"ტაო ჩემო, ბედი არ გიწერია!." - კვირის პალიტრა

"ტაო ჩემო, ბედი არ გიწერია!."

მას შემდეგ, რაც ოცი წლის წინ ჩვენმა სამშობლომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჩვენგან ჩრდილოეთით დავანებული გველეშაპისგან მრავალჯერ მოვწყდით და დავიბუგეთ. ეს ყველაფერი მეტ-ნაკლები სიმძაფრით დღესაც გრძელდება და, გასაგები მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ალბათ, კიდევ გაგრძელდება.

ერთი - ცხვრისკენ, ერთიც - მგლისკენო, - ნათქვამია. თავს დატეხილ უბედურებაში წილი ჩვენს უგუნურებასაც მიუძღვის, სიმცირესაც, კიდევ იმას, რომ დედამიწის ზურგზე "პატრონი, მყვარებელი" არავინ გვყავს, როგორც მწერალმა თქვა, "ობოლი ერი" ვართ. არადა, რამდენჯერ დანანებით მიფიქრია, კავკასიის ამ სამოთხეში ასე ლამაზად ჩამსხდარ სამ ძმას რომ ერთი პირი ჰქონოდა, მაშინ ხომ ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა.

ნუთუ არ შეიძლებოდა, მითიური ჰაოსისა და ქართლოსის შთამომავლებს მაინც არ გაგვეხედა ერთმანეთისკენ მოშურნე და ავაზაკის თვალით, მითუმეტეს, რომ რწმენა, თავგადასავალი ერთი გვაქვს და, თუ მიხვდებიან, მტერიც ერთი გვყავს.

KvirisPalitra.Geერთმანეთისკენო, ვთქვი. ნეტავ, მართლა ასე იყოს, ჩემი ბრალიც ყოფილა-მეთქი, ვიფიქრებდი, და ამ ჩემს ძმაზეც ასე არ გავბრაზდებოდი. მაგრამ, რა ვქნა, თუ სომხურ მიწაზე შესული ერთადერთი ქართველი დავით აღმაშენებელი ვიცი, რომელმაც ანისიდან თურქები გაყარა და ეს ამბავი სომხების დედოფალს, სულის გასახარად, საფლავში ჩასძახა. სპიტაკის ტრაგედიის დროსაც შეაბიჯეს ქართველმა ექიმებმა და მაშველებმა სომხურ მიწაზე. არავის არაფერს ვამადლით, უბრალოდ, საქმე ისე მიდის, რომ მალე რომელიმე სომეხი ისტორიკოსის წერილში წავიკითხავთ: დავით აღმაშენებელი არსად შესულა და არც არავინ გაუთავისუფლებია. ან კი როგორ შეძლებდა ამას, როცა სომეხი იყო და იმ ქალაქში ცხოვრობდა, რომელიც რვა საუკუნის შემდეგ სომხებმა ააშენესო. როგორც წესი, წერილი რუსული ისტორიული წყაროებითაც იქნება გამყარებული.

ეჰ, ილიამ თავისი ცნობილი "ქვათა ღაღადი" ზუსტად 112 წლის წინ დაწერა. ვაჟას "ჰაოს და ქართლოსიც" ამ დროით თარიღდება. ვერც ილიას და ვერც ვაჟას ასეთ გამწარებულებს სხვაგან ვერსად ნახავთ. ეტყობა, მოყვრისგან მოწოდებულ შხამიან ფიალას მაინც სხვა გემო აქვს.

და რა?!... მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, მტერი და ავის მოსურნე თუ არ მოგვემატა, არ მოგვკლებია არც ჩვენ, არც სომხებს. იმ პატკანოვისა და არწრუნის იდეური მემკვიდრეები კი იმავე სიმღერას მღერიან. ანუ, სანამ ჩვენ იმაზე ვფიქრობთ, ისტორიულ ტაოში ჩარჩენილი ქართული ტაძრების აღდგენის სანაცვლოდ მივცეთ თუ არა თურქებს აჭარაში მეჩეთების აღდგენისა და აშენების უფლება, ისტორიკოსი და სომხური არქიტექტურის სპეციალისტი, ვინმე სამველ კარაპეტიანი, თურქებისა და ქართველების ამ ინიციატივას, ერთის მხრივ, ამორალურსა და ანტიმეცნიერულს უწოდებს (ეს თურქებს «მიართვა»), ხოლო, მეორე მხრივ, უსამართლოსა და, ასევე, ამორალურს (ეს კი, ქართველებს) .

