"დადგა დრო, ქართველები სამშობლოს დაუბრუნდნენ" - კვირის პალიტრა

"დადგა დრო, ქართველები სამშობლოს დაუბრუნდნენ"

"სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შექმნას 3 მილიარდი ლარის საგარანტიო ფონდი, რათა ბიზნესებმა მუშაობის გაგრძელება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლონ..."

საქართველოში შესაძლოა საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს. ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე მინიშნებებს აკეთებენ. "თუ ის რისკები გაიზრდება, რომელთაც დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, არ გამოვრიცხავთ არც ერთ სცენარს, მათ შორის სრული კარანტინის გამოცხადებას. შეიძლება შემოვიღოთ წესრიგი, რომლის დროსაც, გარდა აუცილებელი საჭიროებისა, გარეთ არ გამოვიდეს ადამიანი", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. "საყოველთაო კარანტინიდან შორს არ ვართ", - აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეც. მისივე თქმით, თუ მოქალაქეები გადაუდებელი საჭიროების გარდა, სხვა შემთხვევაშიც აქტიურად გავლენ ქუჩაში, ისინი პროცესების სწორად მართვაში სახელმწიფოს ხელს შეუშლიან. ხელისუფლების ამ ინიციატივას მხარს უჭერს პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. ის მმართველ გუნდს ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის შემოღებისას მოუწოდებდა მთელ ქვეყანაში კარანტინის გამოცხადებისკენ. რატომ მიიჩნევს აუცილებლობად მკაცრი ზომების გატარებას "ლელოს" ლიდერი, როგორ აფასებს ხელისუფლების გატარებულ ღონისძიებებს კრიზისულ ვითარებაში, თავად როგორ წარმოუდგენია ანტიკრიზისული გეგმა და რა საფრთხეებს ხედავს ეკონომიკური განვითარების კუთხით, ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე გვესაუბრება.

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების ნაწილი ვერ იაზრებს, თუ რაოდენ დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯობია, ახლა დავალაგოთ სიტუაცია, ვიდრე მერე გაგვექცეს პროცესი. ახლა ხუმრობის და თამაშის დრო არ არის. დღემდე პროცესი იმიტომ არ გაგვექცა, რომ კორონავირუსს ფრონტის წინა ხაზზე პროფესორები, ექიმები და სანიტრები დახვდნენ. აუცილებლად უნდა გამოვაცხადოთ მკაცრი კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

- ამ პროცესში ხელისუფლების გატარებულ ღონისძიებებს როგორ აფასებთ?

- ღონისძიებებს დღეს ატარებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც პროფესიონალიზმთან ერთად კრიზისული ვითარების მართვის ცოდნაც გამოავლინეს. ხელისუფლება მათ უჯერებს და სიტუაცია მეტ-ნაკლებად კონტროლდება. ეს კარგი ამბავია, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ეკონომიკის მიმართულებით კონკრეტული არაფერი ხდება. პრობლემაა, რომ ხელისუფლება არ აკეთებს დიაგნოსტიკას, თუ სად ვართ ახლა, სად ვიქნებით სამ თვეში და რა მოხდება მომავალში ჩვენს ეკონომიკაში.

- მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის დაწესებით ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად ხომ არ შევა ჩიხში? - მკაცრი ზომების მიღება ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას არ გულისხმობს.

დასაკეტი ბიზნესი რაც იყო, უკვე დაიკეტა. მე ვგულისხმობ მკაცრ დისციპლინასა და საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების ზუსტად შესრულებას.

