"რუსეთის ხელისუფლება მალავს ინფიცირებულთა და პანდემიისგან გარდაცვლილთა რაოდენობას" - რას ყვება რუსი პოლიტოლოგი? - კვირის პალიტრა

"რუსეთის ხელისუფლება მალავს ინფიცირებულთა და პანდემიისგან გარდაცვლილთა რაოდენობას" - რას ყვება რუსი პოლიტოლოგი?

პანდემიის გავრცელების კუთხით რუსეთში არსებულ ვითარებაზე, ასევე სხვა არანაკლებ საინტერესო თემებზე "ინტერპრესნიუსი" რუს პოლიტოლოგ ვალერი სოლოვეის ესაუბრა.

- ბატონო ვალერი, რუსეთის ხელისუფლება კარგა ხანს უარყოფდა რუსეთში კორონავირუსის არსებობას, მაგრამ ახლა მთავრობის დონეზე მიიღება გადაწყვეტილებები.

რუსეთში კორონავირუსის გავრცელებაზე გარკვეული ინფორმაციები კი ვრცელდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრ მიზეზთა გამო მათ მიმართ ნდობა საკმაოზე მეტად დაბალია. თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთში კორონავირუსის გავრცელების გამო არსებულ ვითარებას?

- რუსეთში, როგორც მთელ მსოფლიოში, პანდემიაა და შესაბამისად, მისი მასშტაბები ჩვენთანაც საკმაოდ დიდია. ხელისუფლება ცდილობს დამალოს ინფიცირებულთა და პანდემიისგან გარდაცვლილთა რაოდენობა.

როცა ოფიციალურ ცნობებს ეცნობი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ვირუსი, როგორც კი გადმოკვეთს რუსეთის საზღვრებს, თავის თვისებებს კარგავს, რაც, რა თქმა უნდა, ასე სულაც არაა. ხელისუფლების ტყუილებს უკვე საზღვარიც კი აღარ აქვს.

თუ რუსეთის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ვირუსი თავის თვისებებს კარგავს და რუსეთში ვითარება ამ თვალსაზრისით გაცილებით უკეთესია, ვიდრე ევროპაში ანდა აშშ-ში, მაშინ რაში დასჭირდა ხელისუფლებას მოსკოვში კარანტინის შემოღება. ანდა რაში დასჭირდა მთავრობის თავმჯდომარე მიშუსტინს რეგიონების ხელმძღვანელებისათვის მოწოდების გაკეთება, რომ მიბაძონ დედაქალაქს და მათაც დააწესონ თავიანთ რეგიონებში კარანტინი. რაც, პრაქტიკულად მთელ ქვეყანაში კარანტინის შემოღებას ნიშნავს.

თუ თქვენ კონკრეტული ციფრები გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ინტერვიუ, რომელიც მე გერმანულ გაზეთს მივეცი და შეგიძლიათ ციფრები იქედან აიღოთ.

- იქნებ ჩვენც გვითხრათ...

- არა, ახლა ამას არ გავაკეთებ. აჯობებს გაეცნოთ გერმანულ გამოცემაში ამ პუბლიკაციას.

- დაახლოებით სამი კვირის წინ "ეხო მოსკვის" ეთერში" თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთში 1600 ინფიცირებულია...

- მას შემდეგ ვითარება უარესობისკენ შეიცვალა, სხვაგვარად ვერც იქნებოდა. ვითარება გაუარესდა 50-60%-ით. საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც დაინფიცირებულია 15 იანვრიდან. ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორც რუსეთია, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს. ახლა რაც ხდება უკვე შესამჩნევია და რამდენიც არ უნდა მალო, დამალვაც არ გამოდის.

ის ციფრებიც, რომლითაც რუსეთის ხელისუფლება ხელმძღვანელობს, ისინიც პირობითია. ასეა იმიტომაც, რომ ეს ავადმყოფობა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ტესტების ხარისხი მაღალი არაა. ყველა დაავადებულის ტესტირებაც ვერ ხერხდება.

რუსეთშიც ისევე ვითარებაა, როგორც მთელ მსოფლიოში. რაც უფრო მეტი ადამიანის ტესტირება ხდება, მით უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება ინფიცირებული ან ისეთები, რომლებმაც ფეხზე გადაიტანეს ეს ვირუსი ისე, რომ არც კი იცოდნენ მისი არსებობის შესახებ არაფერი.

ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემაში რუსეთის ხელისუფლება რუსულ-საბჭოური ტრადიციით მოქმედებს, არ ამბობს სიმართლეს. ეშინია პანიკის, ეშინია სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის.

