაში შესვლას ვუკრძალავთ. საგანგებო მდგომარეობის დეკრეტით დაწესებული შეზღუდვა მოქალაქეთა შეკრების შესახებ ეხება როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს. წესი და კანონი მოქმედებს ყველასთვის. ჩვენი ეკლესია არაერთხელ დახმარებია სახელმწიფოს ძალიან რთულ მომენტებში, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასულიერო პირები ახლაც გვერდში დაგვიდგებიან. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასულიერო პირები სრულად იაზრებენ იმ შესაძლო რისკს, რომელიც დაკავშირებულია ამ ვირუსის გავრცელებასთან.

- როგორც ვიცით, ხელფასი შეუნარჩუნდებათ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ იმ პირებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო თავიანთ მოვალეობას სრულფასოვნად ვერ შეასრულებენ. საინტერესოა, რა ბედი ელით თვითდასაქმებულებს, დღიურ მუშებს? - ჩვენი დახმარების პირველი პროგრამა მიმართულია იმ ბიზნესზე, რომელიც იყო წინა ხაზზე და იყო ყველაზე მოწყვლადი - ტურისტულ ბიზნესს ვგულისხმობ. თუმცა ეკონომიკურ გუნდს გვევალება შევიმუშაოთ დამატებითი ღონისძიებები იმ ბიზნესსუბიექტებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი კორონავირუსის გამო. ამასთანავე ვცდილობთ გატარებულმა ღონისძიებებმა და შეზღუდვებმა ბიზნესსუბიექტებსა და თვითდასაქმებულებს ხელი არ შეუშალოს საქმიანობის გაგრძელებაში. მთავარია, მათ დაიცვან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. მაგალითად, მუშა იქნება თუ დამლაგებელი, თუ მუშაობისას დაიცავს სოციალურ დისტანციას და ამასთანავე აღჭურვილი იქნება სპეციალური ეკიპირებით, მას შეზღუდვა არ ექნება. შეზღუდვები სწორედ იქით არის მიმართული, რომ ბიზნესსექტორი აგრძელებდეს ფუნქციონირებას ამ რთულ პირობებში და ხელფასს უხდიდეს თავის თანამშრომლებს. თუ დავინახავთ, რომ რომელიმე სექტორს ისეთი დარტყმა მიადგა, როგორიც, მაგალითად, ტურისტულ სექტორს, მისი დახმარების პროგრამასაც შევიმუშავებთ.

ხათუნა ბახტურიძე