"მალე ახალაიას ისეთი კაცი შეცვლის, რომ უფრო მეტად გააოგნებს საზოგადოებას" - კვირის პალიტრა

"მალე ახალაიას ისეთი კაცი შეცვლის, რომ უფრო მეტად გააოგნებს საზოგადოებას"

"არა გვყავს ოპოზიციაში ფიდელ კასტრო და რა ვქნათ!"

პოლიტიკოსებმა თითქოს როლები გაცვალეს. ოპოზიციას გაზაფხულის დროინდელი შემართების ნატამალი აღარ ემჩნევა, სამაგიეროდ, სააკაშვილი და მისი ბანაკი აქტიურობენ. ამ უცნაურ ფერისცვალებას საინტერესო ახსნას უძებნის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი:

- ოპოზიციის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, ის გრძელდება. ამასთან დაკავშირებით  ერთი ძველი ამბავი მახსენდება: ათენის დემოკრატიის მამა, შვიდ ბრძენთაგან ერთ-ერთი, პოეტი სოლონი, როდესაც ლიდიის მეფე კროისოსთან (კრეზთან) ჩავიდა, მეფემ ჰკითხა, -  ვინ არის ყველაზე ბედნიერი ადამიანიო. სოლონმა რამდენიმე ათენელი დაუსახელა, რომელთაც ღირსეულად დაასრულეს ცხოვრება ბრძოლის ველზე, ან ღრმა სიბერემდე უზრუნველად იცოცხლეს. როგორო, განცვიფრდა კროისოსი -  მე, ყველაზე მდიდარი კაცი, არა ვარ ყველაზე ბედნიერიო?! სოლონმა უთხრა, - შენზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჯერ ცოცხალი ხარო. მართალი აღმოჩნდა, რადგან კროისოსმა დაიწყო ომი, რომელშიც დამარცხდა. ერთ დროს უმდიდრეს მეფეს კოცონზე დაწვა რომ დაუპირეს, მაშინ გაახსენდა ბრძენის ნათქვამი და სამჯერ შესძახა - "სოლონ! სოლონ! სოლონ!" ამიტომაც, სანამ პროცესები მიმდინარეობს, ვინმეს წარმატებასა და წარუმატებლობაზე ლაპარაკი შეუძლებელია. ამ ეტაპზე ვერ იქნა მიღწეული დასახული ამოცანა, - ხელისუფლებისაგან ჩამოგვეშორებინა სააკაშვილი. თუმც ამის გასაკეთებლად ძალიან დიდი რამ გაკეთდა. სააკაშვილი რომ პოლიტიკურად განწირულია, ეს საიდუმლო აღარ არის არც ოპოზიციისთვის, არც თავად სააკაშვილისთვის და არც მისი უმრავლესობისთვის. მალე პრეზიდენტი კი არა, პოლიტიკაშიც აღარ იქნება. მისი პოლიტიკური რესურსი ამოიწურა. ის ვეღარავის დაჰპირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. არადა დავით აღმაშენებლის საფლავთან სააკაშვილი საქართველოს გამთლიანებას დაგვპირდა და ეს ამოცანა ვერ შეასრულა.

- ითქვა, რომ დღეს ოპოზიცია ურთიერთბრალდებების  რეჟიმზეა გადასული.

- მერე რა არის ამაში ტრაგიკული? დიახაც, შეფასდება, ვის რა შეეშალა ამ ბრძოლაში. მაგალითად, არასწორი იყო პარლამენტის წინ შიმშილობა, მაგრამ სწორი იყო პარლამენტში "ახლების" შიმშილობა, რასაც ხელისუფლებიდან ნინო ბურჯანაძის წამოსვლა მოჰყვა. რესპუბლიკელებმაც დავუშვით შეცდომა, როდესაც საპარლამენტო არჩევნების წინ ზედმეტად შევაფასეთ ჩვენი ძალა და დარწმუნებული ვიყავით, რომ პარლამენტში მსუყედ ვიქნებოდით წარმოდგენილი. შეცდომა იყო მანდატებმიღებული დეპუტატებიდან ნაწილის შეპარვა პარლამენტში.

- ახლა ყველა მანდატმიღებულს აქვს პარლამენტში დაბრუნების საშუალება.

- ვინც დახეულ მანდატზე დღეს იტყვის, მრთელიაო, ის პარლამენტში მიდის, მაგრამ მიდის პოლიტიკიდანაც.