- ახლა შეიძლება ითქვას, რომ ვირუსის გავრცელებაზე ხელისუფლებას აქვს კონტროლის მექანიზმები და იგი აკონტროლებს ვითარებას?

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ახლა ხელისუფლება სრულად აკონტროლებს სიტუაციას.

- რის ხარჯზე და როგორ შეძლო ხელისუფლებამ ამის გაკეთება?

- ვითარების გაკონტროლება იმის ხარჯზე შეძლო, რომ ხალხისგან მალავდა სიმართლეს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში სიმართლის დამალვამ იმუშავა. ვითარებაზე კონტროლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა პოლიციური და ადმინისტრაციული აპარატის ხარჯზე.

რუსეთში პოლიციასა და ადმინისტრაციულ სტრუქტურებს ქვეყანაში ვითარების კონტროლის შენარჩუნების დიდი გამოცდილება აქვს. ახლა სადაც პანდემია მძვინვარებს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება და ამ თვალსაზრისით რუსეთი გამონაკლისი არაა.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ხელისუფლების არ სჯერა, ისინი ახლა იძულებული არიან ხელისუფლების მიმართ ჰქონდეთ ლოიალური დამოკიდებულება.

- ჩვენთან ხელისუფლება და მედიკოსები საზოგადოებას მოუწოდებენ დარჩნენ სახლებში. გასაგებია, რომ კარანტინის რეჟიმი გადაადგილების შესაძლებლობას ზღუდავს, მაგრამ ამის მსგავსი რამ თუ ხდება თქვენთან?

- თავიდან ამგვარი მოწოდებები არ იყო, მაგრამ შემდგომ ამგვარი საუბრები ისმოდა, როგორ რეკომენდაცია. ამგვარმა საუბრებმა შექმნა გარკვეული დისბალანსი - თუ ამბობთ რომ ჩვენთან პანდემია არაა, ეპიოლოგიურობის თვალსაზრისით ჩვენთან ყველაფერი კარგადაა და საშიში არაფერია, მაშინ რატომღა გასცემთ რეკომენდაციას ვისხდეთ სახლებში...

სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლება რეკომენდაციას იძლეოდა ვყოფილიყავით სახლებში, ახლა კი სახლში ყოფნას გვავალდებულებს. საქმე იმაშია, რომ ამგვარი ზომები უკვე დაგვიანებულია და დროა დაკარგული. ეს ორი კვირის წინ იყო გასაკეთებელი. მაშინ იყო შანსი მაქსიმალურად შეზღუდულიყო რუსეთში ვირუსის გავრცელება.

- თუ ასეა, მაშინ თქვენი ვარაუდიც, დაახლოებით 3000 დაინფიცირებულის შესახებ, საკმაოდ არაზუსტი გამოდის?

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ რუსეთში არც ისე დიდია დაინფიცირებულთა რაოდენობა. რუსეთი საკმაოდ დიდი ქვეყანაა. თუ ამას დავუმატებთ 2 თვის სრულ მონაცემებს, ჯერ იმაზე გაცილებით ნაკლები და არც ისე ბევრია.

თუ მხედველობაში დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, მაშინ გამოვა, რომ რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა.

ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ აჩვენებს ერთ სურათს, რეალურად კი სხვა სიტუაციაა. როგორც ჩანს, ბევრი რამ დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორი ტიპის ვირუსია იტალიაში, ესპანეთში და რუსეთში. უკვე ცხადია, რომ იტალიასა და ესპანეთში ვირუსი უფრო აგრესიული იყო. როგორც ჩანს, რუსეთში გაცილებით ნაკლებად აგრესიული ვირუსის ტიპია.

- პანდემიის მძვინვარების ფონზე რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება?

- ხელისუფლება ცდილობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ნაბიჯები, რაც ახლა იდგმება, დაგვიანებულია. მთელ ქვეყანაში კარანტინის შემოღება აშკარად დაგვიანებული ღონისძიებაა. ვიმეორებ, ეს ორი კვირის წინ იყო გასაკეთებელი.

- გამოდის ახლა ვითარების გაკონტროლება საკმაოდ ძნელია?

- დიახ, ასეა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ახლა ხალხიც ფრთხილობს და ცდილობს არ იაქტიუროს. მათ ქცევას განსაზღვრავს ის, რომ შეშინებულები არიან. და ეს გასაკვირი არაა და ეს სრულიად გასაგებია. ჩვენ ყველანი ვართ ისეთი საფრთხის წინაშე, რომელიც არ ჩანს - ადრე ასეთი საფრთხის წინაშე არც არასდროს ვყოფილვართ. შესაბამისად ის, რომ შიშით ვართ შეპყრობილნი, ესეც გასაგებია.

