"იზღუდება შესვლა და გამოსვლა" - კიდევ რას გულისხმობს მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი? - კვირის პალიტრა

"იზღუდება შესვლა და გამოსვლა" - კიდევ რას გულისხმობს მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა

"დღეს გვქონდა საკმაოდ რთული შემთხვევა, როდესაც მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს გახლავთ ის შემთხვევა, რომელზეც ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ და ამისთვის ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემა.

ჩვენი ეპიდემიოლოგების ვარაუდით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, როცა ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ეს კიდევ არაფერს არ ნიშნავს.

ყველა მომზადების მიუხედავად, სიტუაცია საკმაოდ რთულია. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე. რაც სამართლებრივად ნიშნავს შემდეგს:

  • დღეიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში იზღუდება შესვლა და გამოსვლა.
  • იხურება ყველა უბიექტი
  • ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად.
ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როცა გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად აუცილებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცეთ უფლება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს შს სამინისტრო",- განაცხადა პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე.