"არ მაინტერესებს თქვენი პოლიტიკური ბედი, მაინტერესებს ჩვენი ხალხი" - რას სთავაზობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას - კვირის პალიტრა

"არ მაინტერესებს თქვენი პოლიტიკური ბედი, მაინტერესებს ჩვენი ხალხი" - რას სთავაზობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, მთავრობასთან კოორდინაციით ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება უზუნველყოს.

ამის შესახებ ინფორმაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორგანიზაციული საკითხები მოგვარებულია, მათ შორის მოძიებულია ემიგრანტების ქვეყანაში ჩამოყვანისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსი.

როგორც მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, კონკრეტული საკითხების განსახილველად მთავრობას შეუძლია დაუკავშირდეს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ასევე, პრეზიდენტის ბიბლიოთეკას.

"მე მაქვს ახალი შეთავაზება მთავრობასთან, არ მაინტერესებს თქვენი პოლიტიკური ბედი, მაინტერესებს ჩვენი ხალხი, რომელთა დიდი ნაწილი ულუკმაპუროდ ჩარჩენილია ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ფანჯარა მათი ჩამოყვანის სულ უფრო და უფრო მცირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ხალხს ვერ ამოვიყვანთ და გავუშვებთ სახლებში, მაგრამ ჩემი შეთავაზება არის ასეთი - მე მაქვს საკმარისი კავშირები და ორგანიზაციული რესურსები იმისათვის, რომ დავაორგანიზოთ ამ ადამიანების ჩამოყვანა საქართველოში, კარანტინში, დაცულად, მაგრამ რაც მთავარია, საკუთარ სამშობლოში. მთავრობას შეუძლია დაუკავშირდეს ჩემს ბიბლიოთეკას, ასევე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ეს შეუძლიათ გააკეთონ არაოფიციალურად და კამერების გარეშე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, მათ შორის, ფინანსური რესურსი მოძიებული, რათა მასობრივად მოხდეს ამ ხალხის ჩამოყვანა ქვეყანაში, არა სახლებში, არამედ სავალდებულო კარანტინში. ახლა ისეთი დროა ყველა უნდა დავდგეთ პირადი ანგარიშსწორების მიღმა", - განცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"