მაგრამ, არსებობს ერთი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია დაძლიოს საზოგადოების პასიურობა. ეს გახლავთ ეკონომიკური ვითარება. ხალხი კარგავს სამუშაოს, არ აქვთ შემოსავლები, მათი ფინანსური დანაზოგები ან მცირეა, ან შესაძლოა დანაზოგები სულაც არ ჰქონდეთ. ამიტომ, გაუგებარია რამდენ ხანს შეიძლება იყოს რუსეთის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი?

- ასეთი ვითარებაა მთელ მსოფლიოში. მსოფლიო ეკონომიკა ჯერ არნახულ რეცესიაშია...

- გერმანიას, საფრანგეთს და აშშ-ს მეტი შესაძლებლობა აქვს გაუძლოს ამგვარ ვითარებას, ვიდრე რუსეთს ანდა საქართველოს. მხედველობაში მაქვს ფინანსური რესურსები. ამ თვალსაზრისით, რუსეთში საქმე ძალიან ცუდადაა.

განსაკუთრებით მოსკოვში. მოსკოვში ხომ ბევრი ჩამოსულია, დაქირავებული აქვთ ბინები, მათი უმეტესობა არალეგალურადაც კი მუშაობს. ცოტა ხანში მათ არსებობისთვის ფინანსური რესურსი ამოეწურებათ.

- ის, რომ ახლა ყველაფერი თუ არა ბევრი რამ გაჩერებულია, ეს რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე?

- ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედებს არა მხოლოდ ეპიდემია, არამედ ნავთობზე ფასის ვარდნა. ის, რაც ახლა რუსეთის ეკონომიკაში ხდება, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრახი არაა, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. თუ ასე გაგრძელდა, რუსეთს ეკონომიკური რესურსები მხოლოდ ნოემბრამდე იქნება საკმარისი.

- ვნახეთ, თუ როგორ არ უნდოდა რუსეთის ხელისუფლებას ქვეყანაში პანდემიის არსებობის აღიარება, შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებზე 22 აპრილისათვის დანიშნული რეფერენდუმის გადადება, მაგრამ მას შემდეგ რაც 2020 ზაფხულისთვის ტოკიოში ოლიმპიადის ჩატარება გადაიდო, კრემლი იძულებული გახდა რეფერენდუმიც გადაედო....

- დიახ, პუტინს ძალიან არ უნდოდა რეფერენდუმის გადადება, მაგრამ მას ამის გაკეთებამ მოუწია. სხვა გამოსავალი არ იყო, რადგან პანდემიის გავრცელების ალბათობა იმაზე დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

რეფერენდუმის არადაგადების სურვილი იყო ერთ-ერთი და ალბათ მთავარი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება თავიდან ცდილობდა დაემალა მოქალაქებისთვის ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება და პანდემიის არსებობა.

- თქვენ კი თქვით, რომ რუსეთი ეპიდემიის გავრცელების მონაცემებით ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა, მაგრამ ალბათ ამ თვალსაზრისით ყველაზე რთული ვითარება რუსეთის აღმოსავლეთში უნდა იყოს, რომელსაც ვირუსის პირველადი გამავრცელებელი ჩინეთი ესაზღვრება.

თქვენ თუ გაქვთ მონაცემები ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რა ხდება რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ამ ქვეყანას ესაზღვრება?

- რუსეთის აღმოსავლეთში საკმაოდ დაბალია მოსახლეობის სიმჭიდროვე. იქ არც ისე ბევრი ხალხი ცხოვრობს.

- რუსული მედიისვე მტკიცებით, რუსეთის იმ ნაწილში საკმაოდ ბევრი ჩინეთის მოქალაქე ცხოვრობს და არის დასაქმებული...

- საქმე ისაა, რომ რუსეთის იმ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა ეპიდემიური პნევმონია გრიპის სახით დეკემბერ-იანვარში გადაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის აღმოსავლეთმა ეს ავადმყოფობა უკვე გადაიტანა.

ჩინეთში ეპიდემია ნოემბერში გამოვლინდა, რუსეთამდე მის ჩამოღწევას თვე-თვენახევარი დასჭირდა. რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრები ხალხი ახლა წერს, რომ დეკემბერ-იანვარში ჰქონდათ უცნაური გრიპი და პნევმონია, სწორედ იმ ტიპის ჩივილები, რომლითაც კორონავირუსი ხასიათდება. როგორც ჩანს, ეს იყო სწორედ კორონავირუსი. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1600 ადამიანს აჭარბებს. ამას ჩვენ გვიმალავენ"