"ჩვენ ომში ვართ და მასირებული შეტევა გვჭირდება" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ომში ვართ და მასირებული შეტევა გვჭირდება"

"კრიზისული სიტუაციის მხოლოდ ექიმებზე მინდობა შეცდომაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ომში თვალახვეული წახვიდე"

ბბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. "ჩვენ ომში ვართ, ვირუსი განადგურებით გვემუქრება... თუ მთავრობები აგრესიულ ზომებს არ მიიღებენ, შეიძლება მილიონობით ადამიანი დაიღუპოს. პანდემია მსოფლიოს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს ანადგურებს. უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ ჯოჯოხეთურად, თქვენი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული!" - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა.

კორონავირუსთან დაუნდობელი ომის აუცილებლობაზე საუბრობს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეც. "საფრთხე რეალურია, ყველას გვეხება და მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამკლავებას. უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ მთავრობა და სამედიცინო სექტორი ვერ გაუმკლავდებიან ამ გამოწვევას. ამიტომაც გთავაზობთ ჩვენი გუნდის მიერ მომზადებულ არა შეკავებაზე, არამედ აგრესიულ შეტევაზე ორიენტირებულ სტრატეგიას, რომელიც პრინციპულად განსხვავდება მთავრობის ხედვებისგან". რას ეფუძნება ამ გუნდის ინიციატივა და რა პრეტენზიები აქვს ხელისუფლებასთან, ამის შესახებ გიორგი ვაშაძე გვესაუბრება.

- ჩვენ შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა "შეუტიე კორონას", რომელიც ეფუძნება მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას და რაც მთავარია, ქართველი ექსპერტების ძალიან დიდ ცოდნას. პრემიერი ამბობს, რომ ჩვენ ახლა შეკავების რეჟიმში ვართ. ჩვენ ომში ვართ და მასირებული შეტევა გვჭირდება.

- რას გულისხმობთ მასირებულ შეტევაში?

- მასირებულ, სწრაფ დიაგნოსტიკას, ტესტების საშუალებით რისკჯგუფების შესწავლას, გამოვლენასა და მკურნალობას. ჩვენი გეგმა შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი მოსამზადებელი ეტაპია, რომელიც, თავის მხრივ, სამ კომპონენტს შეიცავს: 1. გაიდლაინებისა და რეკომენდაციების შემუშავება; 2. პირველადი ჯანდაცვის, ანუ ოჯახის ექიმების, ამბულატორიების, პოლიკლინიკების მომზადება; 3. პროგრამული უზრუნველყოფა. მეორე ნაწილი კი არის თარიღების მიხედვით გაწერილი აქტივობები. პირველ რიგში, უნდა დაიწყოს მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობის დიაგნოსტიკა, შემდეგ უნდა შემოწმდეს კარანატინში მყოფი ყველა ადამიანი, მათ კი მოჰყვებიან ექიმები და ჟურნალისტები... ვისაც გამოუვლინდება დაავადება, უნდა ვუმკურნალოთ, ვისაც არა, 2-3-დღიანი იზოლაციის შემდეგ გავუშვათ სახლში. ამ სტრატეგიის რეალიზების შემთხვევაში, 12 აპრილს შეგვიძლია ყოველგვარი კარანტინი მოვხსნათ. ქვეყანაში სწრაფი დიაგნოსტიკის სამასამდე წერტილი უნდა იყოს. თუ ამას არ გავაკეთებთ, კორონასთან ერთად, მშივრებიც დავრჩებით. მიმოიხედეთ გარშემო, აღარავინ მუშაობს. დამსაქმებლებმა არ იციან, ხელფასები საიდან გასცენ. ამ რთული პროცესიდან დროზე თუ არ გამოვალთ, კოლაფსს მივიღებთ. სასწრაფოდ უნდა ჩავატაროთ ტესტირება, მოვხსნათ საგანგებო მდგომარეობა და დავიწყოთ ეკონომიკური რეფორმების გატარება.

- ეპიდემიოლოგების აზრით, მცდარია წარმოდგენა, რომ ტესტირება ბოლოს მოუღებს ეპიდაფეთქებას. მათი მთავარი რეკომენდაციები მაინც იზოლირება, დისტანცირება და სოციალური სოლიდარობაა. პრემიერი ამბობს, რომ ტესტები არ არის პანაცეა და ეს უბრალოდ პოლიტიკური ინსტრუმენტია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ხელში. - ბევრი ადამიანი დამესხა თავს, ბევრმაც გამაქილიკა, მაგრამ დღეს ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მე მართალი ვარ. კრიზისული სიტუაციის მხოლოდ ექიმებზე მინდობა შეცდომაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ომში თვალახვეული წახვიდე.

