თებერვალში ახალ "კაშას" მოგვიხარშავენ?! - კვირის პალიტრა

თებერვალში ახალ "კაშას" მოგვიხარშავენ?!

უჩინარმა დირიჟორმა ისე არია ხელისუფლების ოპონენტებში ვითარება, რომ საახალწლოდ ქართველ საზოგადოებას დიდი  "ოპოზიციური აჯაფსანდალი" მიართვა. მოგეხსენებათ, აჯაფსანდალი არც საახალწლო და, მით უმეტეს, საშობაო კერძი არ არის. ამიტომაც აჯაფსანდალში მოხვედრილ სუბიექტებს ბუნებრივად გაუჩნდათ სურვილი აჯაფსანდალიდან თავი დაეღწიათ. გარდა ამისა, ამ არასეზონური კერძის გასინჯვა საზოგადოებამაც არ ისურვა, - ეჭვით შეხედა უდროოდ შემოჩეჩებულ კერძს და არ "ჭამა". არ ჭამა კიდევ იმიტომ, რომ აჯაფსანდალს სურნელზე ეტყობოდა, სათანადოდ, წესითა და რიგით შეკაზმულ-შენელებული არ იყო.

აბა, როგორ შეიძლება ლოგიკური ახსნა მოუძებნო ბადრი ბიწაძის მიერ ლევან გაჩეჩილაძეზე მიტანილ იერიშს, როდესაც ორივეს ერთი მტერი (თვითონ ასე ამბობენ) - ხელისუფლება ჰყავს მოსაცილებელი? ბურჯანაძესა და გაჩეჩილაძეს შორის ომის გაჩაღება რომ ყველაზე მეტად ხელისუფლების კალათში ჩააწყობდა ქულებს, პოლიტიკის ანაბანის მცოდნეც მიხვდებოდა, მაგრამ ლევან გაჩეჩილაძისკენ მაინც "ისროლეს". გაჩეჩილაძე დაიჭრა, მაგრამ საპასუხო სროლაზე არ უფიქრია. ამაზე უჩინარმა დირიჟორმა უმალ ააგორა ჭორის გორგალი: მტყუანი იყო და იმიტომ, ანუ "ფიშტო" დატენილი არ ჰქონდა და რას გაისროდაო. სხვა ვერსიით კი გაჩეჩილაძემ სროლა არ ისურვა და ეს თქვა კიდეც, არ მინდა ვინმეს წიწინში ავყვეო. ზოგმაც გაჩეჩილაძის უმოქმედობა დანაშაულის გამო უკან დახევად მიიჩნია, მაგრამ, ვინც "უფროს გრეჩიხას" კარგად იცნობს, თავიდანვე ამბობდა, ლევანი არ არის ის კაცი, ქალს გაეჯიბროსო.

გაჩეჩილაძისკენ "გასროლაზე" საზოგადოების რეაგირებაც უცნაური იყო. მოსალოდნელი აღშფოთება, გაჩეჩილაძის დაგმობა და დამუნათება - ჩვენ მხარს გიჭერდით, შენ კი ჩვენ ზურგს უკან თურმე ვაჭრობდიო, არ ყოფილა. გამოდის, ნათქვამი (თანაც დაპირებული დოკუმენტის გარეშე) ბევრმა არ დაიჯერა, ზოგმა, ალბათ, დაიჯერა კიდეც და ოპოზიციაზე ხელჩაქნეული ხელისუფლების მხარდამჭერთა რიგებს შეუერთდა.

რა არგო ამ გასროლამ ბურჯანაძე-ბიწაძეს? - არაფერი. არგო კი არა, გვარიანადაც ავნო.  "სახალხო კრებაში" უფლებამოსილება შეიჩერეს "ეროვნულმა ფორუმმა" და ეკა ბესელიამ, კრების მხარდამჭერი "ეროვნული საბჭოს" წევრი კახა კუკავა, ფაქტობრივად, უკვე ლევან გაჩეჩილაძის ბანაკშია. კრებისაგან დისტანცირება არჩია მის სტრუქტურებში წარმოდგენილმა საზოგადოების აპოლიტიკურმა ნაწილმაც. როგორც "სახალხო კრების" ერთ-ერთი სუბიექტის, "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი ამბობს, ზაზა პაპუაშვილმა და მხატვარმა შოთა გლურჯიძემ განუცხადეს, თუ კაცები ხართ, კრებაში რატომ ხართ. გამოდით და ერთი პიროვნება მარტო დატოვეთო". ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ "ერთი პიროვნება" ნინო ბურჯანაძეა.