- არ უნდა გამოიყენოს ეს შანსი თუნდაც კონსტანტინე გამსახურდიამ თუკი მას დაჰპირდებიან, რომ შეიქმნება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია?

- ეს საბაბი შეგნებულად იქმნება, რომ ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში შესვლის საშუალება მიეცეს. თუ ბატონ კონსტანტინეს ჩემი აზრი აინტერესებს, ვეტყვი, რომ ამ პარლამენტში შესვლა არ შეიძლება.

ოპოზიციას ფატალური შეცდომა არ დაუშვია, სააკაშვილმა კი დაუშვა, - ტერიტორიები დაკარგა. ეს სააკაშვილს განგებ და ვიღაცის დავალებით არ გაუკეთებია. ვახტანგ VI-საც ძალიან უყვარდა საქართველო, მასაც უნდოდა ქვეყანაში აღმშენებლობა, მაგრამ როდესაც ეკლესია-მონასტრების აღდგენა მოინდომა, შეკეთების ნაცვლად ყველა გუმბათი ჩამოექცა (ამას მათ გასაგონდ ვამბობ, რომელთაც ბაგრატის ტაძრის აღდგენა განუზრახავთ), რადგან ქვეყანაში ამ საქმის ოსტატები აღარ იყვნენ. სააკაშვილსაც ვახტანგ VI-ს მსგავსად უყვარდა საქართველო და უნდოდა მისი გაერთიანება, მაგრამ ეს ვერ მოახერხა იმ სუსტი შემადგენლობით, რომელიც მის გარემოცვაში დარჩა.

- დღეს სწორედ სააკაშვილი აქტიურობს, ოპოზიცია კი ვერა და ვერ ამოძრავდა.

- მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ე.წ. რემისია, მოღონიერება მიდის. ეს რემისია მოახლოებულ არჩევნებზე მიგვითითებს. შემოდგომაზე ან ზამთარში  არჩევნები დაინიშნება და არ უნდა ველოდოთ, რომ ეს მაინცდამაინც ადგილობრივი არჩევნები იქნება. ნებისმიერი არჩევნები შეიძლება შედგეს. ვიცი "ნაციონალურ მოძრაობასა" და ხელისუფლებაში დიდი გადაადგილებებია. ამბობენ, რომ ბაჩო ახალაია ცოტა ხანს იქნება მინისტრი და ახსენებენ მის ისეთ შემცვლელებს (მათ ვინაობას ვერ გეტყვით), რომ ახალაიას დანიშვნაზე მეტად გამაოგნებელი იქნება საზოგადოებისათვის. ლაპარაკია ადეიშვილის წასვლაზეც. სახელისუფლებო გუნდში დიდი მღელვარებაა და ასეთ დროს მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რიხიანად გამოჩნდეს. დააკვირდით სატელევიზიო გამოსვლებს, - სააკაშვილის გვერდით ყველა გაქრა. 50 მეტრის რადიუსზე არავინ დგას. დგას მარტო და ლაპარაკობს. სააკაშვილის რიხიანობაში ისტერიული ნიშნები შეიმჩნევა.

რეიტინგებს რომ გადავხედოთ, ასეთ სურათს ნახავთ: რადიკალურად განწყობილებს მხარდამჭერები მოაკლდათ, ზომიერებს არც მოემატათ და არც მოაკლდათ, ხოლო მხარდამჭერები მოემატათ ზეზომიერ პოლიტიკოსებს. "ალიანსს საქართველოსათვის", რადგან ზომიერია, მხარდამჭერები არც მოემატა და არც მოაკლდა, მაგრამ ირაკლი ალასანიას, როგორც ზეზომიერ პოლიტიკოსს, რეიტინგი გაეზარდა. ასევე მოემატა რეიტინგი შალვა ნათელაშვილს, რომელმაც პოლიტიკურად სწორად (თავის სასარგებლოდ) გათვალა პროცესები და ოპოზიციის აქციების დროს, ფაქტობრივად, თავის ოფისში იჯდა. მხარდამჭერები მოაკლდათ რადიკალურ ლიდერებს.

- მახსოვს, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დაასახელეს, თქვენ ბრძანეთ, სწორია, რომ ოპოზიციამ და ხალხმა ლიდერად ლევანი აირჩიაო.

