რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით - კვირის პალიტრა

რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2020 წლის 22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

“აღნიშნული ე.წ. არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს მაშინ, როცა აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად გამოდევნილი ნახევარ მილიონამდე იძულებით გადაადგილებულ პირი და ლტოლვილი ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ხოლო ადგილზე ეფექტურ კონტროლს სრულად ახორციელებს რუსეთის საოკუპაციო ძალა. ე.წ. არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას.

საერთაშორისო თანამეგობრობა განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშირისოდ აღიარებულ საზღვრებში, არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და არ შეეგუება საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობას რუსეთის მხრიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად”,- ნათქვამია განცხადებაში.