მიზეზი: ტაო ისტორიული სომხეთის შემადგენელი ნაწილი იყო. მეათე საუკუნეში, დავით კურაპალატის მმართველობის დროს (ამ მეფის ეროვნებაზე საერთოდ არაფერია ნათქვამი. ამაზედაც გმადლობთ), ტაოს სომხური სამეფო (!) შეუერთდა

KvirisPalitra.Geბიზანტიურ ეკლესიას. ტაოს "სამეფოს" ეს გადაწყვეტილება სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ არ სცნო (სომეხმა სომეხი არ სცნო, როგორ წარმოგიდგენიათ?! სულაც

არ ვხუმრობ, ეს შესანიშნავი თვისება, ნეტავ, ჩვენც გვქონდეს!) ამიტომ, როდესაც სომხებმა ხსენებული ტაძრები ააშენეს, იძულებულნი შეიქნენ, ზედ წარწერები ქართულად გაეკეთებინათ, ფრესკებიც ქართულისათვის მიემსგავსებინათ... მაგრამ, რაკი ქართული კარგად არ იცოდნენ, უამრავი შეცდომა დაუშვეს (ალბათ, ქარაგმებს გულისხმობს), რომელსაც ქართველი არ დაუშვებდა. ფრესკებიც ოდნავ წააგავს სომხურს და ყოველივე ეს სომხური არქიტექტურის მეორე ოქროს საუკუნეში მოხდა.

დამერწმუნეთ, ზუსტად ასე ამბობს. არაფერს ვცვლი და ვამატებ. ტრადიციულად, რუს არქიტექტორსაც, ვინმე ნ. ტოკარსკისაც, იმოწმებს, რომელიც ამბობს, ეს არქიტექტურა არც სომხურია, არც ქართული და არც ბიზანტიური, არამედ მათ სინთეზს წარმოადგენსო. (აბა, რუსულიაო, ვერ იტყოდა, მეათე საუკუნეა მაინც).

გული მოგიკვდება, ასეთი ხულიგნების ამარა რომაა დატოვებული ის, რასაც მეზობელ ერთა შორის კულტურული ურთიერთობა ჰქვია. არადა, რამდენი სომეხი ცხოვრობს საქართველოში, რამდენი მეცნიერი, პოლიტიკოსი... განა, მათ არ უნდა შეაჩერონ ეს სისაძაგლე?!.. დიდი ოვანეს თუმანიანის მაგალითს გავახსენებ ყველას: ცნობილი საქართველო-სომხეთის ომის დროს ოვანეს თუმანიანმა თბილისიდან ასეთი მიმართვა გაუგზავნა სომხეთში მცხოვრებ თავის ვაჟებს - დაგწყევლით, თუ ქართველების წინააღმდეგ ხელში იარაღს აიღებთო.

აბა, მე, "გიჟ-ვრაცუა", თუ შემატოვეს იმ კარაპეტიანს, მოვდგები და ვიტყვი, რომ ის ფრესკები სომხურს იმიტომ წააგავს, რომ, როდესაც "სომხები" მათ ხატავდნენ, სახის გამოსახვისას მათთვის დამახასიათებელ ერთ "საფირმო ნიშანზე" ხელი გაექცათ. ბოლოს კი მადლობას გადავუხდი, რაკი აღიარებს, რომ მეათე საუკუნეში ქართველები უშეცდომოდ ვწერდით, ოღონდ «სხვა» - «ჩვენ მიერ აგებულ» ტაძრებზე.

დავით შალიკაშვილი

(სპეციალურად საიტისტვის)