- თქვენ უკვე არაერთხელ აღნიშნეთ, რომ კრიზისის სამართავად და დასაძლევად კომპლექსური, სწრაფი ზომების მიღებაა საჭირო. როგორია თქვენი ინიციატივები? - ხელისუფლებამ უპირველესად დიაგნოზი უნდა დაუსვას ეკონომიკას და დაიანგარიშოს, რა ზარალი შეიძლება მიაყენოს კორონავირუსმა ქვეყანას სამი თვის განმავლობაში, წლის ბოლომდე... ჩვენ ასეთი დიაგნოზი უკვე გვაქვს. უნდა განვიხილოთ ორი - პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარი და ორივე შემთხვევისთვის მოვემზადოთ. აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის, მათ შორის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა. გასათვალისწინებელია, რომ გაზაფხულია და მიწები დასამუშავებელია. ჩვენ ხომ არ ვიცით, რას მოგვიტანს პანდემია. აგერ რუსეთი უკვე ამკაცრებს ხორბლის ექსპორტს. ისეთი პერიოდი მოდის, ყველა თავისი მოსახლეობის გამოკვებაზე დაიწყებს ფიქრს. ჩვენც ჩვენი სურსათ–სანოვაგის შექმნა უნდა დავიწყოთ. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივაში შეიქმნას სტაბილიზაციის ფონდი, რომელიც ლარის კურსის დერეფანს განსაზღვრავს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბიზნესმა თავისი საქმიანობა დაგეგმოს. პანიკა ყველაზე ცუდი რამ არის კრიზისის დროს, გაურკვევლობა, კიდევ უარესი. ეს განსაკუთრებით ბიზნესისთვისაა დამაზიანებელი. როდესაც ბიზნესმა არ იცის, როგორი იქნება ლარის მოქმედება უახლოეს პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა რეგულაციებს უნდა გადახედოს და ახალი შეთავაზება გააკეთოს. ეს უნდა მოხდეს სამთავრობო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში. 8%-ით მაინც უნდა შემცირდეს საბიუჯეტო ხარჯები.

უამრავი ისეთი ხარჯია, რომელთა ამოღება დღეს შესაძლებელია. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს კაპიტალურ დანახარჯებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. პირიქით, ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო მეტად უნდა განვავითაროთ. როგორც კი პანდემია გადაივლის, უნდა გავაორმაგოთ კიდეც. სამცვლიან მუშაობაზე უნდა გადავიდეთ. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შექმნას 3 მილიარდი ლარის საგარანტიო ფონდი, რათა ბიზნესებმა მუშაობის გაგრძელება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლონ. ვფიქრობ, ბიზნესის დიდ ნაწილს ამ თანხის გამოყენება არც დასჭირდება - იმ განწყობით, რომ მათ საგარანტიო თანხა უმაგრებს ზურგს, თავად გადალახავენ კრიზისს. ეს ბიზნესს საშუალებას მისცემს განსაზღვროს თავისი ნაბიჯები, ყველაზე ცუდ სცენარშიც კი. მაგალითად, ხომ ძალიან ცუდი იქნებოდა, რომ არ ვიცოდეთ, რამდენი ინფიცირებული ან გამოჯანმრთლებული გვყავს? თქვენ პანიკა და ქაოსი მაშინ გენახათ, ინფიცირებულთა შესახებ ყოველდღიურ ინფორმაციას რომ არ ვიღებდეთ. ასევეა ეკონომიკაში - ბიზნესმა უნდა იცოდეს, რა სირთულეების წინაშე დგას, რომ შემდგომი ნაბიჯები განსაზღვროს.

