"COVID-19-თან დაკავშირებული პროცესები ბევრ ეჭვს აჩენს" - კვირის პალიტრა

"COVID-19-თან დაკავშირებული პროცესები ბევრ ეჭვს აჩენს"

"არ არის აუცილებელი ყველაფერი ნახოთ და ყველაფერი წაიკითხოთ, რაც კი კორონავირუსის შესახებ ვრცელდება. იცოდეთ, რომ ძალიან ბევრია ცრუინფორმაციაც. დღეს ხომ ფეიკების ეპოქაა - ერთ სწორ ინფორმაციაზე 50 ფეიკი მოდის. ამიტომ გაუფრთხილდით თავს"

ახალი კორონავირუსის მასშტაბურ გავრცელებასთან გამკლავება კვლავაც მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა. დაინფიცირებულთა რიცხვი ნახევარ მილიონს უკვე ასცდა. იზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც. სასიხარულოა, რომ ამ რიცხვს ბევრად აღემატება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. პანდემიის ახალ ეპიცენტრად იქცა ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც დაინფიცირებულთა რიცხვი 500 ათას კაცს ასცდა.

შეიძლება ითქვას, მსოფლიო პარალიზებულია, რაც, ექსპერტთა თქმით, მასშტაბური ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. მოგეხსენებათ, საქართველოში უკვე ერთი კვირაა მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, გასულ კვირას კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამოქმედდა გამკაცრებული საკარანტინო რეგულაციები, რაც მარნეულში ინფიცირების ახალი კერის გაჩენამ განაპირობა. მართალია, დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ სხვა, თუნდაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ბევრად ნაკლებია. "მიმაჩნია, რომ საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში. ინტერვიუ პოლიტოლოგ და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილ ვითარებაზე საუბრით დავიწყეთ:

- ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესები ბევრ ეჭვს აჩენს. ინტერნეტსივრცე აჭრელებულია მძიმე კითხვებით, მაგალითად, ეს ვითარება ბუნებრივად შეიქმნა თუ ხელოვნურად მისცეს ბიძგი, ვინ სარგებლობს და ვინ ითბობს ხელს ამ მძიმე პროცესებით და ა.შ. იმედია, როდესაც პანდემია დასრულდება, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა. რაც შეეხება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოუმზადებლობას, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ჩვენი ქვეყნის გამოცდილება იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ევროპის დიდი ნაწილიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც ნამდვილად მოუმზადებლად შეხვდნენ ამ დიდ პრობლემას. თუ საქართველომ მოახერხა და ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შეანელა, რაც იმედია, ასევე გაგრძელდება, და ჩვენს სამედიცინო სისტემას გაუსაძლისი ტვირთი არ დააწვა, აუხსნელია, რატომ ვერ შეძლეს ეს ჩვენზე გაცილებით ძლიერმა ქვეყნებმა?!

არსებობს მოსაზრება, რომ დრო იყო ცოტა და ვირუსი იმაზე სწრაფად გავრცელდა, ვიდრე მასზე ინფორმაცია, მაგრამ ჩვენც ხომ ასეთი მწირი ინფორმაციის პირობებში გვიწევდა მუშაობა? აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ თითოეულ ქვეყანაში უფრო სუბიექტური მიზეზებია ვითარების განმაპირობებელი, ვიდრე ობიექტური, ანუ თვითონ ქვეყნები შეხვდნენ პრობლემას ნებიერად, შეიძლება ითქვას, დაუდევრადაც. დიდი გულისტკივილით ვამბობ, რომ ამის მაგალითად იქცა იტალია, სადაც, შეიძლება ითქვას, ევროპაში ყველაზე უდარდელი ხალხი ცხოვრობს. შედეგად, მათ ყველაზე ძლიერი დარტყმა მიიღეს. მათთვის უჩვეულო უდარდელობა გამოამჟღავნეს ბრიტანელებმაც და აგერ, პრემიერი ჰყავთ კორონავირუსით დაინფიცირებული. უდარდელობის ნიშნები ჩანდა დონალდ ტრამპის პირველ განცხადებებშიც და ვხედავთ, რომ ამერიკა პანდემიის ეპიცენტრი ხდება. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვითარებას ეს ზესახელმწიფო მალე გაართმევს თავს. მოკლედ,

ვფიქრობ, ეს უდარდელი და ზერელე დამოკიდებულება შეიქნა უმთავრესი მიზეზი იმისა, რაც მსოფლიოში ხდება.

ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ კორონავირუსის ინფექცია იოლი პრობლემაა, მაგრამ ჩინეთის მაგალითი, ის, რომ ამ ქვეყნის მიდგომამ ვირუსი სწრაფად დაამარცხა, იძლევა იმედს, რომ სხვა სახელმწიფოებიც შედეგიანად და სწრაფად გაუმკლავდებიან მას.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები უფრო ძლიერად უნდა დახვედროდნენ მომხდარს, რადგან დაახლოებით 2015 წლიდან მოყოლებული, სამეცნიერო წრეებში სულ ისმოდა ლაპარაკი და ვარაუდები, რომ გლობალური კატაკლიზმების გამო, მსოფლიოს შეიძლებოდა ახალი დაავადებით გამოწვეული ეპიდემიის საფრთხე დამუქრებოდა.

- პანდემია აუცილებლად დასრულდება, რის შემდეგაც მსოფლიო დიდი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დარჩება... როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები პოსტკრიზისულ პერიოდში? - ძნელი სათქმელია, დღესდღეობით პანდემიის პიკია, თუმცა, ვფიქრობ, სახელმწიფოებმა უკვე უნდა დაიჭირონ თადარიგი პოსტკრიზისული ვითარებისთვის, რომელიც არანაკლებ მძიმე იქნება. პანდემიის გადავლის შემდეგ ყველა ქვეყანა, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად გაუმკლავდება შექმნილ კრიზისს, მაინც დამარცხებული იქნება, რადგან ეკონომიკური დანაკარგი ყველასთვის უდიდესია, შედეგად, სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდებიან.

თანამედროვე ევროპის მთავარი პრინციპი სწორედ ღია საზღვრებია, მაგრამ, ვფიქრობ, კორონავირუსმა შეიძლება დააფიქროს ევროპის ქვეყნები იმაზე, არის კი თუნდაც ძალიან კარგი პრინციპების გატარებისას რადიკალიზმი სწორი სტრატეგია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის? თანამედროვე ევროპულ ცივილიზაციაში შეიძლება სხვა ანალოგიური ტიპის თემებიც გადაიხედოს. გარდა ამისა, დიდი დარტყმა იწვნია ევროპულმა და განსაკუთრებით ამერიკულმა ბიზნესმა იმით, რომ უამრავი საწარმო გატანილი ჰქონდათ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ძირითადად, ჩინეთში, სადაც შექმნილი ვითარების გამო ყველა გაჩერდა და რიგ შემთხვევებში ჩინეთის ხელისუფლებამ კაპიკებად ჩაიგდო ხელში. მოსალოდნელია ასევე გაძლიერდეს პოზიცია, რომელიც ამ ვითარებამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ტრამპს, რომ ყველა ქვეყანამ უკან დაიბრუნოს თავისი საწარმოები. ამგვარი დამოკიდებულების გაჩენა კი, სავარაუდოდ, გააძლიერებს მემარჯვენე პოლიტიკურ განწყობებს მსოფლიოში.

- ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ახალმა კორონავირუსმა შეიძლება გლობალიზაციას დაუსვას წერტილი? - ძნელი სათქმელია. გლობალიზმი თანამედროვე მსოფლიოსთვის საკვანძო თემაა - ერთი მხრივ, კორონავირუსი მსოფლიოს მეტი გლობალიზაციისა და შექმნილი ვითარების ერთიანი მართვისკენ უბიძგებს, მეორე მხრივ, სწორედ ამ გლობალიზაციით ძლიერდება საფრთხეები. მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, ვირუსით განპირობებული სამედიცინო და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად დროებითი გლობალური მთავრობა შექმნან. ვნახოთ, რომელი მხარე გამოიყენებს შექმნილ ვითარებას უფრო ეფექტიანად. მე მაინც მგონია, ქვეყნების უმეტესობა შეეცდება თვითონ მოუაროს თავის თავს, განავითაროს თავისი სამედიცინო სისტემა და უპირველესად საკუთარი თავის იმედი ჰქონდეს და არა მსოფლიო მთავრობისა.

- ამ ვითარებაში როგორ შეაფასებთ საქართველოს მთავრობის მუშაობას? - ჯერჯერობით, სახელმწიფო ეფექტიანად მუშაობს, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ნაბიჯმა დააგვიანა. ვნახეთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მალევე მისი უფრო მკაცრი რეგულაციებით ამოქმედება გახდა საჭირო მარნეულსა და ბოლონისში - ანუ საგანგებო მდგომარეობის დროულად გამოცხადებამ თავიდან აგვაცილა საკანონმდებლო პროცედურებში დროის დაკარგვა და ხელისუფლებამ უცებ შეძლო კარანტინის გამოცხადება.

