"უშეცდომო არავინ ვართ" - კვირის პალიტრა

"უშეცდომო არავინ ვართ"

"წაიკითხეთ პატრიარქის ეპისტოლეები იმის გასააზრებლად, თუ როგორ უნდა ვცხოვრობდეთ"

"სანამ აშშ-ის ელჩმა არ გააკეთა მკაცრი შეფასება, ხელისუფლება მომხდარს ყურადღებას არ აქცევდა"

"ბათუმში დამონტაჟდა საათი, რომელიც 2 მლნ ლარი დაჯდა"

"კვირის პალიტრის" საშობაო ნომრისთვის ინტერვიუ რომ ვთხოვეთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეების ნაკრები ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს, გიორგი თარგამაძეს ახალი გადაკითხული ჰქონდა. ამიტომაც საუბარი უწმინდესის ეპისტოლეებით დავიწყეთ:

- 1979 წელს, აღსაყდრებიდან ერთი წლის შემდეგ, საშობაო ეპისტოლეში უწმინდესი ქრისტეშობის მნიშვნელობას ასე აფასებს: "ქრისტეშობის დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიცნობთ, რომ იესო ქრისტე ისტორიაში არის განსაკუთრებული რეალობა. დროების შემობრუნების ნიშანსვეტი, ახალი ადამიანის საწყისი". საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეს თქვა მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, სუდარაგადაფარებული ჩაიბარა ქართული ეკლესია და ის ფაქტი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას წინ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა უსწრებდა, მეტყველებს, რაოდენ დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

1992 წელს, როდესაც თბილისში სისხლი იღვრებოდა, კათოლიკოს-პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში ამბობდა: "მოსახლეობის ნაწილი გაღიზიანდა ეკლესიაზეც. ნაცვლად იმისა, ეკლესია თვითონ დაეცვათ პოლიტიკისაგან, ამ მძიმე ჟამს ერის ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის აღევლინათ გულმხურვალე ლოცვა ღვთის მიმართ, მას დაპირისპირებულ მხარეთა შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვეს. განა შეიძლება ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად? ჩვენ წინ რომ უცხო მტერი ყოფილიყო, პირველნი შევეგებებოდით მას, მაგრამ ჩვენს სამწყსოში, ჩვენს შვილებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება არ გვქონდა. განა ზნეობრივია დედამ განასხვაოს შვილები ერთმანეთისგან? თუ ყოველი ღონე უნდა იხმაროს ძმათა შორის შუღლის დასაცხრობად?". შეგნებულად არ გავავლებ პარალელებს მოვლენებთან, რომლებიც ამის შემდგომ მოხდა. ბევრი მოვლენის თავიდან არიდება შეიძლებოდა, ქართველ კაცს გულისყურით რომ მოესმინა საქართველოს ეკლესიის მეთაურის ეპისტოლეები და გაეაზრებინა მისი რჩევები. წაიკითხეთ პატრიარქის ეპისტოლეები და გაეცანით ქართულ პრესას, რომ დაინახოთ, როგორ ვცხოვრობთ სინამდვილეში.

- თქვენმა სიტყვებმა შობის წინა დღეებში ვეტერანების აქციის დაშლა გამახსენა.

- შეუძლებელია ნორმალურ ადამიანს მშვიდად ეყურებინა იმისათვის, რაც გმირთა მემორიალთან მოხდა. გმირობის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ, ქართველი კაცი როგორ ურტყამდა ქალს. მნიშვნელობა არა აქვს, ის კაცი რომელ სტრუქტურაში მუშაობს, რადგან მას მორალური სახე აქვს დაკარგული. ეს არის ქართველი საზოგადოების სირცხვილი. ვეტერანები პროტესტს უაღრესად მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ და 6 იანვარს დაშლას აპირებდნენ. ისეთი არაფერი ხდებოდა, რომ ამას ხელისუფლების გაუაზრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება მოჰყოლოდა. მაგრამ სწორედ აქ იჩინა თავი ნაციონალური ხელისუფლების პოლიტიკურმა ბუნებამ. ვერ გავიგე, ვერ ავხსენი, რატომ მოექცნენ ასე ვეტერანებს. მით უმეტეს, ამ აქციისადმი არც საზოგადოებას გამოუვლენია დიდი ყურადღება, რადგან საახალწლო დღეები იყო.

ხელისუფლების დამოკიდებულება ვეტერანებისადმი მორალურ და ზნეობრივ მხარესთან ერთად სამართლებრივადაც გაუმართლებელი იყო.

- საგულისხმოა, რომ ამაზე არაფერს ამბობდა ხელისუფლება, სანამ აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა არ მისცა ვეტერანების აქციის დაშლას შეფასება.

- ესეც ჩვენი ხელისუფლების არასიჯანსაღის ნიშანია. სანამ აშშ-ის ელჩმა არ გააკეთა მკაცრი და პირდაპირი შეფასება, ხელისუფლება მომხდარს ყურადღებას არ აქცევდა. იმ პირის სამსახურიდან დათხოვნა, ვინც ქალს გაარტყა ხელი, საკმარისად არ მიმაჩნია. მის საქციელს ქართველმა საზოგადოებამ და პირველ რიგში მისმა ოჯახმა უნდა მისცენ სათანადო მორალური შეფასება.

KvirisPalitra.Ge- ვეტერანების დაპატიმრების ნაცვლად ქართული ნაციონალური არხები მონდომებით აშუქებდნენ ბორის ნემცოვის დაპატიმრებას მოსკოვში.