- თქვენი წარმოდგენით, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ რამდენად შეიცვლება სამყარო, როგორ გადალაგდება პრიორიტეტები და რა გავლენას იქონიებს ეს ჩვენს ქვეყანაზე? - ჩვენ ხომ უკვე ვხვდებით, რომ ვირუსის დამარცხების შემდეგ მსოფლიო სხვანაირი იქნება, ყველა ასპექტით. ადამიანები შეცვლიან ფულის ხარჯვის ტრადიციას, შემცირდება მოთხოვნა ბრენდულ პროდუქტზე და ფულს მხოლოდ საჭირო ნივთებში დახარჯავენ. გაიზრდება ინვესტიცია მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებში. დღეს უკვე ბევრი მიხვდა, რომ ონლაინრეჟიმზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. პრიორიტეტული გახდება ონლაინბიზნესი, ონლაინგაყიდვები. შეიცვლება ტურისტული ინდუსტრია. ადამიანი საკუთარ ქვეყანაში ამჯობინებს მოგზაურობას. კორონავირუსის შედეგად შექმნილი კრიზისული მდგომარეობა, ერთი მხრივ, გამოწვევაა, მაგრამ, მეორე მხრივ, მე ამას ახალ შესაძლებლობად განვიხილავ. ახალ მოცემულობაში ჩვენ შეგვიძლია ინოვაციების, ტექნოლოგიების და ბიოპროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა გავხდეთ. შესაძლოა გავხდეთ უზარმაზარი ლოჯისტიკური ჰაბი ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის "ამაზონი", "ალიბაბა" და ა.შ. ყველაზე დიდ პერსპექტივას სოფლის მეურნეობაში ვხედავ. ქართველებმა დანაშაული ჩავიდინეთ, როდესაც სოფელი მივატოვეთ. დღეს ეს მიმართულება უნდა განვავითაროთ. 300 ათასი ჰექტარი მიწა, თუ მეტი არა, დღეს სახელმწიფოს ხელშია. ეს მიწები ქართულ კომპანიებს უნდა გადაეცეს პრივატიზებით, საინვესტიციო ვალდებულებით. ერთი გოჯიც არ უნდა დავტოვოთ დაუმუშავებელი. ფერმერები და ბიოპროდუქციის მწარმოებლები გადასახადებისგან უნდა გავათავისუფლოთ. უფრო მეტიც, სუბსიდირება უნდა მივცეთ. ბიომეურნეობა ჩვენი მომავალია, ევროპაში ეს ორმოცმილიარდიანი ბაზარია. ადამიანებმა უკვე დააფასეს ჯანსაღი პროდუქცია, ხარისხიანი პროდუქტი.

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენმა სამედიცინო ინტელექტუალურმა ძალამ დაგვანახა, რომ საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ეპიცენტრად გადაქცევის შესაძლებლობა აქვს. დღემდე იაფფასიან ტურიზმს ვუკეთებდით სუბსიდირებას. მოგზაური ტურისტებისგან შემოსული 8 მილიონი ლარი გვიხაროდა და 9 მილიონის მოლოდინში ვიყავით. კრიზისულ მომენტში აღმოჩნდა, რომ მთელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ტურიზმზე ყოფილა ჩამოკიდებული და ერთ დღესაც ყველაფერი გაჩერდა. ჩვენი ინტელექტუალები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტული. ისინი უნდა დავიბრუნოთ, აქ მყოფებიც დავაფასოთ და თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მივცეთ.

- კორონავირუსის საფრთხემ ბევრი ჩვენი მოქალაქე სამშობლოში დააბრუნა, ბევრიც დასაბრუნებლად ემზადება. ქვეყნისთვის, რომლის ბიუჯეტის დიდ ნაწილს გზავნილებიდან შემოსული თანხა შეადგენს, ეს რას ნიშნავს? - ეს ძალიან კარგ რამეს ნიშნავს. დადგა დრო, ქართველები სამშობლოს დაუბრუნდნენ. ჩვენ ყველა მათგანის გონებრივი და ფიზიკური რესურსი გვჭირდება. ზოგს დანაზოგიც ექნება და მხოლოდ საკუთარ თავს კი არ უზრუნველყოფს, სამუშაო ადგილებსაც შექმნის. ესენი სხვა კულტურაში, ევროპაში ნაცხოვრები ხალხია, რომლებმაც ენა იციან, გამოცდილება, ცოდნა აქვთ მიღებული. ზოგი ინტელექტუალურ რესურსს შექმნის, ზოგი სოფლის მეურნეობას განავითარებს.

- როგორ ფიქრობთ, ამ შესაძლებლობების გამოყენებას ხელისუფლება შეძლებს? - ამის იმედი არა მაქვს, მაგრამ ახლა მე და ჩემმა გუნდმა პრინციპულად გადავწყვიტეთ, ხელისუფლება არ გავაკრიტიკოთ. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი - ამ 8 წლის განმავლობაში უამრავი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, 400-კილომეტრიანი ავტობანის მშენებლობაც კი ვერ დაასრულეს. ახლა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კრიზისის დაძლევაში დავეხმაროთ, მერე, როცა არჩევნების დრო მოვა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

ხათუნა ბახტურიძე