"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა სამველ პეტროსიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩემი მოკვლა სცადა" - რას აცხადებს დეპუტატი ენზელ მკოიანი? - კვირის პალიტრა

"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა სამველ პეტროსიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩემი მოკვლა სცადა" - რას აცხადებს დეპუტატი ენზელ მკოიანი?

ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მასსა და "პატრიოტთა ალიანსის" წევრ სამველ პეტროსიანს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც მკოიანი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, 26 მარტს სამველ პეტროსიანმა მისი მოკვლა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა და დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა. როგორც მკოიანი აცხადებს, პეტროსიანი გასროლისას ყვიროდა, რომ მის მოკვლას აპირებს.

"მსურს, საზოგადოებისთვის დეტალური განმარტება გავაკეთო რამდენიმე დღის წინ ახალქალაქში განვითარებულ ხმაურიან მოვლენებზე. 26 მარტს, სამველ პეტროსიანი, ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაჟორიტარი, რომელიც დღეს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრია, კიდევ ერთხელ დაესხა თავს ჩემს ოჯახს და ამჯერად, პირადად ჩემი მოკვლა სცადა. სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც მის შვილსა და ჩემს 19 წლის ძმისშვილს, არემ მკოიანს შორის დაიწყო და რომელსაც საერთოდ არ ვესწრებოდი, მოგვიანებით, ჩემი უშუალო მცდელობით, განიმუხტა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირების გარეშე, ამოწურულად ჩავთვალე და ოჯახის წევრებთან ერთად ტერიტორიის დატოვებას ვაპირებდი, ადგილზე სამველ პეტროსიანი მოვიდა და ჩემი მოკვლა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, პეტროსიანმა ჩემი მიმართულებით სამჯერ, დამიზნებით ისროლა და არაერთი თვითმხილველის წინაშე ყვიროდა, რომ ჩემს მოკვლას აპირებდა. ამ ნაამბობს ადასტურებს ჩანაწერები სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან, რომელიც შს სამინისტროს მიერ უკვე ამოღებულია და საქმის მასალებში დევს. რომ არა საპატრულო ეკიპაჟის სწრაფი და დროული ჩარევა და ის ფაქტი, რომ პეტროსიანს მეოთხე გასროლისას იარაღმა უმტყუნა, შესაძლოა, ეს დაპირისპირება ტრაგედიით დასრულებულიყო.

სამწუხაროდ, ზოგიერთი მიკერძოებული მედიასაშუალება მოვლენებს იმგვარად აშუქებს, თითქოს ამ დაპირისპირების ინიციატორი ვიყავი, თუმცა მინდა, სწორედ მათთვის განვმარტო, რომ როდესაც ცეცხლსასროლი იარაღით თავს ესხმი პარლამენტის წევრს და მის მოკვლას ცდილობ, ჰაერში ორი გამაფრთხილებელი გასროლის უფლება, აუცილებელი მოგერიების პირობებში, ნამდვილად მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სამველ პეტროსიანმა, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, მის მიერ გასროლილი ტყვიები საკუთარი ხელით გადამალა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, რომ მან ოთხჯერ, დამიზნებით მესროლა. ხოლო მოგვიანებით, პეტროსიანების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, შს სამინისტროს თანამშრომლებმა მის სახელზე რეგისტრირებული ათობით სხვადასხვა ტიპის იარაღი ამოიღეს, რომელიც პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გასულ წლებში, მოსახლეობას უკანონოდ ჩამოართვა და საკუთარ სახელზე გაიფორმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მისმა ვაჟმა, გევორქ პეტროსიანმა, გასული წლის 4 ოქტომბერს ჩემს ძმას, მარტუნ მკოიანს თავის არეში ქვით უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. აქვე განვმარტავ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. ამ მუხლებით არამხოლოდ სამველ პეტროსიანი, არამედ ჩემი 19 წლის ძმისშვილიც დააკავეს, რომელმაც არასაბრძოლო იარაღით ჰაერში ჩემს დასაცავად გაისროლა. ამ ისედაც უაღრესად დაძაბულ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, როგორც ჩანს, ძალაუფლებისთვის ბრძოლა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო გადამწყვეტ ფაზაში შევა და ჩემი პოლიტიკური ოპონენტები კიდევ მეტი აგრესიით შეეცდებიან ჩემზე და ჩემს ოჯახზე თავდასხმას. თუმცა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება არავის აქვს და ვიმედოვნებ, რომ დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება," - აცხადებს ენზელ მკოიანი.

"ინტერპრესნიუსი"