ფრთხილად, სერჟ! - კვირის პალიტრა

ფრთხილად, სერჟ!

რობერტის ბედი არ გაიზიარო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში სომხეთში მიდის ოფიციალური ვიზიტით. მას თავისი სომეხი კოლეგა სერჟ სარქსიანი უკვე ელოდება. რა თქმა უნდა, მიშა სერჟთან შესახვედრად უკვე მოემზადა. მან 6 იანვარს საქართველოში მცხოვრებ სომხებს შობა განსაკუთრებულად მიულოცა. სააკაშვილს პიარი არ ეშლება. ამ მილოცვას სომხურ პრესაში დიდი რეზონანსი მოჰყვა - აი, თუ არ გჯერათო, საქართველოს სომხები ვიცავდით ყოველთვის, თორემ ქართველებს მარტო სიმღერა შეუძლიათო.

სომხურ პრესაზე ამჯერად ჯოხს ნუ გადავტეხავთ. მიხეილ სააკაშვილმა მართლაც განაცხადა მილოცვისას, რომ ქართველი სომხები (მიშას ტერმინია) საუკუნეების განმავლობაში და ბოლო წლებშიც იარაღით ხელში იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას (მართალია,“ბაგრამიანის” ბატალიონის "გმირობა" ყველას ახსოვს(!). მაგრამ მაინც).

თუმცა, ეს არ არის მთავარი. მთავარია, რა თემაზე ისაუბრებენ სერჟი და მიშა. ჩვენ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი "კვირის პალიტრას" კითხულობს. შესაბამისად, ალბათ, წაიკითხავდა ან წაუკითხავდნენ ხათუნა პაიჭაძის სტატიას, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში ქართული ჩურჩხელა სომხურ "არმიანსკოე ჩუდოდ" არის მონათლული, ხაჭაპური "ხაჩატრიანად", "საფერავი" და "ქინძმარაული"”სომხურ ღვინოებად და თურმე "ბორჯომიც" სომხური ყოფილა.

კარგი იქნება, თუ სააკაშვილი სარქსიანთან შეხვედრისას ამ საკითხით დაინტერესდება და მოითხოვს მისგან, რომ თავისი თანამემამულეები ცოტა დაანამუსოს. გასაგებია, რომ ჩვენი პრეზიდენტი მუდმივად გაიძახის, -  მე სომეხიც ვარ, აზერბაიჯანელიც, ოსიც და აფხაზიცო, მაგრამ იმედია, სარქსიანთან შეხვედრისას, სულ რამდენიმე წუთით მაინც, ქართველი იქნება. უფრო ზუსტად, საქართველოს ინტერესების დამცველი.

მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია. მთავარია, თავად სააკაშვილმა იცოდეს, რომ ჩურჩხელა, ხაჭაპური, "საფერავი", "ქინძმარაული" და "ბორჯომი" ქართულია. აი, ამაში მძიმედ გვაქვს საქმე. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის ახალი გზის გახსნისას მიშამ ამ ქართულ რეგიონს ურარტუ უწოდა და განმარტა, რომ თურმე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისას ქართველები და სომხები ერთად იგერიებდნენ სხვადასხვა აგრესიას. ალბათ, საქართველოს 1919 წელს ომი ეგვიპტესთან ჰქონდა.

ასევე, კარგი იქნება, თუ სააკაშვილი სხვა საკითხებითაც დაინტერესდება. მაგალითად, იმით, თუ რატომ არის სომხურ პრესაში ანტიქართული ისტერია ატეხილი და მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი ბაქო სააკიანი რატომ მასპინძლობს ბაღაფშისა და კოკოითის ემისრებს(?!).

და თუ ჩვენი პრეზიდენტი სარქსიანისგან უარს მიიღებს, დამართოს ის, რაც მის წინამორბედს რობერტ ქოჩარიანს შეემთხვა. შეგახსენებთ, რომ 2005 წელს ბაკურიანში მყოფ ქოჩარიანს სააკაშვილი შეუჩნდა - გინდა თუ არა, თხილამურით ვისრიალოთო. ქოჩარიანმა ვეღარ გაუძლო ქართული მხარის ზეწოლას, შედგა თხილამურზე, ფეხი მოიტეხა და "კასტილებით" გაემგზავრა ერევანში.

ასე რომ, ფრთხილად, სერჟ!