- ეს ხალხისთვის იყო საჭირო და ამიტომაც პოლიტიკოსებმა ერთგვარი გამბიტი გავითამაშეთ, პოლიტიკური კულტურა დავთმეთ. ხალხს მოსწონდა მისი ყველაფერი: გარეგნობა, სიტყვაძუნწობა და ზოგჯერ არცთუ პოლიტიკური განცხადებები.  ეს იყო ერთი ეპოქა.

- და ეს ეპოქა დამთავრდა?

- როდესაც უპარტიო პოლიტიკოსებმა მოძრაობების (რომელიც მომავალში უსათუოდ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება) შექმნა დაიწყეს, უპარტიო პოლიტიკოსების ეპოქა დამთავრდა. როდესაც ჰადსონის ინსტიტუტში გამოსვლისას ჩვენმა წარმატებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ თქვა, - არც ერთი პარტიის წევრი არა ვარო, ჰადსონის  ინსტიტუტის წევრებმა მიმოწერაში (მათ შორის ჩემთანაც) აღნიშნეს, - კარგი იქნება, ასეთი განცხადებები არ კეთდებოდესო. იქ არ არის სატრაბახოდ მიჩნეული იმის თქმა, არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ და საქართველოს პრეზიდენტი უნდა ვიყოო. ამ ყველაფრისგან ლევან გაჩეჩილაძემაც გააკეთა დასკვნა და მოძრაობა შექმნა.

როდესაც რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც  4500-წევრიანია  და უპარტიო კაცს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენდა, ერთი ხმა ჰქონდა, ეს იყო ხალხისათვის დათმობა. ახლა ასეთივე დათმობა შეუძლებელია. აი, ეს გვასწავლა განვლილმა დრომ და ეს ვითარებაა დღეს ოპოზიციაში.

პოლიტიკურ პროცესებში მეტი მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ. დაპირება, ერთ თვეში მოგაშორებთ ხელისუფლებას ან ორ დღეში რამეს შევცვლითო, ნაკლებად გაიცემა ამის შემდეგ, რადგან ამას აღარ დაიჯერებს ხალხი.

- მოლაპარაკების მომხრე თავიდანვე იყო თქვენი ალიანსის ლიდერი. ხომ არ იყო შეცდომა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე დათანხმება?

- მოლაპარაკებაზე ჩვენ მარტო არ წავსულვართ. ეს საჯაროდ მოხდა. რატომ ბრალდება ეს მარტო ალასანიას? თუ არ ემხრობოდნენ მოლაპარაკებას, სხვებიც არ წავიდოდნენ. ჩემი აზრით, ოპოზიციის საქმე ხელისუფლებასთან ლაპარაკით არ გაფუჭებულა. პირიქით, მივაღწიეთ იმას, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების არხი გაჩნდა. როდესაც ეს არხი არ არსებობს, მაშინ იარაღამდე და რევოლუციამდე მიდის საქმე და ვინ არის ოპოზიციაში რევოლუციონერი? არა გვყავს ოპოზიციაში ფიდელ კასტრო და რა ვქნათ! ან ატყობთ, რომ ჩვენს ხალხს უნდა რევოლუცია?

მომავალში ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება და უნდა ვეცადოთ, დავათმობინოთ ხელისუფლებას. იანვარ-თებერვალში სწორედ ეს გააკეთა ხელისუფლებამ, მაგრამ შემდეგ ვიღაცამ თქვა, აქციების გზა სწორიაო, რაც არასწორი აღმოჩნდა. ჩვენ მოლაპარაკების შედეგით უნდა გვესარგებლა და პირველი არხიც უნდა "წამოგვეღო"...

- ეს მით უმეტეს აუცილებელი იქნება ოპოზიციისთვის ინგა გრიგოლიას ტოქშოუს დახურვისა და არველაძისეული "იმედის" პირობებში.

- მედიაზე გადაჭარბებულმა ზეწოლამ ის გამოიწვია, რომ მისდამი ნდობა კატასტროფულად დაეცა. ინგა გრიგოლიას პატივს ვცემ, მაგრამ "პრაიმ ტაიმი" ჩემთვის არ არსებობდა. პირველი არხის ლოგოს, ისევე როგორც "რუსთავი 2"-ის და დღევანდელი "იმედისას", მომნუსხველი ძალა აქვს, რაც ყველაზე თამამ გადაცემასაც კი მარწუხებში აქცევს.