- ეს უკვე არ არის ჟურნალისტიკა. ამ შემთხვევაში დაირღვა ტელევიზიის, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალების მთავარი ფუნქცია, გააშუქოს რაც ხდება და იყოს ობიექტური. თუ ფაქტი არ შეფასდებოდა, გაშუქება მაინც იყო სავალდებულო. დღეს გვაქვს რადიო, ინტერნეტი, მობილური ტელეფონი, რომელთა საშუალებით წამებში ვრცელდება ინფორმაცია და როცა მალავ მას, ეს თავად შენ გავნებს, ავნებს მშვიდობასა და დემოკრატიას. როდესაც ფაქტის გაშუქება არ ხდება, ცხადია, ხელოვნურ ჩარევასთან გვაქვს საქმე. საამისო ბერკეტები კი ვისაც აქვს საქართველოში, ამაზე ზედმეტია ჩემი ახსნა-განმარტებები.

გია ყარყარაშვილის მიერ გავრცელებული განცხადებიდან  ერთი წინადადება ჩამრჩა გონებაში: "თქვენ დაამარცხეთ ვეტერანები გმირთა მოედანზე, მაგრამ პრობლემები ხომ არ დამარხულა და გამქრალა".  მათთვის ყველაზე მტკივნეული ის კი არ არის,  რომ სახელმწიფოს მათთვის უფასო სადაზღვევო პოლისის მიცემა არ შეუძლია, არამედ ის შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს. დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ ომის ვეტერანთა და სამხედრო მოსამსახურეთა ჰოსპიტლის გაუქმებით.

- როგორც გამოჩნდა, პრიორიტეტული საზეიმო ღონისძიებები უფროა, ვიდრე ვეტერანებზე ზრუნვა.

-  არა ვარ იმის მომხრე, ქალაქები ჩავკეტოთ და ქუჩები ძაძებით შევმოსოთ. ქვეყანაში უნდა იყოს ოპტიმიზმის განცდა, მაგრამ ეს ღონისძიებები ზომიერების ფარგლებში რომ ჩატარებულიყო, ბევრი შეჭირვებულისთვის დახმარება იქნებოდა შესაძლებელი. ბათუმიდან სახალხო ღონისძიების ტრანსლაციისას ჩანდა კოშკი, რომელიც ბათუმის ცენტრალური ბანკის ფილიალის თავზე დაშენდა. მასზე დამონტაჟდა საათი, რომელიც 2 მლნ ლარი დაჯდა. ჩვენს ფრაქციას ბათუმის საკრებულოში შეტანილი ჰქონდა წინადადება ორსულობის პატრონაჟსა და მშობიარობის თანხების მუნიციპალურ დაფინანსებაზე. ეს მოაგვარებდა ბათუმისა და მისი შემოგარენის პრობლემას და 1 მლნ 700 ათასი ჯდებოდა, ჩვენი წინადადება ვერ გავიდა და ამის ნაცვლად 2 მილიონი საათში გადაიხადეს.

- ბურჯანაძისა და "ქართული პარტიის" დაპირისპირების შემდეგ ითქვა პოლიტიკაში ეთიკური ნორმების შემოღების აუცილებლობაზე. როგორ შეაფასებთ იმას, რაც ბოლო დროს ხდება ოპოზიციურ ფლანგზე?

- არა მგონია, ჰქონდეთ უფლება, თითის გაშვერით ილაპარაკონ ვინმეს ზნეობრივ სახეზე. უშეცდომო არავინ ვართ. Yყველამ თავის სულში ჩაიხედოს და საკუთარი შეცდომები მოინანიოს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ერთმანეთისთვის ბრალდებების წაყენებით მხოლოდ ოპოზიცია დასუსტდება და ხელისუფლება გაძლიერდება. ოპოზიციას მორალური უპირატესობა აქვს ხელისუფლებასთან და ამას უნდა გავუFფრთხილდეთ. ვერც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ამოვშლით ქართველი პოლიტიკოსების სიიდან და ვერც რომელიმე ოპოზიციურ ძალას გადავასახლებთ საქართველოდან. ვეცადოთ, ღირსებებით შევეჯიბროთ ერთმანეთს და არა ნაკლოვანებებით.

დასასრულ, მინდა მედია "პალიტრას" შობა მივულოცო. თქვენ მაღალი დონის ჟურნალისტურ პროდუქტს ქმნით. მინდა გისურვოთ, რომ თქვენი შესაძლებლობები კიდევ მეტად გაზრდილიყოს. ქართველ ერს კი მინდა შობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 1990 წლის საშობაო ეპისტოლეს ნაწყვეტით მივულოცო: "ზოგჯერ კითხულობენ, რად შექმნა ღმერთმა ქვეყანა, სადაც ამდენი უსამართლობა და მწუხარებაა. უსამართლობა მოდის არა ღვთისაგან, არამედ ადამიანისაგან, რომელსაც აქვს მონიჭებული თავისუფალი ნება, სიკეთისა და ბოროტის ქმნის სრული შესაძლებლობა... მთავარია, ჩვენ გადავწყვიტოთ, რას ვამჯობინებთ: სიკეთის ვიწრო, ეკლიან, მაგრამ გადამრჩენელ ბილიკს, თუ ცოდვის ფართო გზით სვლას, ზოგჯერ ისიც ჭირს გაარკვიო, რა არის ცოდვა და რა - მადლი. ამიტომაც შესთხოვს ღმერთს სოლომონ ბრძენი, მოანიჭე შენს მორჩილს გული გონიერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისაგან". სწორედ "გონიერი გულის" ქონა მინდა ვუსურვო ჩვენს ერს და მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული.