კომუნალური გადასახადების დაფინანსება და პრემიერის მადლობა მოქალაქეებს - რა გადაწყვეტილებები მიიღო მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე - კვირის პალიტრა

კომუნალური გადასახადების დაფინანსება და პრემიერის მადლობა მოქალაქეებს - რა გადაწყვეტილებები მიიღო მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე

მინდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, გადავუხადო მადლობა იმ გაგებისთვის, როგორც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძიებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ აქვს მოქალაქეებს აღქმული საერთო პასუხისმგებლობა.

"ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ როგორ გვაქვს ჩვენ ერთობლივად აღქმული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში, ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ, ჩვენი მშობლების, ჩვენი უფროსი თაობის მიმართ. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ შევძლებთ, სწრაფად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.

"აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

"ეს გახლავთ ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად, კომპანიების მიმდინარე წარმოებების, მიმდინარე ბიზნესების შესანარჩუნებლად. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ კრიზისის ფაზის დაძლევისთანავე ქართული ეკონომიკა იყოს მზად სწრაფად განვითარდეს და აღადგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ჰქონდა წლის დასაწყისში. ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად ჩვენი გადაწვეტილება გახლავთ ის, რომ ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში შევინარჩუნოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები ისევე, როგორც მხარი დავუჭიროთ და მივცეთ საშუალება სისტემურ წარმოებებს გააგრძელონ მუშაობა და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სისტემურ დარგებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ 2 მილიარდ ლარში არ შედის ის თანხა, რომელიც მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყო. პრემიერის ინფორმაციით, ამ მიმართულებით ცალკეა გამოყოფილი 351 მილიონი ლარი.

იხილეთ ვიდეო