მოუხდება თუ არა კოკოითის პრემიერის სავარძელი - კვირის პალიტრა

მოუხდება თუ არა კოკოითის პრემიერის სავარძელი

პუტინ-მედვედევის როქი გადამდებია. არა, საქართველოს არ ვგულისხმობთ (თუმცა, არავინ იცის, რა მოხდება 2013 წელს). უპირველესად გადამდებია ვლადიმირ პუტინის მარიონეტებისთვის, მაგალითად, ედუარდ კოკოითისთვის.

2011 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. კოკოითის ე.წ. კონსტიტუციით მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არა აქვს. არადა, ძალიან უნდა პირველკაცობა.

მისი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ამით რუსული ფულის ჯიბეში ჩადების პროცესს გააგრძელებს. მეორეც, დაკარგავს კოკოითი ძალაუფლებას და ან თავისი ყოფილი თანამოაზრეები გააგორებენ, ან რუსული ეფ-ეს-ბე.

კოკოითი ფოტოზე როგორიც გამოიყურება, ისეთი არ გეგონოთ. ის ეშმაკია. ოღონდ, ოროსან მოსწავლესავით ეშმაკი, რომელსაც, რადაც უნდა დაუჯდეს, საკონტროლო გამოცდა უნდა ჩააბაროს.

ჰოდა, კოკოითიმაც ჩაიხედა "შპარგალკაში" და თქვენ თვითონ გამოიცანით, ვის ეკუთვნოდა ის. კერძოდ,

ოსური წყაროების ცნობით, ე.წ. პარლამენტში კოკოითის ერთგული დეპუტატები უკვე მუშაობენ ე.წ. კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება იზრდება, პრეზიდენტის კი მცირდება. უფრო ზუსტად, ე.წ. პრეზიდენტი ისეთივე სიმბოლური ფიგურა იქნება, როგორიც ე.წ. ოსური არმიაა.

კოკოითის დემოკრატობანას თამაში არ სჭირდება. ან ვის უნდა ეთამაშოს დემოკრატობანა? - ცხინვალი-ჯავის მონაკვეთზე დარჩენილმა 6 ათასამდე მცხოვრებმა ისედაც იცის, რა შვილიც არის მათი ბელადი. უფრო მეტიც, რუს ჯარისკაცებს“"კაკოიტი" სულ ფეხებზე ჰკიდიათ.

მაგრამ რატომღაც კოკოითიმ, ალბათ, ბაღაფშის ჯიბრზე, თავის დემოკრატად წარმოჩენა გადაწყვიტა. განაცხადა, მეო, მესამე ვადით კენჭისყრას არ ვაპირებო.

სამაგიეროდ, 2011 წელს მივიღებთ პრემიერ-მინისტრ კოკოითის. მას ე.წ. პარლამენტში ზემოხსენებული "კანონპროექტის" გატანა არ გაუჭირდება. კერძოდ, ე.წ. დეპუტატებმა კარგად იციან, რომ კოკოითის რისხვა მათ, უკეთეს შემთხვევაში, ჯავის ტყეში ფეხებით ჩამოკიდებად დაუჯდებათ.

რა თქმა უნდა, რუსული მხარეც ამუშავებს შესაძლო სცენარებს. მაგალითად, კოკოითის აუკრძალეს ე.წ. პრემიერ ვადიმ ბროვცევზე ზეწოლა. ედიკამ სამაგიერო იმით გადაუხადა, რომ ჩელიაბინსკელ ბროვცევს მართალია არ შეეხო, მაგრამ მისი თანაგუნდელები ზოგი რუსეთში გააქცია, ზოგი კი ციხეში გამოკეტა.

თავად კოკოითი მთავარ კონკურენტად ბროვცევს კი არა, ბიზნესმენ ჯუსოითის მიიჩნევს, რომელსაც მოსკოვში ძლიერი ლობი ჰყავს. ამიტომაც ბიზნესმენი ცხინვალში ვერ ჩადის. რა იცი, იქნებ აგური დაეცეს თავზე.

ბროვცევისა და ჯუსოითის გარდა, მოსკოვს სხვა ფავორიტებიც ჰყავს. თუმცა არავის ეგონოს, რომ პუტინი კოკოითის მოშორებისთვის ყველაფერს გააკეთებს. მაგალითად, რუსეთს ჰყავს რამზან კადიროვი, რომელიც კოკოითისგან ბრძოლის მეთოდებით, ინტელექტითა თუ ფულის მითვისების წყურვილით დიდად არ გამოირჩევა. კადიროვს ბუზიც არ აჰფრენია, ცხოვრობს კომფორტულად და ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებით მდიდრდება და მდიდრდება.

რუსეთი იმხელაა, ათას კოკოითისა და კადიროვს აიტანს. შესაბამისად, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელს შეუძლია მშვიდად დაელოდოს იმ დროს, როდესაც ე.წ. პრეზიდენტის სავარძლიდან პრემიერად გადაბრძანდება.

ჩვენ არ ვიცით, მოუხდება თუ არა კოკოითის პრემიერის სავარძელი. სამაგიეროდ, ფაქტია, რომ რომელიმე ქართული ევროსტანდარტების ციხე მისთვის ზედგამოჭრილია თანასაკნელ ბაღაფშთან ერთად.