დღევანდელი ვითარება ცხადყოფს, რომ მთავრობა ეფექტიანად მოქმედებს. დაინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატა, მაგრამ არა ნახტომისებურად. სხვა სახელმწიფოებს რომ შევადაროთ, ეს რიცხავი საკმაოდ დაბალია და, იმავდროულად, დღითი დღე იზრდება გამოჯანმრთელებულების რიცხვიც. შედეგები ისეთი მრავლისმეტყველია, ჩემი შეფასება არც არის საჭირო.

რაც შეეხება იმას, თუ საბოლოოდ რამდენად დადებითი შედეგი გვექნება, ჯერჯერობით სამედიცინო თვალსაზრისით ამის თქმა რთულია, პიკი, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, წინ არის, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ მიღებული ზომები და რეგულაციები ნაყოფს გამოიღებს. უკვე ვთქვით, რომ კორონავირუსთან დაპირისპირებაში გამარჯვებული ვერავინ იქნება, მაგრამ იქნებიან, ალბათ, ნაკლებად და მეტად დაზარალებული ქვეყნები. იმედია, ჩვენ ნაკლებად დაზარალებულთა შორის ვიქნებით.

- ის, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, აშკარაა, თქვენი აზრით, რისი შედეგია ეს?

- უპირველესად იმის, რომ მთავრობამ ამ ბრძოლაში წინ დააყენა პროფესიონალები, რომლებიც, თავის მხრივ, ამბობენ, რომ უმნიშვნელოვანესი იყო მთავრობისა და მისი მეთაურის, გიორგი გახარიას გაბედული ნაბიჯები - ანუ პროფესიონალების რეკომენდაციები სწრაფად და ეფექტიანად გაითვალისწინეს. მოკლედ, ამ ბრძოლაში ქართული წარმატების ფორმულა ასეთია: პროფესიონალიზმს დამატებული გაბედულება. ვფიქრობ, თუ ამ ანალიზის საფუძველზე გაკეთდება დასკვნა, რომ მომავალშიც, სხვადასხვა სირთულეების დროსაც, ქვეყანამ ამ პრინციპით იმოქმედოს, ცუდი არ იქნება.

- არადა, ეს გაბედულება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ხშირად სწორედ დაგვიანებული და გაუბედავი გადაწყვეტილებების გამო საყვედურობდნენ...

- გეთანხმებით, რომ ეს მოულოდნელი იყო. მცირე პასაჟს გავიხსენებ მსოფლიო ისტორიიდან: რონალდ რეიგანს, როგორც ამერიკული და მსოფლიო პოლიტიკის დიდ ფიგურას, დღემდე ასხამენ ხოტბას, არადა, ის ცნობილია იმით, რომ დიდად განათლებული კაცი არ იყო. ანეკდოტადაც დადიოდა, ავსტრალიასა და ავსტრიას ერთმანეთში ურევსო. მაგრამ მან იცოდა პროფესიონალთა გუნდის შერჩევა, მერე მათი რჩევების გათვალისწინება და ცხოვრებაში დანერგვა. ასე იქცევა ჩვენი მთავრობაც.

- დღეს მთელ მსოფლიოში მთავარი მოწოდებაა "დარჩი სახლში!". ჩვენც უნდა ვუთხრათ ჩვენს მკითხველებს, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ იქნება, არ გავიდნენ შინიდან, თუმცა ძალიან ძნელია ამ სტრესულ ვითარებაში შინ გამოკეტვა, ყველას ფსიქიკამ ამას შეიძლება ვერ გაუძლოს. როგორ უნდა ვაჯობოთ ამ ვითარებაში სტრესს? ამას უკვე როგორც ფსიქოლოგს გეკითხებით... - ეთნოფსიქოლოგები, რომლებიც სწავლობენ სხვადასხვა ერის ფსიქოლოგიას, გამოყოფენ კოლექტივისტურ და ინდივიდუალისტურ კულტურებს. პირველი სამხრეთულ ერებში გვხვდება, მეორე - ჩრდილოურში. ქართველები სწორედ კოლექტივისტურ კულტურას წარმოვადგენთ, ყველა ჩვენი წეს-ჩვეულება სწორედ ამაზე მეტყველებს. შესაბამისად, ჩვენთვის ორმაგად რთულია იზოლაციის დაცვა. თუმცა ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელობაა ისიც, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მეტ-ნაკლებად ცდილობს დისტანცირებასა და რეგულაციების შესრულებას. ადვილი არ არის ერთბაშად თავყრილობებზე უარის თქმა. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არღვევენ საგანგებო მდგომარეობის წესებს. თუ ასეთი შემთხვევები გახშირდა, ალბათ, მთავრობა მთელ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრებას გადაწყვეტს.

