რომ არა ეს "გონივრული ეჭვი"... - კვირის პალიტრა

რომ არა ეს "გონივრული ეჭვი"...

ზოგჯერ ჩნდება "გონივრული ეჭვი", რომ ხელისუფლება სპეციალურად აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში რაღაც ცუდი მოხდეს. ამას გინდ სოციალური აფეთქება

დაარქვით, გინდაც მასობრივი არეულობა.

საქართველოში სოციალური ფონი ყოველთვის მძიმე იყო. თუმცა, ბოლო თვეებში ამან უკვე საგანგაშო მასშტაბები შეიძინა. საოცარი ის არის, რომ ამ სოციალურ ფონს რაიმე გლობალური ან ადგილობრივი კრიზისი-კატასტროფა კი არა, ხელისუფლება ამძიმებს. თან ისე მეთოდურად, თითქოს რომელიღაც სუპერკომპიუტერის მიერ იყოს დაპროგრამებული.

ამის დაგვირგვინება იყო გადასახადების ერთიანი სისტემის შემოღება. ანუ თქვენ თუ არ გადაიხდით წყლის გადასახადს, შეგიწყდებათ ელექტროენერგიის მოწოდებაც და სხვა კომუნალური მომსახურებაც. მანამდე გაძვირდა მეტრო, ავტობუსი, დასუფთავების მოსაკრებელი, წყლის ტარიფი.

სამარშრუტო ხაზების მონოპოლისტი თბილისის მერია ხდება. მარსიდან ჩამოფრენილიც არ დაიჯერებს, რომ სამარშრუტო ხაზების ტენდერში გამარჯვებული კომპანიის უკან რომელიმე ადგილობრივი სახელისუფლებო დაჯგუფება არ იდგება. რა ფასს დაადებენ "მარშრუტკებით" მგზავრობას, არავინ იცის.

რა თქმა უნდა, გაძვირდა და კიდევ უფრო გაძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქტი. სამედიცინო მომსახურება კი, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის, ლამის ფუფუნების საგანი გახდა.

ბიზნესის რეკეტმა ის შედეგი მოიტანა, რომ ჩვენიანიც გაგვექცა და უცხოც არ გვეკარება. მაგალითად, ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროების ასაშენებლად, ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მესამეჯერ გაახანგრძლივა განაცხადების მიღება. რატომღაც, ინვესტორების რიგი მაინც არ დადგა.

ამ ყველაფრის ფონზე კი, ჩვენს თავზე მრავალმილიარდიანი საგარეო ვალები დამოკლეს მახვილივით ჰკიდია და როდის გამოგვაცხადებენ ბანკროტ სახელმწიფოდ, არავინ იცის.

არადა, ხელისუფლებას შეეძლო ისე დაებალანსებინა ბიუჯეტი, რომ თუნდაც ტრანსპორტი არ გაძვირებულიყო და კომუნალურ ტარიფებს მართლაც ევროსტანდარტებამდე არ მიეღწია. მაგალითად, შევარდნაძის გაძვალტყავებული და ზეკორუმპირებული ბიუჯეტი ამას მშვენივრად ახერხებდა.

ცენტრალურ ტელევიზიებში ხელისუფლების გაკრიტიკება ლამის სასიკვდილო ცოდვად ითვლება. შესაბამისად, საზოგადოებაში ორთქლი კი გროვდება, მაგრამ გარეთ არ გამოდის. დაგროვილი ორთქლი კი, ქვაბს ხეთქავს ხოლმე. სამაგიეროდ, ხელისუფლებას ჰყავს მრავალი ათასი ერთგული მოსამსახურე მაღალხელფასიანი პოლიციელის სახით. ისინი სწორედ ხელისუფლებას ემსახურებიან და არა კანონს და ამიტომაც არის ქვეყანა უკვე გაყოფილი პოლიციელებად და არაპოლიციელებად.

რაც შეეხება არმიას, სააკაშვილს შევარდნაძის სინდრომი დაემართა. #2 პრეზიდენტს ჯარის ეშინოდა და აშიმშილებდა. ამჟამინდელი ხელისუფლება კი, ჯარისკაცებში და ოფიცრებში კლავს მთავარს - ღირსების გრძნობას. სწორედ ამიტომაც ზის მინისტრის სავარძელში ბაჩო ახალაია.

ეს ყველაფერი გროვდება, გროვდება და ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ცუდი ამბები დატრიალდეს.

შეუძლებელია, ეს ხელისუფლებამ და პირადად მიხეილ სააკაშვილმა არ იცოდეს. უბრალოდ, ისინი დარწმუნებული არიან, რომ მაგალითად, სოციალური აფეთქების შემთხვევაში, მათ პოლიციელებს “დანარჩენები” ვერ მოერევიან. სამაგიეროდ, ნებისმიერი გამოსვლების ჩახშობის შემთხვევაში, შეგიძლია დემოკრატობანა აღარ ითამაშო, მარწუხები კიდევ უფრო მოუჭირო “ხალხის მტრებს” და 2013 წლის კომბინაციებზე აღარ იდარდო. დასავლეთთან კი თავი იმართლო - რა ვქნა, აი, ყირგიზეთის სცენარს მიწყობს რუსეთიო.

რაც მთავარია შეგიძლია, ამ “ცუდ ამბებს” გადააბრალო ყველა შენი წარუმატებლობა, რასაც ქვეყანა კოლაფსისკენ მიჰყავდა და ამტკიცო - რომ არა არეულობები, დღეს საქართველო მეორე სინგაპური თუ ჰონგ-კონგი იქნებოდაო. და თუ ხელისუფლებამ წააგო, არც იმაზე იტყვის უარს, რომ საზღვარგარეთ ემიგრანტული მთავრობა შექმნას, პრორუსული ძალებისგან დევნილად გაასაღოს თავი და იჯდეს წლების განმავლობაში დასავლელი მეგობრების დოტაციაზე. დიდ განსხვავებას მაინც ვერ ვიგრძნობთ, რადგან მიხეილ სააკაშვილს თვალი მაინც სულ უცხოეთისკენ უჭირავს.

არა, მართლაც ოხერი რამეა ეს "გონივრული ეჭვი".

(სპეციალურად საიტისთვის)