რა უნდა ქნას საქართველომ, რომ "ეკონომიკურ დეპრესიაში" გარდამავალი კრიზისი აიცილოს
რა უნდა ქნას საქართველომ, რომ "ეკონომიკურ დეპრესიაში" გარდამავალი კრიზისი აიცილოს
"არანორმალურია, როდესაც სეზონზე კიტრსა თუ კარტოფილს ღორებს ვაჭმევთ, ზამთარში კი ჩვენ თურქულს ვჭამთ. რატომ ვაკეთებთ ამას, როცა იმავე ინვესტიციებით შეიძლებოდა ქვეყანაში მაცივრები გვქონოდა?! მაშინ ხომ იმპორტული პროდუქტის შემოტანა აღარ დაგვჭირდებოდა?! აღარც ვალუტაზე გაიზრდებოდა მოთხოვნა, ფასებიც სტაბილიური იქნებოდა..."

უნდა შემუშავდეს თუ არა ანტიკრიზისული გეგმა და რას უნდა ითვალისწინებდეს ის? სწორედ ეს იქნება ექსპერტებთან ჩვენი საუბარის თემა.

"მნიშვნელოვანია, დროულად დაგვეხმარებიან თუ არა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები"


სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: - იმის თქმა,
რომ კორონავირუსის შემდეგ მოსახლეობის მდგომარეობა არ შეიცვლება, სიცრუე იქნება. ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევის წინაშე. ეს არის გლობალური ეკონომიკის შეკუმშვა - მოთხოვნისა და მიწოდების შემცირება, ამიტომ მოსახლეობის კეთილდღეობის ძველი პარამეტრებისა და დონის შენარჩუნება ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. მოსახლეობის მოხმარების დონის შენარჩუნება მეტ-ნაკლებად დამოკიდებული იქნება
იმ რეზერვზე, რომელიც წინა პერიოდში ჰქონდათ ცალკეულ შიდა მეურნეობებს, იქნება ეს ხანგრძლივი შენახვის ვადის მქონე კვების პროდუქტი თუ სხვა საქონლის მარაგი, მაგრამ ეკონომიკის შეფერხება გამოიწვევს მოხმარების შემცირებას და კეთილდღეობის დონის დაქვეითებას. ასეთ პირობებში ხელისუფლების ამოცანაა, იზრუნოს ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფების - პენსიონერებისა და დაბალშემოსავლიანი ადამიანების - დაცვაზე; ასევე მათზე, ვინც მყისიერად დაკარგეს შემოსავლის წყარო ცალკეული სფეროების შეჩერების გამო.

ანტიკრიზისული გეგმა გულისხმობს აგრეთვე იმ ერთდროული და დროებითი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც საგანგებო ვითარების პირობებში აუცილებელია. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ, ალბათ, ეს იქნება შეღავათები ამა თუ იმ სახის კომუნალურ გადასახადებზე, დახმარებები ცალკეული კატეგორიის ადამიანებისთვის და სხვ. ეს დამოკიდებული იქნება როგორც შიდასაბიუჯეტო განაწილებაზე, ასევე კიდევ ორ ფაქტორზე. პირველი ფაქტორი - მნიშვნელოვანია, დროულად დაგვეხმარებიან თუ არა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები.


დამთავრდა ვირტუალური სამიტი დიდი ოცეულის ქვეყნების ხელმძღვანელთა მონაწილეობით, რომელზეც ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად 5 ტრილიონი დოლარის გამოყოფა გადაწყდა. მოახერხებს თუ არა საქართველოს დიპლომატიური გუნდი, აქედან რაც შეიძლება მეტი დახმარება წამოიღოს? სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ანტიკრიზისული პროგრამის პარამეტრები.

ახლა მეორე ფაქტორი - რა თანხა სჭირდება ამ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას და მოსახლეობის გადარჩენას? ჩვენ ახლა ვდგავართ მკაცრი რეალობის წინაშე - ეკონომიკა მთლიანად ექვემდებარება სამედიცინო პრობლემას. სახსრები, უპირველესად, იხარჯება ამ მიმართულებით და თუ რამე დარჩა, ხმარდება ეკონომიკასა და სოციალურ დაცვას, ამიტომ თითოეული ჩვენი მოქალაქის სოციალურ პასუხისმგებლობაზეც არის დამოკიდებული, რომ რაც შეიძლება ნაკლები სახსრები დაგვჭირდეს კორონავირუსის ეპიდემიის ჩასაქრობად, რათა დაგვრჩეს რესურსი ადამიანთა მატერიალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად.

