"დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი, თუ რამდენ ადამიანს დასჭირდება სახელმწიფოს დახმარება" - კვირის პალიტრა

"დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი, თუ რამდენ ადამიანს დასჭირდება სახელმწიფოს დახმარება"

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაახლოებით ორ კვირაში იქნება ცნობილი, თუ რამდენ ადამიანს დასჭირდება სახელმწიფოს დახმარება. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს წინასწარი მონაცემები, თუ რამდენ მოქალაქეს დასჭირდება სახელმწიფოს დახმარება, თუმცა, ზუსტი მონაცემი საგადასახადო ბაზის გაანალიზების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. მისივე თქმით, განახლებული საგადასახადო მონაცემები 15 რიცხვში აისახება. როგორც კობახიძე აცხადებს, ასეთი პირების შესახებ ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროებით ხდება.

"ერთ-ერთი წყარო არის საგადასახადო ბაზა, რომლის განახლება ხდება ყოველი თვის 15 რიცხვში. ამ ყველაფრის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება პრობლემის მოცულობა და ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მაქსიმალურად ხელშესახები დახმარება გავუწიოთ მოქალაქეებს. ეს ყველაფერი დაეფუძნება სხვადასხვა გაანგარიშებებს, რომელიც სხვადასხვა წყაროს გამოყენებით იქნება განხორციელებული,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე, პირდაპირი ფინანსური ინტერვენციები განხორციელდება, ასევე, გადაიდგება გარკვეული არაპირდაპირი ნაბიჯებიც.

"რა თქმა უნდა, როცა საუბარია პირველ ეტაპზე ამ ორ მილიარდზე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ თანხის სწორად ჩაშლა და იმის უზრუველყოფა, რომ ამ თანხამ მაქსიმალურად მოაგვაროს ერთი - სოციალური პრობლემები და მაქსიმალურად მოაგვაროს პრობლემები იმ ეკონომიკურ სუბიქტებს, ვისაც ყველაზე მეტი ზიანი მიადგა კორონავირუსის გამო. შესაბამისად, ამ თანხის მიზნობრივ ხარჯვას ენიჭება გამნსაკუთრებული მნიშვნელობა. მთავარია თითოეული თეთრი იყოს შედეგზე ორიენტირებული და ორიენტირებული იმაზე, რომ ამ ინტერვენციებმა უზრუნველყონ ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, მათი სამსახურების და ხელფასების შენარჩუნება. ამ ინტერვენციებს ექნება ერთი ეკონომიკის სტიმულირების და მეორე სოციალური მდგომარეობის შენარჩუნების მიზანი.

გარდა პირდაპირი ფინანსური ინტერვენციებისა არაპირდაპირი ნაბიჯებიც იდგმება მთავრობის მხრიდან, როგორიც არის მაგალითად საგადასახადო შეღავათების დადგენა კონკრეტული ტიპის ეკონომიკური სუბიექტებისთვის და ესეც გაგრძელდება. გარდა იმისა, რომ პირდაპირი ფინანსური ინტერვენციები განხორციელდება ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე, ასევე, არაპირდაპირი ნაბიჯები გადაიდგმევა, რომელიც შეღავათს მისცემს ეკონომიკურ სუბიექტებს და ადამიანებს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.