"ბატონო ლევან, თქვენ სიმართლე არ გაინტერესებთ!" - კვირის პალიტრა

"ბატონო ლევან, თქვენ სიმართლე არ გაინტერესებთ!"

გაზეთ "კვირის პალიტრაში" (# 35, 36, 37) გამოქვეყნებულ "ქართულ-აფხაზური დაპირისპირების ექსკლუზიურ დეტალებს" აფხაზეთის უშიშროების სამსახურის უფროსის, ბატონ ლევან კიკნაძის უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ბატონმა გივი ლომინაძემ გამოხმაურების პასუხად მოგვწერა.

- ბატონო ლევან, წლების განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა თუ არა, უშიშროების ხელმძღვანელობა მაინც იყო ღრმად ჩახედული აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში. ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ თქვენ გამონაკლისი ბრძანდებით, არადა თქვენ მიერ დასმული კითხვები და მინიშნებები ამაზე მეტყველებს.

ჩემთვის გაუგებარია, თქვენ, უშიშროების ყოფილ თანამშრომელს, როგორ შეიძლება დაგებადოთ კითხვები იმის თაობაზე, თუ რატომ შეიცვალა ზოგიერთმა არაქართველმა და არააფხაზმა დეპუტატმა პოლიტიკური ორიენტირი. დარწმუნებული ვიყავი, რომ თქვენ არა მარტო ამ კითხვაზე გქონდათ ამომწურავი პასუხი, არამედ ღრმად გქონდათ გაანალიზებული, თუ რა ზიანი მიადგა ჩვენს საერთო საქმეს, როცა ქართველებმა 26 დეპუტატიდან პირველ ტურში მესამედი ავირჩიეთ, ხოლო ორი დეპუტატი საერთოდ ვერ ავირჩიეთ, მაშინ როდესაც აფხაზებმა 28 დეპუტატიდან 28-ვე პირველივე ტურში აირჩიეს.

ეტყობა, არ იცით, თორემ თქვენ არა მარტო აფხაზეთში 1991 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგებზე, არამედ 1919 წლის აფხაზეთის სახალხო საბჭოში აფხაზთა უმრავლესობით არჩევას (18 აფხაზი, 16 ქართველი და 6 სხვა ეროვნების წარმომადგენელი) და შემდგომ საბჭოთა პერიოდში იმავე ტენდენციის შენარჩუნებასაც მე დამაბრალებდით.

ვინ მოგახსენათ, რომ მე წამოვაყენე ჩემი კანდიდატურა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ და ცოცხალი თავით არ ვეშვებოდი ამ მოთხოვნას, რაც თითქოსდა საბაბი გახდა არძინბასთვის ზარანდიას დანიშვნისა. ეს ხომ ჭორიკანა დედაკაცების ლაპარაკს უფრო ჰგავს, ვიდრე ყოფილი ჩეკისტისა და ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარისას. ბატონო ლევან, თქვენ სიმართლე არ გაინტერესებთ, თორემ, როგორ დავიჯერო, მას ვერ ჩასწვდით. ამისთვის ხომ საკმარისი იყო იმ ხალხისათვის გეკითხათ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ საკითხის გადაწყვეტაში (საბედნიეროდ, ბევრი მათგანი ცოცხალია). საფუძვლიანი ვარაუდი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში თქვენ იხელმძღვანელეთ იმ პირთა ინფორმაციით, ვისაც მაშინაც ელანდებოდა და ახლაც ელანდება ამ თანამდებობაზე მოსვლა.

ბატონო ლევან, თქვენ მართლაც შეძელით ჩემთვის გულის ტკენა, რადგან ცდილობთ დამაპირისპიროთ ბატონ ავთო იოსელიანს, მის ხსოვნას, უშიშროების სამსახურის ღირსეული თანამშრომლების მთელ კოჰორტას. ის, რომ გამყიდველები და მოღალატეები იყვნენ როგორც უშიშროების სამსახურში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, ყველამ კარგად იცის. ისევე, როგორც ყველამ კარგად იცის, რომ მეტწილად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლების თავგანწირვისა და გმირობის ფასად ხერხდებოდა მშვიდობის შენარჩუნება 1989 წლის 15 ივლისიდან 1992 წლის 14 აგვისტომდე და ამ ბრძოლაში ბატონი ავთო იოსელიანი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

განა თქვენთვის ცნობილი არ იყო, რომ აფხაზი თანამშრომლები (და არა მარტო აფხაზი) როგორც უშიშროების სამსახურში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში, "აიდგილარასა" და უშუალოდ არძინბას ემსახურებოდნენ და მათ დავალებებს ასრულებდნენ? ამას დავუმატოთ ქართველებს შორის პარტიული ნიშნით, ძველი და ახალი ხელისუფლების მომხრეებად დაყოფა და მივიღებთ იმ ვითარებას, სადაც გამყიდველები და მოღალატეები Yთავს არხეინად გრძნობდნენ.

