"აფხაზებიც თუ მიხვდებიან, რომ სჯობს ენდონ ქართულ მედიცინას, ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება" - კვირის პალიტრა

"აფხაზებიც თუ მიხვდებიან, რომ სჯობს ენდონ ქართულ მედიცინას, ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება"

თუ ეთნიკური აფხაზი არ აღიარებს საქართველოს მოქალაქეობას და არ უნდა, რომ დანარჩენ საქართველოში იმკურნალოს, აფხაზეთში პრობლემები შეექმნებათ, რადგან მათ გაუჭირდებათ ასეთ ადამიანს უმკურნალონ იმიტომ, რომ შესაბამისი პერსონალი, მომსახურება და წამლები ალბათ არ აქვთ, - ამის შესახებ კონფლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ოკუპირებული აფხაზეთიდან პაციენტების გადმოყვანა.

"ვიდრე მოქალაქე თანახმაა, რომ იმკურნალოს დანარჩენ საქართველოში, იქნება ეს ზუგდიდი თუ სხვა ადგილი, ეს შეიძლება მოგვარდეს სწორედ ამ ფორმებით, რა ფორმითაც გადმოიყვანეს უკვე ერთი ქალბატონი. გამოიძახონ სასწრაფო, სასწრაფო დახვდება გამშვებ პუნქტთან და გადმოიყვანენ პაციენტს. ეს არის ყველაზე ეფექტური და მისაღები ფორმა. ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რომ ვამბობთ, ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები ხომ არ არის? ეს არის მოქმედება და ჩვენ მუდმივად ამის რეალიზება უნდა მოვახდინოთ, როცა ამის საშუალება გვაქვს. დენს ვაწვდით ბოლოს და ბოლოს და მილიონებს ვხარჯავთ, რომ ჩვენი მოსახლეობა იქ სიბნელეში არ იყოს და ჩვენ ვიხდით ამის ფულს. ანუ ისეთ რაღაცებსაც ვაკეთებთ, რაც მნიშვნელოვნად უფრო ძვირი უჯდება ქვეყანას, მაგრამ ეს არის ის, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის რეალიზაცია. მით უმეტეს, როცა ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრებას ეხება, არც კი უნდა დავფიქრდეთ ისე უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

მისივე განცხადებით, აფხაზური მხარის ინტერესებში არ არის ადამიანი დაეღუპოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოახერხეს მისი მკურნალობა.

"არ გამოვრიცხავ აფხაზეთის მხრიდან იყოს ხელისშემშლელი ფაქტორები, თუმცა მათ ინტერესებში არ არის ადამიანი დაეღუპოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოახერხეს მისი მკურნალობა. ურჩევნიათ პასუხისმგებლობა მოიცილონ თავიდან. თუ რუსეთს არ მიჰყავს თავისთან აფხაზეთის ტერიტორიაზე დაავადებული ადამიანი, ერთადერთი რჩებათ დანარჩენ საქართველოში უმკურნალონ ან გარანტირებული ჰქონდეთ, რომ თვითონ შეძლებენ მკურნალობას. თუ ვინმე დაეღუპებათ, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა და მათ ურჩევნიათ პასუხისმგებლობა მოიცილონ თავიდან. ამაში გარკვეულწილად პოლიტიკაც შეიძლება იყოს ჩადებული. ჩვენმა მედიცინამ დაამტკიცა, რომ ძალიან ღირსეულად, პრინციპულად და ეფექტურად ასრულებენ თავიანთ საქმეს და ძალიან კარგია, რომ ხელისუფლებაც უჯერებს მათ და აფხაზებიც თუ მიხვდებიან, რომ სჯობს ენდონ ქართულ მედიცინას, ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. მაგრამ თუ აქ ჩაერთვება პოლიტიკა და დაიწყებენ, რომ არა ჩვენ ვუმკურნალებთო, ამით გამოიწვევენ უკმაყოფილებას აფხაზურ საზოგადოებაში", - განაცხადა ზაქაიშვილმა.

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ გალიდან, 50 წლის ქალი მოათავსეს. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მას კორონავირუსის სიმპტომები, ცხელება და ხველა აღენიშნება. პაციენტის პასუხები სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.