ასლან ბჟანია: "ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს დამოუკიდებლობას. კიდევ რაღაა საჭირო?" - კვირის პალიტრა

ასლან ბჟანია: "ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს დამოუკიდებლობას. კიდევ რაღაა საჭირო?"

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 56,5%-ით გამარჯვებულმა ასლან ბჟანიამ პირველი ვრცელი ინტერვიუ რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი"-ს კორესპონდენტს დიმიტრი სტატეინოვს მისცა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ტელედებატების დროს თქვენ საქართველოს მიმართ რიგი მოთხოვნები წამოაყენეთ, კერძოდ, ბრძანეთ, რომ ქართველები ან უნდა "მიუახლოვდნენ" იმ საკითხს, რომ მათ ან გაეროს წინაშე აიღონ ვალდებულება სამხედრო მოქმედებების არგანახლების თაობაზე, ან ამ საკითხზე ხელი მოაწერონ შეთანხმებას აფხაზეთთან ორმხრივ ფორმატში. თქვენ რომელ კონკრეტულ ფორმატში ამჯობინებდით ამ მოთხოვნის წაყენებას დღეს საქართველოსთან? შეიძლება თუ არა ახალი ფორმატების გაჩენა, ჟენევის გარდა? - რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაწერილია, რომ ყველა ჩვენი საგარეოპოლიტიკური ნაბიჯი მოსკოვთან იქნება კოორდინირებული. გარკვეულ საკითხებში ჩვენ ერთიანი და შეთანხმებული პოლიტიკა უნდა გავატაროთ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მხედველობაში მაქვს ურთიერთობა საქართველოსთან და ქართველებთან მიმართებით, ისინი ჩვენი მეზობლები არიან. ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, მაინც გვაქვს საკმაოდ ხშირი კონტაქტები საქართველოსა და აფხაზეთის მოქალაქეთა დონეზე. ეს ადამიანები ხშირად კვეთენ საზღვარს, მათ სხვადასხვა პრობლემები აქვთ. მაგალითად, ბევრია ჩვენი მოქალაქე, რომლებიც იძულებულნი არიან კვალიფიციური სამედიცინო დახმარება საქართველოში მიიღონ. გარდა ამისა, ხშირად ხდება, რომ ჩვენი მოქალაქე დანაშაულს სჩადის და შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე იმალება. პირიქითაც ხშირად ხდება ხოლმე. ისიც იცით, რომ ჩვენ ერთობლივად ვახდენს ენგურჰესის ენერგეტიკული კომპლექსის ექსპლუატაციას, რაც კონტაქტების განსაზღვრულ დონის გამოახატულებას წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ ამგვარი საკითხების გადაწყვეტა სხვა ფორმატის მქონე მოლაპარაკებების დროსაც შეიძლება და არა, ვთქვათ, ჩვენგან ისეთ დაშორებულ ადგილზე, როგორიც ჟენევაა. შეიძლება ეს მოხდეს აქ, საზღვარზე ან სადმე ახლოს. ასეთი პრაქტიკული ხასიათის საკითხები ყოველდღიურად წარმოიქმნებიან.

- და თქვენი აზრით, საერთოდ შესაძლებელია საქართველოსა და აფხაზეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები?

- ქართულ და აფხაზურ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები, ალბათ, შეუძლებელია, თანაც ეს უფრო ქართული მხარის ბრალია, რადგან საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ერთი მხრივ, საქართველოში მოქმედებს რამდენიმე კანონი, რომელთა მიხედვით აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს. მეორე მხრივ, ჩვენ ვგრძნობთ გარკვეულ სიგნალებს სხვადასხვა ქართული საზოგადოებრივი ინსტიტუტებიდან, რომლებიც იმას მოწმობენ, რომ გარკვეული ქართული პოლიტიკურ ძალებს ინტენსიური დიალოგის გამართვა სურთ. რაც შეეხება მოლაპარაკებებს საქართველოს და აფხაზეთს შორის - როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტების სახით - ეს შეუძლებელია თბილისის პოზიციის გამო.

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. ამ მიზნის განსახორციელებლად ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ამ საკითხის რეალიზებას ქართული მხარის პოზიცია აბრკოლებს. იმის იმედი და იმაზე ფიქრი, რომ ისინი თავიანთ პოზიციას შეცვლიან, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ მასზე არ უნდა ჩავიციკლოთ. ჩვენ უამრავი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს ქვეყნის შიგნით. ჩვენ მშვიდობიანი სახელმწიფო ვართ, რომელსაც სხვისი ტერიტორიის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს დამოუკიდებლობას. კიდევ რაღაა საჭირო?

- ორმხრივი მოლაპარაკების რაიმე ფორმატი რომ ყოფილიყო, აღიარების პროცესი, ალბათ, წინ წავიდოდა...

- არსებობს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი... რაზე მიდის იქ საუბარი? სწორედ ამ საკითხზე, მაგრამ იქ ქართული მხარის პოზიცია მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული (აფხაზეთის არაღიარება - რედ. შენიშვნა).

- მაგრამ როცა ათწლეულები მიდის... - დიახ, ათწლეულები მიდის, მაგრამ ხომ იცით, რომ მსგავსი სახის მოვლენებს სხვა სახელმწიფოებშიც ვხვდებით. საბერძნეთში, მაგალითად, დღესაც არიან პოლიტიკური ზალები, რომლებიც თვლიან, რომ კონსტანტინოპოლი მათი ქალაქია. ჩვენც ვიცით, რომ მათი იყო, მაგრამ რამდენი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლი ბერძნების ქალაქი აღარ არის? დღეს სხვა, უკვე შეცვლილი რეალობაა. არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც შეცვლილ რეალობას არ აღიარებენ ათობით საუკუნის გავლის შემდეგაც კი... ან, ვთქვათ, ქალაქი ტიგრანაკერტი - დიდი სომხეთის დედაქალაქი. ამ ქალაქ დღეს დიარბექირი ჰქვია და თურქეთში მდებარეობს. ასევე თურქეთის ტერიტორიაზე სომხეთის წმინდა არარატის მთა...

ისინი, ვინც აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად თვლიან, ასეთები, როგორც ჩანს, საქართველოში ჯერჯერობით ბევრნი არიან. სანამ იქ იმის გაცნობიერება არ მოხდება, რომ უკვე ახალი რეალობაა დამდგარი, პროცესებს დინამიური ხასიათი არ ექნება.

სახელმწიფო მოღვაწეებმა და პოლიტიკოსებმა უბრალო ჭეშმარიტებები უნდა იცოდნენ, მათ შორის ის, რომ ომის შემდეგ ბევრი რამ იცვლება. ომი ცვლის საზღვრებს, ომის შედეგებით სახელმწიფოები ქრებიან... ან ახალი სახელმწიფოები იქმნებიან. ბევრი ამბობს: ჩვენ ომისწინანდელ პერიოდს უნდა დავუბრუნდეთო. განა ჩვენ შეგვიძლია იმის გაკეთება, რომ სიტუაცია 1992 წელს დაუბრუნდეს? განა ეს ჩვენი მხრიდან შესაძლებელია? განა დაღუპულ ადამიანებს დავიბრუნებთ? ეს შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია იმდროინდელი ერთიანი საქართველოს დაბრუნება. ასე არ ხდება.

გახსოვთ, ვლადიმირ პუტინმა როგორ თქვა - იმას გული არ აქვს, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლას არ ნანობსო. მე ვიტყოდი, რომ იმას არც თავი არ აქვს, ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება საბჭოთა კავშირი აღდგეს. მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსებისთვის დიდი პასუხისმგებლობაა ის, რომ მათ შეეძლონ და მოძებნონ საკუთარ თავში ძალა ახალი რეალობა აღიარების მიზნით. და ასე საკმაოდ ბევრჯერ მომხდარა. ჩვენი ახალი რეალობა უკვე 27 წლისაა. დროა მას მიეჩვიონ, შეეგუონ და ნორმალურად მიუდგნენ.

- აფხაზი პოლიტიკოსები, მათ შორის თქვენი კონკურენტებიც, საქართველოს მთელ რიგს მოთხოვნებს უყენებენ, რომლებიც საკმაოდ მაღალი დონისაა. მზად არის აფხაზეთი იმისთვის, რომ ისიც, თავის მხრივ, რაღაც კომპრომისზე წავიდეს?

- და რაში? როგორც ჩანს, მე არასაკმარისად მკაფიოდ აგიხსენით ჩემი პოზიცია. ახალი რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ არსებობს აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც დიდი სახელმწიფოების მიერაა აღიარებული.

- განა კარგი არ იქნება, რომ მეზობლებმაც გაღიარონ?

- რა თქმა უნდა, კარგი იქნება. ჩვენ წინააღმდეგნი არ ვართ. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასთან აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტის საკითხების განხილვა არც შესაძლებელია და არც მიზანშეწონილი. ეს საკითხები განხილვას არ ექვემდებარება. ყველა დანარჩენზე კი - ვილაპარაკოთ. განა ეს კომპრომისი არ არის? ავაწყოთ მშვიდობიანი ცხოვრება, კეთილმეზობლური ურთიერთობა, ვაჭრობა, გაცვლა-გამოცვლის სხვა ფორმები. მოხდეს საქართველოს მიერ აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარება, რომლის შემდეგ ყველა პროცესი განსაზღვრულ იმპულსს მიიღებს.

- არის ერთი საკმაოდ მტკივნეული საკითხი, რომელიც აფხაზეთის გალის რაიონის მოსახლეობას ეხება - ქართული წარმოშობის მქონე მოქალაქეებს. თავის დროზე აფხაზეთის პრეზიდენტმა მათ აფხაზური პასპორტები მისცა, რომლებიც მოგვიანებით გაუქმდა...

- მოქალაქეობა მათ პრეზიდენტმა კი არ მისცა, არამედ აფხაზეთის სახელმწიფომ. ამ ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს მოქალაქეობის მიღების უფლება ჰქონდა, მაგრამ ეს პრობლემა პოლიტიზებულად გადააქციეს და მოხერხებულად გამოიყენეს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზებისათვის, ხელისუფლების შესაცვლელად. ეს მოხდა 2014 წლის მაისში იმდროინდელი ოპოზიციის მიერ, რომელსაც ბატონი ხაჯიმბა მეთაურობდა. მათ გალის რაიონის ქართული მოსახლეობისათვის პასპორტების გაცემა "დანაშაულებრივ აქციად" შეაფასეს. სხვათა შორის, იმ დროიდან უკვე 6 წელი გავიდა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ე.წ. "დანაშაულებრივი აქციისათვის" არავის არ დაკისრებია (რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტობის პერიოდში ძველი ნიმუშის პასპორტების ახლით შეცვლა გამოცხადდა. გალის მოსახლეობას ძველი ნიმუშის პასპორტები გაუუქმეს, ახალი კი იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც ქართული პასპორტებიც ჰქონდათ, აღარ მისცეს - რედ. შენიშვნა). წყარო

იხილეთ ასევე: "ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიდგებული და დახმარებას არ უნდა დაველოდოთ" - რას წერს აფხაზი ექიმი ზურაბ აჩბა?

მოამზადა სიმონ კილაძემ