დღევანდელი "იმედის" მდგომარეობა რომ აღვწეროთ, ამისათვის საკმარისია ერთი კადრი, - როგორ ზის პირდაპირ ეთერში მანანა მანჯგალაძე. ეს პოზა ყალბია. ვინც ჟესტების ენა იცის, კარგად მიხვდება, - როდესაც ადამიანი სიმართლეს ამბობს, ის გვერდულად არ გელაპარაკება. "იმედიდან" გაყარეს ძველი ჟურნალისტები და შემთხვევითი ხალხი მიიყვანეს. ამ ტელეკომპანიაში არსებობს აკრძალული პოლიტიკოსების სია, რასაც უარყოფენ, მაგრამ ხომ მახსოვს, 2007 წლამდე რამდენჯერ ვიყავი ამ ტელევიზიაში და რამდენჯერ 2008-2009 წლებში. აქედან დასკვნას რატომ ვერ გავაკეთებ? პოლიტიკაში ხელმოცარული, სააკაშვილის მიერ წუნდებული კაცი გიორგი არველაძე "იმედს" საფუძვლიანად დაანგრევს. ის სწორად დანიშნა სააკაშვილმა. ტელეკომპანიიდან აპარატურას გაიტანს, ჟურნალისტებს გაყრის, "იმედის" ძველ ლოგოს შეცვლის და ეს იქნება არველაძის მენეჯმენტი!

- ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან ნოდარ ახალკაცის წასვლა რას უნდა მივაწეროთ?

- მიუხედავად ნაკრების წარუმატებლობისა, დარწმუნებული ვარ, ნოდარ ახალკაცი საკუთარი ნებით არ გადამდგარა. ის არ არის ისეთი კაცი, ნაკრების წაგების გამო თანამდებობიდან წავიდეს. ახალკაცი აიძულეს წასულიყო. რაკი კულტურისა და სპორტის მინისტრი გააკრიტიკეს, რურუას არ გაუჭირდებოდა ახალკაცზე ზეწოლა. ბოკერია და მისი მეგობრები გვახსოვს, როგორ ლობირებდნენ ახალკაცს. მათი ფავორიტის წასვლა ამ გუნდის დამარცხებას ნიშნავს, მაგრამ ეს არც კირკიტაძის გამარჯვებაა, რომელიც თავის დროზე ახალკაცის კონკურენტს უჭერდა მხარს. ნოდარ ახალკაცი წავიდა, მაგრამ სხვა ახალკაცი მოვა.

- სკანდალური განცხადება გააკეთეს ვახტანგ მაისაიას ადვოკატებმა, თითქოს ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებულ მაისაიაზე ზეწოლა ხდება, რომ  თანამზრახველებად დაესახელებინა გელა ბეჟუაშვილი, კახა ლომაია და ორი სამხედრო ექსპერტი. რას უნდა ნიშნავდეს ეს?

- მაისაიას განცხადება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებაში რღვევა იწყება. ხელისუფლებაში ვიღაცამ დაიჯერა, რომ მიშა მიდის. სამშობლოს მოღალატე არც მაისაია მგონია და არც ის ხალხი, ვისი დასახელებაც მაისაიას მოსთხოვეს. თან ერთია, მაისაიასაგან ამ პირების დასახელება რომ მოითხოვეს და მეორე, ეს ინფორმაცია გარეთ რომ გამოვიდა. ე. ი. ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენ ეს ვიცოდეთ. არ მჯერა, რომ პატიმარი, რომელსაც სერიოზული რამეები ელოდება, გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამს.  დიდი ბრძოლაა და ვახტანგ მაისაია დიდ თამაშშია გამოყენებული. ლომაიასა და ბეჟუაშვილს უკვე მიადგა ჩრდილი და საფრთხის განცდა. ცხადია, ერთი გუნდი მეორეს უპირისპირდება...

- რატომ ჩართეს სხვადასხვა ბანაკს შორის ბრძოლაში სამხედრო ექსპერტები?

- საქმე იკერება... გრუ-ს აგენტურა საქართველოში იყო და არის. 9 აპრილსაც კი აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებიც "საწყალ" რუს ჯარისკაცებს ამართლებდნენ. სააკაშვილმა არ მოინდომა ლუსტრაციის კანონის ამოქმედება, თორთლაძის დაწერილი ლუსტრაციის კანონის კი მე არ მჯერა.

ოპოზიციას ახლა ჩასუნთქული აქვს და მისი ამოსუნთქვა ზოგისთვის შესაძლოა წამლეკავი გრიგალი აღმოჩნდეს.