ამირან გამყრელიძე: "ვშიშობთ ნახტომისებურ ზრდაზე..." - კვირის პალიტრა

ამირან გამყრელიძე: "ვშიშობთ ნახტომისებურ ზრდაზე..."

"მოსახლეობას მკაცრად მოვუწოდებ, დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად დაიცვან წესები. თუ ხალხმა ეს არ შეიგნო, ქვეყანაში წავა ეპიდემია და ყველა სადავე გაგვექცევა ხელიდან"

COVID-19-ის შესახებ ჩვენს კითხვებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უპასუხებს.

- ბატონო ამირან, საუბარი იმ საგანგაშო შემთხვევებით დავიწყოთ, რომლებიც შიდაგავრცელებას უკავშირდება...

- ჯერ ყველაფერს ვიკვლევთ, ვიმედოვნებთ, რომ შედეგს მივიღებთ, მაგრამ აშკარაა, რომ უკვე იწყება შიდაგადაცემა და ამიტომ მოსახლეობას მკაცრად მოვუწოდებ, დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად დაიცვან წესები. თუ ხალხმა ეს არ შეიგნო, ქვეყანაში წავა ეპიდემია და ყველა სადავე გაგვექცევა ხელიდან. გთხოვთ, პრესამაც დაგვიჭირეთ მხარი - დაწერეთ, მოუწოდეთ ყველას, დარჩნენ სახლში!

- ის მაინც თუ იცით, რომელ ქალაქებში უნდა ვეძებოთ პირველწყარო? - ყველაფერი ვიცით, მაგრამ ამაზე ვერ ვილაპარაკებ...

- ზუგდიდის ფაქტი თუ არის ამ სამ შემთხვევასთან კავშირში?

- არა, არაფერ კავშირში არ არის.

- მაშ მარნეული-ბოლნისის მხარე?..

- არა, არც იქიდან არის...

- როგორ შეიძლება განვითარდეს უარესი და უკეთესი სცენარები?

- ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ყველამ ერთად თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია.

ახალი შემთხვევების ზრდა იქნება, რადგან სახელმწიფოს ვალია და ამას პირნათლად ასრულებს, რომ ჩვენი მოქალაქეები ევროპიდან გადმოგვყავს, შესაბამისად, ინფიცირებულების ქვეყანაში შემოსვლის რისკი და ალბათობა არის, მაგრამ ვშიშობთ ნახტომისებურ ზრდაზე, რაც ჰქონდა ძალიან ბევრ ქვეყანას ევროპაში თუ სხვაგან...

- რას გვეტყვით მარნეულსა და ბოლნისზე, მოსალოდნელია თუ არა ვითარების გამწვავება? - მთავრობამ პირველივე შემთხვევისთანავე სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება მარნეულსა და ბოლნისში საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებების მეტად გამკაცრების შესახებ. უპირველესად გამოკვლეულ იქნა ახლო კონტაქტები. როგორც იცით, 15 ახლო კონტაქტიდან 5-ში დადებითი შედეგები დაფიქსირდა. ყველა პირი გადმოიყვანეს თბილისში, სპეციალურ კლინიკაში. მათაც, დაახლოებით 90-მდე კაცს, ვინც მასთან კონტაქტში (არა ახლო) იყვნენ, ექიმები მეთვალყურეობენ თვითიზოლაციაში, მათი ჯანმრთელობის მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს. ყოველდღიურად დაავადებათა კონტროლის ჯგუფი მორიგეობს მარნეულის საავადმყოფოსთან გაშლილ კარავში, სადაც იღებენ სინჯებს. მთლიანად მარნეულსა და ბოლნისში კარდაკარ ჩამოვლის გზით მოსახლეობას შესაბამისი კითხვარით უტარდება გამოკვლევა, უზომავენ ტემპერატურას... მარნეულის ახალი მონაცემებით, დაახლოებით 60 ათასამდე კაცია შესწავლილი. მათგან რამდენიმე მიავლინეს კარავში დეტალური გამოკვლევისთვის, აუღეს სინჯები და ყველა მათგანი დარჩება სამედიცინო დაწესებულებაში, სანამ პასუხი არ იქნება. როგორც ვატყობთ, მოსახლეობაში ინფექცია ჯერ არ ვრცელდება - ანუ არ არის ფართომასშტაბიანი გადაცემა. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე მარნეულში სახელმწიფო ყოველმხრივ აკონტროლებს სიტუაციას.