რაც ხდება იტალიაში, მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ კოლექტივისტური კულტურის შედეგია. ამ ძალიან გულღია ერისთვის დამახასიათებელია მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობები. მთელი მათი კულტურა აგებულია ადამიანების ერთად ყოფნაზე, ამიტომაც მათთვის შინ ჩაკეტვა წარმოუდგენელი იყო, საბოლოოდ კი ასეთი სავალალო შედეგი მიიღეს.

ქართული ანადაზა ამბობს, "მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო". რთულია, ამ ანდაზის შემქმნელი ერი მარტოობაში გამოიკეტოს, ამიტომაც გაუჭირდა ბევრს ფსიქოლოგიურად. მეკითხებით, როგორ გავუმკლავდეთ ამას? უპირველესად ვიტყვი, ადამიანს დროდადრო აუცილებლად სჭირდება საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, საკუთარ მნიშვნელობასა და ცხოვრებაზე დაფიქრება. ჩვენც და მსოფლიოსაც ბოლოდროინდელი ცხოვრების რეჟიმის გამო, ამისთვის დრო თითქმის არ გვრჩებოდა, ახლა მოგვეცა ამის საშუალება.

საკუთარ თავთან დარჩენა კარგი გზა საიმისოდ, რომ ბევრი პრობლემა გადაწყვიტოთ. როგორც ფსიქოლოგი გავიხსენებ ერთსაც: იაპონელებს აქვთ ასეთი ფსიქოთერაპიული მეთოდი, როდესაც პაციენტს უშვებენ ცალკე ოთახში და გარედან კეტავენ. ოთახში ყველაფერია, საკვებსაც აწვდიან, მაგრამ მარტო ამყოფებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ მარტო ყოფნისას ის თავის ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკეთესად დაინახავს და მოაგვარებს კიდეც.

უამრავი საშუალებაა დროის გასაყვანად: კითხვა, რაღაც ახლის სწავალა. გასაგებია, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო საინფორმაციო სივრცე ინტერნეტსა თუ ტელევიზიაში ნეგატიური ინფორმაციითაა გადავსებული, ამიტომ ეცადეთ ინფორმაცია დოზირებულად მიიღოთ. არ არის აუცილებელი ყველაფერი ნახოთ და წაიკითხოთ, რაც კი კორონავირუსის შესახებ ვრცელდება. იცოდეთ, რომ ძალიან ბევრია ცრუინფორმაციაც. დღეს ხომ ფეიკების ეპოქაა - ერთ სწორ ინფორმაციაზე 50 ფეიკი მოდის. ამიტომ გაუფრთხილდით თავს. სხვათა შორის, კორონავირუსმა უფრო ნათლად წარმოაჩინა ცრუინფორმაციის გავრცელებით მიღებული ზიანი.

ზოგჯერ აშკარად ჩანს, რომ პანიკის გამოსაწვევად მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუინფორმაციას. ამიტომაც მომავალში შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს კატასტროფების დროს საინფორმაციო სისტემების გაკონტროლება.

იმავდროულად, აქტიურდება საინფორმაციო უსაფრთხოების თემაც, განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ქვეყანაში, რომლის წინააღმდეგაც შესაძლოა საინფორმაციო შტურმიც კი დაიგეგმოს პანიკისა და არეულობის გამოსაწვევად.

- რას ისწავლის კაცობრიობა ამ კრიზისისგან ან ისწავლის კი რამეს?.. - (იცინის) თქვენი ბოლო რეპლიკა მომეწონა, რადგან კაცობრიობას აქამდეც არაერთი კრიზისი გაუვლია, თუმცა ყოველთვის ვერ მოახერხა სწორი დასკვნების გამოტანა. საქმე ის არის, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რაღაც ისწავლოს. მაგალითად, არაერთმა სისხლისმღვრელმა ომმა ევროპას ბევრი ვერაფერი ასწავლა. შედეგად, პირველ მსოფლიო ომს დიდწილად სიხარულით შეხვდნენ, ადამიანები ეგზალტირებულები გარბოდნენ ომში. მისი დასრულების შემდეგ თითქოს გაქრა ომისადმი ჰეროიკული დამოკიდებულება, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მეორე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად. აი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, როცა გამოცადეს ატომური ბომბის კოშმარული ძალა, დედამიწაზე მსოფლიო ომის მსგავსი მასშტაბური კონფლიქტის წამოწყებას ძალიან ერიდებიან და კონფლიქტები ლოკალური გახდა. ასე რომ, სრულიად მართებულია თქვენი შეკითხვა - ვისწავლით კი რამეს? მე ამას დავამატებდი - არის კი მსოფლიო მომწიფებული იმისთვის, რომ სათანადო დასკვნები გამოიტანოს? ვნახოთ, ღმერთმა ქნას