- ფაქტია, საქართველო დღეს ამ ომს თავს კარგად ართმევს. - კრიზისული სიტუაციის მართვა ექიმების საქმე არ არის, ეს პრემიერის საქმეა. ომში ექიმებს ვინ უშვებს მთავარსარდლად? გაზრდილია მიმართვიანობა ექიმებთან ფსიქოლოგიური შოკის გამო. არასწორი სტრატეგია აქვთ არჩეული. მესმის, რომ კარგი ექიმები გვყავს, მაგრამ როგორ უნდა უმკურნალონ ავადმყოფებს დიაგნოზის დასმის გარეშე? ვირუსთან ბრძოლაში შეტევაზე გადასვლის იდეა პულმონოლოგ ვახტანგ ქაცარავას ეკუთვნის. თუ დაავადებულს ადრეულ ეტაპზე ვიპოვით, უფრო მარტივად ვუმკურნალებთ, გვიან ეტაპზე კი სასუნთქი აპარატები და მთელი რიგი სამედიცინო აღჭურვილობა დაგვჭირდება, რისი დეფიციტიც დღეს მთელ მსოფლიოშია. ახლა თქვენი, მედიის დახმარება გვჭირდება, რომ ხელისუფლებას "მივაწვეთ" და თავდაცვის სტრატეგიიდან სწრაფი შეტევის სტრატეგიაზე გადავიყვანოთ. აგერ მსოფლიო ჯანდაცვის დირექტორიც გვეუბნება, რომ ლოდინის დრო აღარ არის და შეტევაზე უნდა გადავიდეთ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ სიჩქარეში პრობლემას შექმნის ტესტების ხარისხი და სანდოობა? შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უხარისხო ტესტების გამო საქართველომ ხელშეკრულება გააუქმა ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან. - იცით, მე რას გავაკეთებდი? 6-7 კომპანიას დავუდებდი კონტრაქტს, ჩამოვიტანდი და გავტესტავდი. რომელიც კარგი იქნებოდა, მწვანე შუქს ავუნთებდი, უხარისხოს უკან დავაბრუნებდი და ამაში არც ფულს გადავიხდიდი. როგორ შეიძლება ასეთ კრიტიკულ მომენტში სახელმწიფო ერთ კომპანიას ჩამოეკიდოს?! მეც კი 6-7 კომპანიასთან მაქვს მიმოწერა, ყველა დეტალს ვაზუსტებ, სხვადასხვა ქვეყნის ტესტებს ერთმანეთს ვადარებ და დასკვნებს ვაკეთებ. ნახეთ, ამერიკამ დაიწყო მოსახლეობის სწრაფი ტესტირება. თქვეს, ჯობია სწრაფად მივიღოთ პასუხები, ვიდრე თვეები ველოდოთო. ამერიკა მიხვდა, რომ ლოდინში დრო დაკარგა და სწრაფ შეტევაზე გადავიდა. ლოდინის რეჟიმში ყოფნით შეცდომა დაუშვეს ბრიტანეთმა და იტალიამაც. სამხრეთ კორეა პირდაპირ შეტევაზე გადავიდა და ვირუსი მანამდე ჩაკლა, სანამ მომძლავრდებოდა.

- პოლიტიკურ კეკლუცობას მიაწერეს ის ფაქტიც, რომ ხელისუფლებას მოსთხოვეთ საქართველოში დაუყოვნებლივ ჩამოეყვანა ჩვენი მოქალაქეები. განაცხადეს, რომ საამისოდ რესურსი არ ჰყოფნით და მათ ეტაპობრივად ჩამოიყვანენ. თქვენ როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარება? - რა რესურსი არ ჰყოფნით? საავადმყოფოების ინფრასტრუქტურაც გვაქვს და 50 000 ექიმიც გვყავს, რომლებისთვისაც დღემდე არ მიუციათ ინსტრუქციები. მე პირადად მივიღე მონაწილეობა რამდენიმე კერძო რეისის განხორციელებაში და ჩვენი მოქალაქეების ნაწილი ჩამოვიყვანე. ეს ამბავი საჯაროდ არ მითქვამს, რომ პოლიტიკური ელფერი არ მისცემოდა.

- ამბობთ, ინფრასტრუქტურა გამართულიაო, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ საკარანტინე ზონების პრობლემა გვაქვს. - ნახეთ, ისევ სწრაფი ტესტების აუცილებლობის საკითხს მივადექით. რატომ არის დღეს საკარანტინე ზონები გადაჭედილი? იმიტომ, რომ დიაგნოზს ვერ ვსვამთ დროულად. ამ ხალხისთვის სწრაფი ტესტირება რომ ჩაგვეტარებინა, ახლა მათი 90% შინ იქნებოდა და საკარანტინე ზონებიც გამოთავისუფლდებოდა. სანამ კარანტინში ჩაკეტილებს ფსიქოზი არ დამართნიათ და ეკონომიკა თავზე არ დაგვმხობია, დავიწყოთ სწრაფად ტესტირება.

ხათუნა ბახტურიძე