- რამდენად საკმარისია მიღებული ზომები? ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო გამკაცრებაა საჭირო? - ძალიან საინტერესო კითხვაა. ჯერ კითხვას დაგიბრუნებთ და მერე გიპასუხებთ, შეიძლება?..

"პალიტრამედიას" დიდ პატივს ვცემ, უზარმაზარი ჰოლდინგია. მიხარია, თქვენს მაღაზიებში რომ შევდივარ. ჩემი შვილიშვილები ხშირად დამყავს "ბიბლუსში" და ვაჩვენებ, როგორ წავიდა ქვეყანა წინ და როგორ განვითარდა წიგნის კულტურა. ძალიან მომწონს თქვენი გადაცემებიც, მაგრამ საკმარისია ყველაფერი, რასაც აკეთებთ? - მეც თქვენს კითხვაზე გპასუხობთ. დღეს ქვეყანა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურს აკეთებს, რათა თავიდან აიცილოს ფართომასშტაბიანი ეპიდემია. დღეს ქვეყანა მეტად არის მომზადებული, ვიდრე 5-10 წლის წინ, ან როცა ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი, იმ დროს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება პროცესები. ეს ხომ უზარმაზარი პანდემიაა, რაც კაცობრიობას ესპანური გრიპის მერე დაატყდა თავს. უკვე 199 ქვეყანაშია ინფექცია და ეპიდემიური აფეთქებები, პანდემია. ამის პროგნოზს ვერავინ აკეთებს, ამიტომ საკმარისია თუ არა, ვერ გიპასუხებთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ექიმები, სამედიცინო პერსონალი, ექთნები, ფარმაცევტები, მესაზღვრეები, შემოსავლების სამსახური, საბაჟოზე მდგომი ეპიდემიოლოგები, ლაბორატორიები, ლაბორატორიის მექა - ლუგარის ცენტრი, ყველა პოლიციელი, ყველა ის, ვისაც მოხუცებთან მიაქვს საჭმელი, იქნება "წითელი ჯვარი", ქველმოქმედი რიგითი ადამიანი, ვინც გვერდში გვიდგას, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ.

სხვათა შორის, ორმა მანქანები გვაჩუქა - მათ ვინაობას მოგვიანებით დავასახელებთ; ვიღაცებმა ბენზინი ჩაგვისხეს... გაერთიანებულია ქვეყანა. ეს კარგია, სოლიდარობაა ქვეყანაში, ჭირმა გაგვაერთიანა. აღარ ლაპარაკობს ოპოზიცია, აღარ მლანძღავს. ხომ მლანძღავდა ადრე, ახლა შეანელეს.

რა თქმა უნდა, საკმარისი არაფერი არ არის. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა მთავარ მიზანს მივაღწიოთ - არ დაიწყოს ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება.

- რა გვევალება მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგიდგეთ, დაგეხმაროთ ამ პროცესის მართვაში? - მედიასთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს - გააშუქეთ მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია, არ შეუწყოთ ხელი სოციალურ ქსელებში დაპირისპირებას. რა თქმა უნდა, კრიტიკა უნდა იყოს, მე კრიტიკას ძალიან ჯანსაღად ვიღებ, როცა მიმითითებენ, მაგრამ არ უნდა იყოს ჩასაფრებული კრიტიკა პოლიტიკური ქულებისთვის. ვიღაცამ თუ ჩემზე მეტი იცის, და ასეთი ბევრია ქვეყანაში, მირჩიოს, რა გავაკეთო უკეთესად, და არა ის, შენ ამას რატომ ვერ აკეთებო. მოვიდეს და დაჯდეს ჩემს ადგილზე და უკეთესად გააკეთოს. მოსახლეობამ დაიცვას ყველა რეკომენდაცია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახალ ველოსიპედს არ იგონებს. მისი რეკომენდაციები დაფუძნებულია ყველაზე ძლიერი ინსტიტუციების რეკომენდაციებზე. დავრჩეთ შინ, განსაკუთრებით ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები. გავიჭირვოთ ეს 2 თვე მაინც, არ გვინდა დიდი თავყრილობები, ქეიფები, რაც მთავარია, თუ ვიგრძნობთ პირველ სიმპტომებს, აუცილებლად დავურეკოთ ოჯახის ექიმს.