"ოდელია, დელია...." - კვირის პალიტრა

"ოდელია, დელია...."

უკვე მეორე დღეა, რაც რუსული ინტერნეტგამოცემებიდან წამოსული სიმყრალე გვიწვავს ცხვირს: ცნობილი საზოგადოებრივი მოძრაობის "კოკოითი ფანდარასტის" ლიდერი, ვლადიმერ სანაკოევი, ფე-ეს-ბეს აგენტი ყოფილა. ამ ავადსახსენებელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1989 წელს დაუწყია. საქართველოშიც სპეციალური დავალებით ჩამოსულა. ყოველივე ამას "ირონი"(სანაკოევის ფსევდონიმია) თავად აცხადებს.

სტატიას უკვე მოჰყვა გამოხმაურება. ისეთი ექსპერტი, როგორიც, მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილია, ფიქრობენ, რომ "კოკოითი ფანდარასტისა" და სხვა მსგავსი (ვთქვათ, პროექტი "სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა") პროექტების ავტორი, დიაღაც, იქნებოდა რუსეთის აგენტი. ისეთები კი, როგორიც, მაგალითად, მამუკა არეშიძეა, ვარაუდობენ: შეიძლება, კოკოითს ვლადიკავკაზში უფუნქციოდ ჯდომა მოსწყინდა და ფე-ეს-ბეს აგენტობა რაიმე ახალი ავანტიურის წამოსაწყებად

დაიბრალაო.

ამათი ყველაფერი გასაგებია - ის სულ აკრიტიკებს, ეს სულ ვარაუდობს. უფლებაც აქვთ, მეტიც, ევალებათ - აბა, რისი ოპოზიციონერები და ექსპერტები არიან?! ჩემთვის კი, ალბათ, ქვეყნისთვისაც, იმათი პოზიციაა მნიშვნელოვანი, ვინც ეს, უკეთეს შემთხვევაში, ბოდიში და - მაიმუნი, უარესში კი, მართლა მტრის აგენტი ჩამოიყვანა, თანამდებობა მისცა და მის რჩევებსა და იდეებს ითვალისწინებდა (უმჯობესი იქნებოდა, გვეთქვა - "ხორცს ასხამდა") ქვეყნისთვის ისეთ უმძიმეს

და უმნიშვნელოვანეს სფეროში, როგორიც სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

მარტო იმ "ფანდარასტზე", რომლის დაფა-ზურნის ხმა დღესაც ყურში გვიდგას, რამდენი ენერგია და ფული დაიხარჯა... ხოლო, თუ იმას ჩავყვებით, რასაც სანაკოევი საკუთარ "დამსახურებად" მიიწერს (დიმიტრი სანაკოევის მთავრობის შექმნა, მინისტრების სამსახურიდან გათავისუფლება-დანიშვნა; ამბობს, რომ ომის დაწყების თარიღიც იცოდა...), ეს ყველაფერი თუ დავიჯერეთ, ეს რა გადარჩენაა, მაგრამ მაინც რას ვართ გადარჩენილი!....

ისევ "რეაქციებს" დავუბრუნდები. ვისაც ყოველივე ამის სერიოზულად მიღება "ევალება", მათზე უკვე მოგახსენეთ. ისინი კი, ვისაც ევალებოდათ და ევალებათ, რომ მსგავსი რამ საერთოდ არ ხდებოდეს და, თუ მაინც მოხდა, თავი ქვას ახალონ, ჩუმად არიან (უკვე მეორე დღეა), ანდა ისეთი მხიარული ტონით საუბრობენ ქვეყნის სირცხვილზე, თითქოს, "ფანდარასტის" ჰიმნს მღეროდნენ.

სულ ეს არის. სანაკოევის თემამ "ნიუსებშიც" დაკარგა უკვე აქტუალობა და ბოლო პოზიციებზე ჩაინაცვლა. ვისაც ვლადიმერ სანაკოევის თემაზე ეცინება და მხიარულება "უნდება" , ერთ "მხიარულ" ოსურ ხალხურ ლექსს მივაწვდი: "ოდელია, დელია, გორამდე სულ ჩვენია..." ეს ლექსი მე პირადად მომისმენია თბილისში მცხოვრები ზოგიერთი ოსისგან. ლექსი ქართულადაა დაწერილი, მაგრამ არა უშავს. ეს იმის მსგავსი შემთხვევაა, სომხები რომ წერდნენ "თავიანთ" ეკლესიებზე ქართულად, ოღონდ შეცდომებით.

დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)