"დიალოგი ხალხთან არ ნიშნავს არჩევნებისთვის მზადებას" - კვირის პალიტრა

"დიალოგი ხალხთან არ ნიშნავს არჩევნებისთვის მზადებას"

"რატომღაც ტენდენციად იქცა, ბურთი პოლიტიკას დაუკავშირონ"

მიუხედავად ოპოზიციის მტკიცებისა, ხელისუფლება უახლოეს თვეებში ვადამდე არჩევნებისთვის ემზადებაო, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი აცხადებს, - განსაკუთრებული არაფერი ხდება, უბრალოდ, ხელისუფლებამ ხალხთან ახლოს ყოფნა გადაწყვიტაო:

- სერიოზული პოლიტიკური ძალა ყოველთვის მზად უნდა იყოს არჩევნებისთვის და ასევე  მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან. "ხალხთან დიალოგი" სწორედ იმას ემსახურება, რომ ჩვენი გაკეთებული საქმეები ხალხამდე მივიტანოთ და მათი აზრის მოსმენის შემდეგ შემდგომი ნაბიჯები დავგეგმოთ. ხელისუფლებას საარჩევნო კამპანია  არ დაუწყია, დიალოგი ხალხთან ნამდვილად არ ნიშნავს არჩევნებისთვის მზადებას.

- გასულ კვირას პრეზიდენტმა ლამის პრესა დაადანაშაულა პოლიციელის სიკვდილში, რომელმაც ყაჩაღის აყვანისას იარაღი არ გამოიყენა. არადა, ის ყაჩაღი პრეზიდენტმა შეიწყალა.

- პრეზიდენტი მხოლოდ ჟურნალისტებს კი არა, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ აზრს გულისხმობდა, - რომ სამართალდამცავი მტყუანია და დამნაშავე - მართალი. საზოგადოებრივი აზრი საბჭოთა პერიოდის გავლენით იმდენად კრიმინალიზებული იყო, რომ  თუ პოლიციელი დამნაშავესთან ძალას გამოიყენებდა, პოლიციელს ამტყუნებდნენ.

- მაგრამ გვაქვს ამის საპირისპირო ფაქტებიც. რამდენიმე კვირის წინ სწორედ სამართალდამცავთა მსხვერპლის - სანდრო გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა პრეზიდენტმა.

- ხომ ითქვა, რომ შეწყალების პროცესი უნდა გადაიხედოს. ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ შესაწყალებელთა სიის წარმდგენნიც და შეწყალების კომისიის წევრებიც.

გირგვლიანის მკვლელობა ძალზე მძიმე და რეზონანსული დანაშაული იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ცალკე დგას მორალური მხარე და ცალკე - იურიდიული. ამ დანაშაულში ბრალდებულებს კანონის ფარგლებში შეეხოთ შეწყალება. მძიმე დანაშაული შეწყალების შემდეგაც მძიმე დანაშაულად რჩება, მაგრამ იურიდიული მხარე ყოველთვის არ ემთხვევა საზოგადოების ემოციურ განწყობას. ამ შემთხვევაში იურიდიულად და სამართლებრივად ყველაფერი სწორად გაკეთდა.

- კარგი, თქვენს კომიტეტზეც გადავიდეთ. განათლებისა და კულტურის კომიტეტში ბოლო დროს გაცხოველებული მსჯელობაა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ?

-  ამ პროექტზე მომუშავე სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ. რეკონსტრუქციის მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ, რომ პროექტი პროფესიულად არის დამუშავებული. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ სამუშაოები ყველა ეტაპზე იუნესკოსთან უნდა იყოს შეთანხმებული, რათა არ მოხდეს ძეგლის ღირებულების შემცირება. პროექტით ჯერჯერობით არსებული კონსტრუქცია უნდა გამაგრდეს, რათა ტაძრის შემდგომი რეკონსტრუქცია გახდეს შესაძლებელი. ბაგრატის ტაძრის მთლიანი რეკონსტრუქცია დასრულდება თუ არა, სამუშაოები, რომელიც დღეს მიმდინარეობს, მაინც ჩასატარებელი იქნება.

დღეს ძეგლი მცირე ბიძგებისგანაც კი დაუცველია, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების შემდეგ კი ძეგლი 8-ბალიან ბიძგებსაც კი გაუძლებს. შიდა კონსტრუქცია ძეგლის გამაგრებისთვის 70-იან წლებში აღდგენილ სვეტებში კეთდება და არა ძველ, ავთენტურ სვეტებში. პროფესიული დავა, რომელიც ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის გამო გაიმართა, ნამდვილად საჭიროა, რადგან ორივე მხარეს ძალზე კარგი სპეციალისტები არიან. ამ შემთხვევაში გამორიცხულია, ვინმეს ქვენა აზრები ამოძრავებდეს.

- ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე პროცესები შიდასახელისუფლებო დაპირისპირების ილუსტრაციად მოინათლა. თქვენი პროტეჟე ნოდარ ახალკაცის ფედერაციიდან წასვლის მიზეზი რა გახდა?

- რატომღაც ტენდენციად იქცა, ბურთი პოლიტიკას დაუკავშირონ. ნოდარ ახალკაცმა თქვა, რატომაც გადადგა. 11-თამაშიანი წარუმატებელი ციკლი ბუნებრივად ქმნის ისეთ საზოგადოებრივ აზრს, რაც მუშაობას ართულებს. ძალიან კარგად მესმის ახალკაცის. როდესაც მიხვდები, რომ საქმე იმდენად დაზარალდა და ისე გამოიყურება საზოგადოების თვალში, რომ მუშაობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, ასპარეზი სხვას უნდა დაუთმო. ფეხბურთი ისეთი სფეროა, რომელიც ყველა ქართველს უყვარს. პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველა ფეხბურთის გულშემატკივრები ვართ. ფეხბურთში პოლიტიკაზე ცხარე კამათია ხოლმე. მთავარია, კამათმა შედეგად ის მოიტანოს, რომ მწვანე მინდორზე კარგი რამეები მოხდეს.

- გიორგი ნემსაძის გამარჯვება და შემდეგ პრეზიდენტობაზე უარის თქმა ნამდვილად გახდა ინსინუაციების საფუძველი.

- დასამალი არაფერია, მაშინ საფეხბურთო სამყაროში, რომელიც ბანაკებად გახლდათ დაყოფილი, დიდი დაპირისპირება იყო. გიორგი ნემსაძის გადაწყვეტილების საფუძველი ის გახდა, რომ დაპირისპირება განელებულიყო.

- საფეხბურთო სამყაროში არსებული დაპირისპირების პარალელურად ლაპარაკობენ სახელისუფლებო ბანაკში არსებულ დაპირისპირებაზეც, სწორედ ამის ნიშნად მიიჩნევენ ჯაშუშობაში ბრალდებული ვახტანგ მაისაიას ადვოკატების განცხადებას, რომლისგანაც თურმე მოითხოვეს, ხელისუფლების  რამდენიმე წევრი თანამზრახველებად დაესახელებინა.

- ვახტანგ მაისაიას ადვოკატების განცხადება არ მომისმენია, მაგრამ თუ ასეთი რამ მართლაც ითქვა, არ მჯერა, რომ სიმართლეა. არა მგონია, მაისაიასთვის ვიღაცაზე ხელის დადება მოეთხოვოთ.

- სექტემბრის ბოლოს ოპოზიცია აქტიურობის ახალ ეტაპს იწყებს.

- პოლიტიკური ბრძოლა ქვეყანაში ყოველთვის უნდა იყოს, მაგრამ მწვავე პოლიტიკური ფონი და აქციები ქვეყანას რომ არ აძლიერებს, ეს უკვე ვნახეთ.  კონსტიტუციაში ცვლილებაც კი შეგვაქვს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურმა ბრძოლამ ნორმალური სახე მიიღოს. მიუხედავად ოპოზიციის მცდარი გადაწყვეტილებისა, არ შესულიყვნენ პარლამენტში, ჩვენ მათ ვაძლევთ შანსს, აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. მათგან არავინ ითხოვს აღიარებას, რომ რამდენიმე თვის წინ შეცდნენ და არასწორ გზას დაადგნენ. თუ ოპოზიციას ქვეყნის ბედი აწუხებს და არა საკუთარი სიჯიუტის წინა პლანზე წამოწევა, შეცვლის მოქმედებას და ხელისუფლების ნაცვლად ქვეყანას არ დაუპირისპირდება.

ვისაც ჰგონია, რომ პარლამენტში შესვლა მის ღირსებას დააკნინებს, ქუჩაში დგომა კი ღირსებას შემატებს, ძნელია ასეთ ადამიანებთან კამათი. ხელისუფლებას ამ წინადადებით არც ოპოზიციის გახლეჩა (რასაც გვწამებენ) უცდია. თუ ოპოზიცია თავად არ გადაწყვეტს, გაიხლიჩოს, მას ხელისუფლება ვერ გახლეჩს.