"ეკონომიკა მარტენის ღუმლის პრინციპით მუშაობს - გაჩერება ადვილია, მაგრამ ხელახლა ამუშავება - რთული"


გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - რთული ვითარებაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ერთია კონორავირუსთან დაკავშირებული კრიზისის დაძლევა და მეორე - პოსტკრიზისული პერიოდი, რომელიც უკავშირდება სულ სხვა ტიპის პრობლემას - "ეკონომიკურ დეპრესიაში" გარდამავალ კრიზისს და ჩვენ ამ გლობალური პრობლემის ნაწილი ვართ. ჩვენთან ვითარებას ართულებს ის, რომ არ გვაქვს რეზერვი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა როგორც სოციალური სფეროს, ასევე ეკონომიკის მეტ-ნაკლებად სტიმულირება; მაინცდამაინც არც გარედან დახმარების იმედი უნდა გვქონდეს. ჩვენთვის არავის ეცლება, რადგან ყველა ქვეყანა თავისი პრობლემების მოგვარებას ცდილობს.

- როგორ უნდა მოვიქცეთ?
- არის ორი პაკეტი: ერთი - მოკლევადიანი, რომელიც უფრო სოციალურ საფრთხეზეა ორიენტირებული და მეორე - ხანგრძლივ რისკებს მორგებული ეკონომიკური პაკეტი. ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. სოციალური პაკეტის შემუშავება ეკონომიკურ რისკს გაზრდის, თუმცა რადგან ხელისუფლების მთავარი ვალდებულება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა, სოციალური პაკეტი უნდა არსებობდეს. სოციალურ პაკეტზე ბევრს არ ვილაპარაკებ... გასაგებია, რომ ადამიანები ვერ მუშაობენ, ლარი უფასურდება, ამასთან, ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და ფასები უფრო გაიზრდება. ბუნებრივია, ამას სჭირდება მოსახლეობის დაუცველი ფენების შესაბამისი ინდექსაცია. არის მეორე პრობლემაც - ბევრი, ვინც ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული, უმუშევარი დარჩა და სოციალურად დაუცველ ფენას დიდი სეგმენტი დაემატა, ამიტომ სოციალური პაკეტი გაგვიფართოვდება და ხელისუფლებას საბიუჯეტო ხარჯების კორექტირება მოუწევს. რაც შეეხება ხანგრძლივ პაკეტს... კორონავირუსის შემოტევა რომ დასრულდება, ჩვენ ეკონომიკის ხელახლა ამუშავება დაგვჭირდება. ეკონომიკა მარტენის ღუმლის პრინციპით მუშაობს - გაჩერება ადვილია, მაგრამ ხელახლა ამუშავება - რთული. ამ დროს საჭიროა სერიოზული სტრატეგიული, სისტემური გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ ამ დღეებში მოვისმინეთ რეკომენდაციები, რომლებიც, ძირითადად, ორიენტირებულია საგადასახადო შეღავათებზე, რაც მე, სიმართლე გითხრათ, არ მომწონს. ეს გზა მაინცდამაინც ეფექტიანი არ იქნება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ხარჯი შეიძლება წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს.

- რატომ ფიქრობთ ასე?
- ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქონების გადასახადსა და საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით კონკრეტული პერიოდის განმავლობაში შეღავათები გვექნება, მაგრამ რას გვაძლევს ეს? ასეთი ზომები შედეგიანი იქნება, თუ კომპანიებს აქვთ კონკურენციის პრობლემა, მაგრამ ახლა კონკურენცია კი არა, საერთოდ გაჩერებული არიან! გაჩერებული კომპანია ისედაც ვერ იხდის გადასახადებს. თუ მე გაჩერებული ვარ და თქვენ საშემოსავლო გადასახადზე შეღავათს მიწესებთ, რას მომიტანს ეს? მიმაჩნია, რომ ეს ზომები არასაკმარისი და არცთუ ეფექტიანია.

- რა იქნებოდა ეფექტიანი?
- მე ვფიქრობ, ჩვენი მწირი შესაძლებლობებდან გამომდნარე, არის მინიმუმი, რის გაკეთებაც შეგვიძლია. პირველი - მოგეხსენებათ, ჩვენთან საშუალო და მცირე ბიზნესი მუშაობს კრედიტებით. ხელისუფლებას შეუძლია საბანკო სისტემასთან მოლაპარაკება და საკრედიტო არდადეგების გამოცხადება. კი არ გადაუვადდეთ პროცენტის გადახდა, არამედ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ეს პროცესი საერთოდ შეჩერდეს, ანუ მრიცხველი გაჩერდეს და ჩაირთოს მას შემდეგ, რაც ბიზნესი ისევ ამუშავდება.