გაჩეჩილაძესთან დაპირისპირების შემდეგ "სახალხო კრებაში" ბურჯანაძის გარშემო ხალხის შეთხელება რომ დაიწყო, ამას თელავში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პირველი კომიტეტის  გახსნაზე "სახალხო კრების" შემცირებული წარმომადგენლობაც მოწმობს. ბურჯანაძის გვერდით არ ჩანდნენ რეზო ესაძე და გოგი ქავთარაძე. ეს  ბატონები ბოლო დროს პრესასთან ურთიერთობასაც გაურბიან. როდესაც ბატონ გოგის სრულიად უწყინარი რამ - კრების მუშაობის თაობაზე  ვთხოვეთ კომენტარი, გვითხრა, - მე ჩემი მოსაზრება მაქვს, საბოლოოდ ჩამოვყალიბდები და მერე ვისაუბროთო. ფაქტია, ჯერჯერობით ბატონ გოგის კრების სახელით საუბარი არ სურს, მომავალში რა იქნება, ვნახოთ.

რამდენიმე პირმა, ვინც "სახალხო კრებას" გაეცალა, წინააღმდეგობის მოძრაობა შექმნა. ამ მოძრაობაშია ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, რომელმაც "თეთრების" ლიდერი შაშიაშვილი რამდენიმე დღის წინ საჯაროდ ამხილა, თქვენ შეიტყუეთ ხაფანგში ბურჯანაძე და გაჩეჩილაძე და ამას დაგიმტკიცებთო. რა როლი აქვს თემურ შაშიაშვილის ჭორაობას (როგორც ინაშვილი ამბობს) ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის სკანდალში, საზოგადოება მალე შეიტყობს. როგორც ირმა ინაშვილი ირწმუნება, საზოგადოება მალე გაეცნობა ჟურნალისტურ გამოძიებას, მაგრამ   "უხილავი დირიჟორი", რომელზეც ზემოთ ვწერდით, თემურ შაშიაშვილი ნამდვილად ვერ იქნება. მას ამდენი რესურსი არც აქვს. თანაც  ის დირიჟორი ერთი მიმართულებით არ მოქმედებს.

პოლიტიკური "აჯაფსანდალის" ერთ-ერთი ინგრედიენტი ტელეკომპანია "მაესტროში" დაწყებული გაჩეჩილაძე-ბურჯანაძის სკანდალივით  გაუგებარი და აუხსნელი პროცესია. ბექაური-კიწმარიშვილის დაპირისპირება რა მიზეზითაც უნდა იყოს განპირობებული, შედეგი ერთი ექნება: საზოგადოებას მოაკლდება ცენტრალურ არხებთან შედარებით დაბალანსებული ინფორმაცია, რომელსაც "მაესტროს" მეშვეობით იღებდა, ხოლო რაოდენ ობიექტური ინფორმაციით კვებავენ საზოგადოებას ნაციონალური არხები, კარგად გამოჩნდა ვეტერანთა აქციის დაშლისას.

როდესაც ძალოვანი უწყების ერთი "გმირი" ქალს "ვაჟკაცურად" გაუსწორდა მუშტებით, როდესაც შიმშილისაგან მისუსტებულ ვეტერანებს კინწისკვრით ყრიდნენ მანქანებში, ცენტრალური ტელევიზიები მოსკოვში ბორის ნემცოვის დაპატიმრების გამო აღშფოთებას ვერ მალავდნენ.  შედეგად კი რეგიონებში ვერავინ ვერაფერი გაიგო ვეტერანების დარბევაზე. ვეტერანები ამბობენ, ეტყობა, პრეზიდენტს ჩვენი აქციის დანახვა არ ესიამოვნა და ამიტომ დაგვშალესო. მაგრამ რატომღაც მგონია, ვეტერანთა აქციის ძალით დაშლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ მიიღეს, როდესაც მათთან ერთად ახალ წელს ლევან გაჩეჩილაძე და "ქართული პარტიის" წევრები შეხვდნენ. გმირთა მემორიალთან გამართული ცემა-ტყეპით ვეტერანებს უთხრეს, არცთუ მაგარი ქომაგები გყავთ და ჭკუით თუ არ იქნებით, უფრო მეტი მოგხვდებათო.

უხილავ დირიჟორს გრძელი, ძალიან გრძელი საცეცები აქვს, ყველას და ყველგან სწვდება, თავისი გრძელი საცეცებით ურევს და ურევს ოპოზიციას თავგზას. სახეზეა ოპოზიციის ღრმა კრიზისი, რომელიც ისე გაეხვია დირიჟორის "კლანჭებში", რომ განძრევაც უჭირს. რაკი საახალწლოდ მზარეულ-დირიჟორის მომზადებული აჯაფსანდალი საზოგადოებამ კარგად არ დააგემოვნა, ამბობენ, ახლა ფრიად უცნაური ფაფის  ("კაშის") მოხარშვა განუზრახავს. ეს ხომ მაინც არ არის სეზონური კერძი, მას წელიწადის ყოველ დროს  ჭამენ, განსაკუთრებით - პატარებიო. სავარაუდოდ, ეს ფაფა თებერვლის ბოლოს მოიხარშება. მოგეხსენებათ, თებერვალი "მშიერი თვეა". ძველი მარაგი ილევა და ახალი შემოსული არ არის, სავარაუდოდ, მაშინ უფრო მეტი ფაფაც შეიჭმება...

მარი ზანდუკელი