- დიდი რეზონანსი მოჰყვა "ნაცმოძრაობის" მიერ პირბადეების დარიგების აქციას ზუგდიდში, როდესაც საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევით შეკრიბეს მოქალაქეები. იმავდროულად, ოპოზიცია ამ რთულ ვითარებაშიც ხშირად სრულიად უსაგნო ოპონირებას მიმართავს. რის მიღწევას ცდილობენ ამით? - საქმე ის არის, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში ოპოზიციას მთელი თავისი პოლიტიკა აგებული ჰქონდა იმაზე, რომ ხელისუფლება არ ვარგა. ისინი თავის მოქმედებებზე, გეგმებზე არაფერს ამბობდნენ, მხოლოდ იმეორებდნენ, ხელისუფლება უნიათოაო. არადა, ამ კრიზისას ხელისუფლებამ თავი ისე წარმოაჩინა, რომ ვარგა კიდეც და საზოგადოების მხარდაჭერაც აქვს. გამოვიდა, რომ მთელი მათი 7-წლიანი ძალისხმევა წყალში იყრება. აშკარაა, რაიმე ახლის მოფიქრებაც არ შეუძლიათ, ვერც იმას მიხვდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ხელისუფლების რეიტინგი თუ ეცემა, ამით მათი არ იზრდება. ეს აგრესიულობა, არაინტელექტუალურობა იმაშიც ჩანს, რომ ახლაც, ამ რთულ ვითარებაშიც განაგრძობენ მოქმედებას იმავე სცენარით, კვლავაც იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ხელისუფლება არ ვარგა.

ვინაიდან უკვე ვთქვით, რომ ფრონტის წინა ხაზზე დგანან ექიმები, ის პროფესიონალები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, მათ ესხმიან თავს. ჯერ იყო და, სააკაშვილმა თქვა, ჩემი შექმნილია ლუგარის ლაბორატორიაო, ახლა ამ სწრაფი ტესტების თემას აგრძელებენ, ცდილობენ ეს მთავარ პრობლემად აქციონ და ასე მოახდინონ დისკრედიტაცია ჯერ ამ პროფესიონალებისა და მერე ხელისუფლების. აქვე ბარემ ვიტყვი, რომ მართლაც გასაოცარია ჩვენი მედპერსონალის, ამ პროფესიონალების მოქმედება არა მხოლოდ იმის გამო, რომ ვირუსის გავრცელება მთელი ერთი თვით შეაკავეს, არამედ იმიტომაც, რომ მოახერხეს საზოგადოების მასობრივად გაფრთხილება ისე, რომ პანიკა არ გამოუწვევიათ.

ამიტომაც ოპოზიციის მთელი უბედურება ის არის, რომ ამგვარი ქცევით ისევ თავს იზარალებს. ვითომ სიკეთე ჩაიდინეს ზუგდიდში, ხალხზე იზრუნეს, თუმცა საბოლოოდ ისე გააკეთეს, რომ თვითონვე გვაჩვენეს, რომ ნაკლებად აინტერესებდათ ეს ხალხი და მხოლოდ საკუთარი პიარისთვის დაარიგეს პირბადეები. "ნაციონალურ მოძრაობას" და რიგ შემთხვევაში მის განაყოფ პარტიებსაც არ ჰყოფნით ინტელექტი და გამჭრიახობა იმის გასაგებად, რომ დღევანდელ ვითარებაში პოლიტიკური პრეტენზიებით შემოსვლა წამგებიანია, უპირველეს ყოვლისა, მათთვისვე. მათი მთავარი უბედურება აგრესიულობაა - აგრესიული იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნისას და აგრძელებენ ოპოზიციაშიც... როგორც ჩანს, კორონავირუსის საფრთხემ მათ ჯერჯერობით ვერაფერი ასწავლა.