COVID-19 აფხაზეთშიც დაფიქსირდა?!
COVID-19 აფხაზეთშიც დაფიქსირდა?!
აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა, რომელიც "არჩევნებამდე" რამდენიმე კვირით ადრე მოულოდნელად ავად გახდა და სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალობის შემდეგ ის კრასნოდარის ჰოსპიტლიდან სოხუმში დაბრუნდა და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო.

განმეორებით არჩევნებში, რომელსაც წინ "სამთავრობო" შენობებზე შტურმი უძღოდა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხმათა უმრავლესობა - 56.85% მიიღო, შემდეგ მოდის "ექსპრეზიდენტ" რაულ ხაჯიმბას კლანის ლიდერი ადგურ არძინბა და ასევე ყოფილი მაღალჩინოსანი ლეონიდ ძიაფშბა.

აფხაზეთის ე.წ. ცესკოს მონაცემებით, ყველაზე
მაღალი აქტიურობით ამჯერადაც გალის რაიონი გამოირჩეოდა, თუმცა რაულ ხაჯიმბას დროს დაწესებული შეზღუდვები მათთვის ჯერაც არ მოხსნილა. კერძოდ, ხმის მიცემის საშუალება არ ჰქონდათ იმ ეთნიკურ ქართველებს, რომლებსაც აფხაზური პასპორტები არა აქვთ, და ასეთი ძალიან ბევრია.

ბჟანია თავს იმართლებს?


არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან
განაცხადა, რომ მისი გუნდი დაინტერესებულია "საქართველომ აფხაზეთი აღიაროს", მანამდე კი "ორმხრივი დიალოგი საქართველოსა და აფხაზეთს შორის შეუძლებელია".

აფხაზი საზოგადოების ნაწილმა ბჟანიას ეს განცხადება ერთგვარ თავის მართლებად ჩაუთვალა, რადგან საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემული ინტერვიუ აფხაზეთში დიდხანს იყო განხილვის საგანი.

"სახელმწიფო მოღვაწეებმა ან პოლიტიკოსებმა მარტივი ჭეშმარიტებები უნდა იცოდნენ ომის შემ­დეგ ძალიან ბევრი რამ იცვლება. ომი ცვლის საზღვრებს, ომის გამო სახელმწიფოები ქრება ან ახალი სახელმწიფოები იქმნება. ბევრი ამბობს, რომ უნდა დავუბრუნდეთ ომამდელ პერიოდს, თუმცა, როგორ შეგვიძლია სიტუაცია 1992 წელში დავაბრუნოთ? დაღუპული ადამიანების დაბრუნება შესაძლებელია?.. ასევე შეუძლებელია ჩვენი დაბრუნება საქართველოში", - განაცხადა მაშინ ბჟანიამ, თუმცა დასძინა, რომ სურთ თუ არა, ადამიანური ურთიერთობები არსებობს და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მისაღებად აფხაზები ქართულ მხარეს გადადიან...

"რაც შეეხება დევნილების დაბ­რუნებას, ჯერ ის რეალობა ვაღიაროთ, რომელიც არსებობს, შემდეგ, თუ საჭიროდ ჩავთვლით, ერთობლივი ძალისხმევით მასში კორექტივებს შევიტანთ. საქართველოს მიერ აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარება ძირფესვიანად შეცვლიდა ბევრ რამეს სამხრეთ კავკასიაში და არა მხოლოდ", - განაცხადა მან "ინტერპრესნიუსთან".

ბჟანია VS აფხაზი კრიმინალები

ბჟანიას ერთი შეხედვით თავშეკავებული ოპონენტების მიღმა დიდი და აგრესიული ძალა იმალება, რომლებიც ხაჯიმბას კლანთან ალიანსში არიან... ეს არის ე.წ. ქურდული სამყარო, რომელიც მას ჯერ კიდევ "პრეზიდენტად" არჩევამდე ემუქრებოდა, რადგან ცნობილია, რომ ბჟანია და მისი გუნდი კრიმინალური სამყაროს მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩევიან. თუ ის მართლა გადაწყვეტს რეგიონში რეფორმების გატარებას, ეს კრიმინალებსაც შეეხება. სხვა საკითხია, რამდენად მარტივად დათმობენ ისინი პოზიციებს, რადგან ცნობილია, რომ პოლიტიკასა და ბიზნესში კარგად არიან ინტეგრირებული.

"ბჟანიას ეს ქვეყანა მისი ჰგონია, თუმცა მალევე მიხვდება, რომ ასე არ არის, აქ სხვებიც ვართ... თუ ვერ მიხვდება, მივახვედრებთ", - ამბობს შეიარაღებული კრიმინალი ვიდეოჩანაწერში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა.

საგარეო ვექტორი და რუსეთის როლი


აფხაზების აზრით, საგარეო­ მიმართულებით არაფერი შეიცვლება და ისევ რუსეთზე იქნებიან დამოკიდებული, ამან კი შესაძლოა ბჟანიას მიმართაც გააჩინოს პროტესტი, ისევე როგორც მისი წინამორბედების შემთხვევაში... ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი გახდება, რომელიც რეგიონში ავტორიტეტით სარგებლობს, თუმცა საკითხავია, როგორ შეძლებს ბჟანია-ანქვაბის გუნდი გამოწვევებთან გამკლავებას ისე, რომ რუსეთს ზედმეტად ჩარევის უფლება არ მისცეს და სომხური კლანის განსაკუთრებით ბოლო დროს გაღვიძებული მადა და ამბიციები შეზღუდოს, მით უფრო, რომ სომხური ბიზნესლობი სწორედ რუსეთიდან იმართება...

შერბილდება თუ არა პოლიტიკა გალის ქართველებისთვის


ხაჯიმბას მმართველობის წნეხი გალის მოსახლეობაზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. მათ მშობლიურ ენაზე სწავლებისა და თავისუფლად გადაადგილების უფლება წაართვეს, მათთვის არ გაიცემოდა საკუთრების დამადასტურებელი საბუთები და, ფაქტობრივად, იზოლაციაში ცხოვრობდნენ, რასაც ბჟანიას გუნდი მიუღებელს უწოდებდა. თუმცა რას შეცვლიან ახლა, ჯერ არ თქმულა, თუ არ ჩავთვლით ვარაუდს, რომ შესაძლოა გალელთა უფლებები სხვებისას გაუთანაბრდეს.

"მორიგე ექიმებმა ეპიდსამსახურს შეატყობინეს, პაციენტს კორონავირუსზე ანალიზი სჭირდებაო"


ადგილობრივების თქმით, აფხაზეთში უკვე გავრცელებულია COVID-19, თუმცა ხელმძღვანელობა ამას მალავს, რადგან საავადმყოფოებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს... გულრიფშის რაიონის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ზურაბ აჩბა (ის საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია) სოციალურ ქსელში წერს: "დამკვირვებელი თუ ამომრჩეველი ყველა უნიღბოდ და უხელთათმნოდ იყო, ადამიანები ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ... სამედიცინო დაწესებულებები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშეა, არც ნიღბები გვაქვს, არც სადეზინფექციო ხსნარები და სპირტი. თუმცა ქაღალდზე ყველაფერი გვაქვს... ახლახან რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოვიდა ქალი გრიპის ნიშნებით - მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა და საერთო სისუსტე. მორიგე ექიმებმა ეს ამბავი ეპიდსამსახურს შეატყობინეს, კორონავირუსზე ანალიზი სჭირდებაო, მათ კი უპასუხეს, რომ შაბათ-კვირა არასამუშაო დღეებია", - წერს აფხაზი ექიმი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?