სწორედ ამ ხალხით ისარგებლეს ანქვაბმა, ბაღაფშმა, არძინბამ და უშიშროების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, გენადი ბერულავას კაბინეტში მოაწყვეს შტაბი, სადაც უშუალოდ შტურმის წინ იმყოფებოდნენ აფხაზების ე.წ. შინაგანი ჯარის მეთაური კაკალია, ბაღაფში და ანქვაბი. მე არსად მითქვამს, რომ თავდასხმას ხელი შეუწყო ბატონმა ავთო იოსელიანმა, ი. კეშელავამ და ლ. კიკნაძემ. პირიქით, ჩემი ნათქვამიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, - სეპარატისტებმა ისარგებლეს ავთო იოსელიანის სოხუმში არყოფნით. ავთო იოსელიანი სოხუმში რომ არ იყო, ამის თაობაზე თავადაც მითხრა არაერთგზის.  მოვა დრო და  აუცილებლად დავასახელებ იმ პირს, ვინც ჩემს ნათქვამს დაადასტურებს.

ჩემთვის ასევე გაუგებარია, ასეთი კატეგორიულობით რატომ ამტკიცებთ, თითქოს შს სამინისტროზე თავდასხმა დილაადრიან მოხდა? როგორ დავიჯერო, რომ ეს ფაქტი თქვენ ჩემზე უკეთ დაგამახსოვრდათ? ეტყობა, დაგავიწყდათ, რომ თავდასხმის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სადაც წუთობით არის დაფიქსირებული დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ხომ ხედავთ, ბატონო ლევან, თქვენთვის არც ერთხელ არ მიკადრებია ცრუობთ, ტყუილს ამბობთ-მეთქი, როგორც თქვენ იკადრეთ.

ერთი სიტყვით, ამ თემაზე მზად ვარ დისკუსიისთვის, თუკი ის იქნება კომპეტენტური და წარიმართება ურთიერთპატივისცემის რეჟიმში.

დასასრულ, თენგიზ კიტოვანთან ჩემი შეხვედრის თაობაზე მოგახსენებთ. აქაც შეგეშალათ თქვენ და თქვენს ინფორმატორს. შეხვედრა შედგა არა 13, არამედ 12 აგვისტოს და არა სენაკში, არამედ სამტრედიაში. სამწუხაროდ, იმ ხუთწუთიან შეხვედრას, რაც მე და კიტოვანს გვქონდა, საუბარს ვერ დავარქმევ და ამიტომ თქვენთვის მოსაყოლი არაფერი მაქვს. თქვენ, ალბათ, გაინტერესებთ, ვიყავი თუ არა ჯარის შემოსვლის მომხრე და ფიქრობთ, რომ შეიძლება მამხილოთ რაიმე ცუდში. გარწმუნებთ, ამისთვის ჩემთან საჭირო არ არის მინიშნებებითა და მიკიბ-მოკიბვით ლაპარაკი. მე ვიყავი ერთ-ერთი მათაგანი, ვინც კატეგორიულად მოითხოვდა ქართული ჯარის აფხაზეთში შემოყვანას.  ჯარის და არა გაურკვეველი შეიარაღებული მასის. მეტიც, ამის თაობაზე არაერთგზის მისაუბრია ქვეყნის ხელმძღვანელობასა და უპირველესად ბატონ ედუარდ შევარდნაძესთან, მაგრამ ჩემი წინადადება არასოდეს გაუზიარებიათ.

რამ განაპირობა ტრაგიკული შედეგი, ვინ რა შეცდომა ან დანაშაული ჩაიდინა, შეიძლებოდა თუ არა სხვა გზებითა და საშუალებებით საკითხის მოგვარება, - ბევრ ამ კითხვაზე  პასუხი მეცნიერებმა და ისტორიკოსებმა უკვე გასცეს, ბევრიც პასუხს ელის. მთავარია, გულწრფელობა, ობიექტურობა არ დავკარგოთ და დარწმუნებული ვარ, უპასუხოდ არც ერთი კითხვა არ დარჩება.