მეორე ის გახლავთ, რომ საშუალო და მცირე ბიზნესს დაგროვილი აქვს მიმდინარე გადასახადები. ვეჭვობ, რომ ამ გადასახადებს ჯარიმა და საურავებიც ემატება, ამიტომ როდესაც ბიზნესი ამუშავებას დაიწყებს, ამა თუ იმ მეწარმეს შეიძლება ისეთი გაუსაძლისლი ტვირთი დააწვეს, რომ აზრი აღარც ჰქონდეს მისი საქმიანობის განახლებას.

ბიზნესის რესტარტის დროს მნიშვნელოვანი იქნება იაფი ან უპროცენტო ფულით ფინანსური სტიმულირება, ოღონდ იმ დათქმით, რომ ეს ფული მიეცემა მცირე და საშუალო ბიზნესს ინდივიდუალურად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენენ ბიზნესგეგმას, თუ როგორ შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს. ეს ზომები შეიძლება საკმარისი არ იყოს, მაგრამ ხელს შეუწყობს მოსალოდნელი ტოტალური გაკოტრების, ეკონომიკური ვარდნის პრევენციას.

ბუნებრივია, ბევრი იტყვის, რა დროს ბიზნესის ხელშეწყობააო... სოციალური პაკეტი დროებითია. უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს შეგვიძლია ორი-სამი თვე დავეხმაროთ, მაგრამ იმისათვის, რომ ისინი სამსახურს დაუბრუნდნენ, ბიზნესი უნდა ამუშავდეს, თორემ სამუშაო ადგილები სულ დაიკარგება და ეს ხელისუფლებისთვის დამატებით ტვირთად იქცევა.

- რა დაგვანახვა ამ კრიზისმა?
- ეკონომიკური თვალსაზრისით დაგვანახვა ის, რომ არაფრისთვის მზად არ ვართ. ეკონომიკური უსაფრთხოება, თვითკმარი ეკონომიკა შენდება მხოლოდ ეკონომიკის რეალურ სექტორზე. შემიძლია გესაუბროთ სასურსათო უსაფრთხოების მაგალითზე, რასაც მერე დომინოს პრინციპით ბევრი სხვა პროცესი მოჰყვა. ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა. კრიზისის დროს ქვეყანას არ აქვს სტაბილურობის რეზერვი და იწყება ქაოსი. ქვეყნის შიგნით უნდა ვაწარმოებდეთ იმდენ საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებს, რამდენსაც მოვიხმართ. ამის შესაძლებლობები ქვეყანას აქვს. საჭირო იყო მხოლოდ შესაბამისი პროტექციონისტური პოლიტიკა. ლაპარაკია არა მხოლოდ აგრარული მეურნეობების განვითარებასა და სტიმულირებაზე, არამედ გადამამუშავებელ მრეწველობაზე, ლოგისტიკაზე...

არანორმალურია, როდესაც სეზონზე კიტრსა თუ კარტოფილს ღორებს ვაჭმევთ, ზამთარში კი ჩვენ თურქულს ვჭამთ. რატომ ვაკეთებთ ამას, როცა იმავე ინვესტიციებით შეიძლებოდა ქვეყანაში მაცივრები გვქონოდა?! მაშინ ხომ იმპორტული პროდუქტის შემოტანა აღარ დაგვჭირდებოდა?! აღარც ვალუტაზე გაიზრდებოდა მოთხოვნა, ფასებიც სტაბილური იქნებოდა...

დიდი ხანია, ამაზე ვლაპარაკობ და მიმაჩნია, რომ ეს ქვეყნის სტრატეგიული ამოცანაა. ამის ერთ-ერთ კონტრარგუმენტად ითქვა, ეს ძვირი ჯდებაო. კი, მაგრამ ამ ფორსმაჟორულ ვითარებაში კურსი რომ გაიქცა და კურსის მიხედვით შემოტანილი კარტოფილი და კიტრი 20-30-%-ით გაძვირდა, იმედია, ახლა მაინც მივხვდებით, რაოდენ მნიშვნელოვანია ეკონომიკის სექტორის სწორი განვითარება.

- ზუგდიდში ერთ-ერთი პარტიის მიერ პირბადეების დარიგების აქციაც მინდა შეაფასოთ, რომლის დროსაც საგანგებო რეჟიმის პირობები უხეშად დაირღვა...
- ზოგიერთები ისევ ინერციით მიჰყვებიან პოლიტიკურ პოპულიზმს და არ ესმით საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. შესაბამისად,
ეს არის მავნებლობაში გარდამავალი სიბრიყვე და სხვა არაფერი. თუ ვინმეს უნდა ქველმოქმედება და თუნდაც ამ ტიპის პარტიული აქტივობები, ეს აუცილებლად უნდა ხდებოდეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, რათა უსაფრთხოების სტანდარტები დაცული იყოს.
ახლა შიდაპოლიტიკა უნდა დავაპაუზოთ და კონსოლიდირებულად დავამარცხოთ, უხილავი საფრთხე.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?