სოზარ სუბარი: "ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველაზე ცუდი სცენარი არ განვითარდეს" - კვირის პალიტრა

სოზარ სუბარი: "ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველაზე ცუდი სცენარი არ განვითარდეს"

"ალკატრასის ციხიდან გაიქცნენ პატიმრები და მით უმეტეს, მარნეულიდან გასვლა არ არის შეუძლებელი"

"საკარანტინე სივრცეებისთვის საკმარიზე მეტი ადგილი უკვე მოძიებული გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, სპორტდარბაზებსა და საკონცერტო დარბაზებში საკაცეები დავდგათ ინფიცირებულთა სამკურნალოდ", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი.

რა ხდება ბოლნისსა და მარნეულში, "კვირის პალიტრა" სოზარ სუბარს ესაუბრა.

- მას შემდეგ, რაც მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა, სიმშვიდეა. უკვე 20 ათასზე მეტი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდა. დასრულდა ქალაქის დეზინფექცია და სოფლებში გადაინაცვლეს. მარნეულზე უფრო მეტი ფოკუსია, სადაც დაინფიცირებული ქალი ცხოვრობს. ცუდია, რომ ოჯახის 4 წევრს აღმოაჩნდა კორონავირუსი, მაგრამ კარგი ის არის, რომ ვირუსი ჯერჯერობით მათი ოჯახიდან არ გასულა.

- ანუ შიდა გავრცელება არ არის?

- დიდი და ფართო გავრცელება არა გვაქვს, მაგრამ თვითონ ის ქალი და მისი ოჯახის წევრებიც შიდა გავრცელების მსხვერპლი არიან. მათ მიღმა უფრო ფართო კონტაქტები ჯერ არ დადგენილა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ აღმოჩნდება, ან თუნდაც სხვაგან, სადაც არ ველოდებით, მაგრამ ამასობაში სწრაფი ტესტების გამოყენება დაიწყება და პასუხებსაც სწრაფად მივიღებთ.

- მარნეულელი დაინფიცირებული ქალის ყველა კონტაქტი დადგენილია?

- 100-მდე პირდაპირი და 1700-მდე არაპირდაპირი კონტაქტი დადგენილია, მაგრამ თქვენც ხომ იცით, ძნელია გახსენება, ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ვისთან გქონდათ კონტაქტი. რომ გაიგებენ, ის ქალი დაინფიცირდა, იქნებ თვითონ განაცხადონ, რომ ჰქონდათ კონტაქტი. თუმცა შეიძლება დამალონ კიდეც, რადგან ეს სტიგმაც მოქმედებს. შიდა გავრცელებას თვითონ საზოგადოება უწყობს ხელს. ყველამ ვნახეთ, ამ ქალის ისტორიას სოციალურ ქსელში რა ამბავი მოჰყვა. შეიძლება ამის გამო ვინმემ დამალოს კიდეც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ვირუსმა არ იცის რელიგია და არც ეთნიკურობა.

- იკვეთება თუ არა მარნეულელი ქალის უპასუხისმგებლობა?

- ის საზღვარგარეთ არ ყოფილა, ვინც იმყოფებოდა და მასთან კონტაქტი ჰქონდა, ის პირი დადგენილია, მაგრამ მას ჯერ არ დადასტურებია კორონავირუსი. როცა მარნეულელი ქალი ავად გახდა, მაშინვე არ მიაკითხა ექიმს, როცა მიაკითხა, ექიმებმა გაციებაზე დაუწყეს მკურნალობა.

- ვისგანაც გადაედო, ვინ არის ის? - თავს შევიკავებ კომენტარისგან. ამაზე ექიმები ისაუბრებენ...

- რამდენად მკაცრად აკონტროლებენ მარნეულს და ბოლნისს? ამ რეგიონს ბევრი შემოვლითი გზა აქვს. - დიახ, ბევრი სამანქანო გზაა და ყველა გადაკეტილია. პირველ დღეს ძალიან ბევრი ზარი შემოდიოდა, რომ ვიღაცები შემოვლითი გზით გადიოდნენ. ყველა ფაქტი გადავამოწმე შსს-სთან და ყველა მათგანი უკან დააბრუნეს. თუ ვინმე სხვა ფარული გზებით გავიდა, ვერ გეტყვით. ალკატრასის ციხიდან გაიქცნენ პატიმრები და მით უმეტეს, მარნეულიდან გასვლა არ არის შეუძლებელი...

- კარანტინში მყოფ მოსახლეობას საკვები პროდუქტების პრობლემა ხომ არ შეექმნება? - ეს პრობლემა ნამდვილად არ შექმნილა. თუმცა შემოდის უამრავი ზარი. მაგალითად, ერთ-ერთი სოფლიდან დარეკეს, რომ პროდუქტი არ არის და ამ ამბის გასავრცელებლად ტელევიზიაში რეკავდნენ. როგორც აღმოჩნდა, ერთი პატარა სასურსათო მაღაზია დაკეტილა, იმიტომ, რომ მის მეპატრონეს შეშინებია. შემდეგ მაღაზიაში ადგილობრივმა მოსახლემ დაიწყო მუშაობა და მაღაზია აამუშავეს; მეორე მოქალაქე რეკავდა იმიტომ, რომ ბაზარში ლობიო გაძვირებული დახვდა. ცუდია, პროდუქტი რომ ძვირდება, მაგრამ ეს მინიმალური პრობლემაა იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ ვუყურებთ ესპანეთში, იტალიაში... გარდაცვლილთა დამარხვას ვერ ახერხებენ. სამხედრო მანქანებით გადაჰყავთ სხვა რეგიონებში და მარხავენ მასობრივად, ოჯახის წევრების დაუსწრებლად. ხალხმა ცოტა უნდა მოითმინოს, რომ ეს ჩვენთან არ განმეორდეს. კარანტინში დისკომფორტი ყოველთვის არის. დისკომფორტი კი არა, მთელი მსოფლიოს ეკონომიკები კრიზისშია და გამონაკლისი არც საქართველოა. ბევრი საწარმო გაჩერდა და ამასაც ვითმენთ.

- საკარანტინო ზონად გადაქცევა სხვა რეგიონებსაც ხომ არ ემუქრება?

- ამას წინასწარ ვერავინ იტყვის. მარნეული და ბოლნისი იმიტომ ჩაიკეტა, რომ დაინფიცირებულის ზუსტი წყაროს დადგენა ვერ ხერხდება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსგავსი რამ სხვა რეგიონში არ დაგვჭირდეს, მაგრამ თუ დაგვჭირდება, იმავეს გავაკეთებთ.

- ყველაზე ცუდი სცენარისთვის რამდენად არის საქართველო მზად? - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველაზე ცუდი სცენარი არ განვითარდეს. მაგალითად, საკარანტინე სივრცეებისთვის საკმარიზე მეტი ადგილი უკვე გვაქვს მოძიებული. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, სპორტდარბაზებსა და საკონცერტო დარბაზებში საკაცეები დავდგათ ინფიცირებულთა სამკურნალოდ.