"იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამაშველო ოპერაცია ჩავატაროთ, მზად ვართ, შესაბამისი თანხა გადმოვურიცხოთ ხელისუფლებას" - კვირის პალიტრა

"იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამაშველო ოპერაცია ჩავატაროთ, მზად ვართ, შესაბამისი თანხა გადმოვურიცხოთ ხელისუფლებას"

"ნაციონალური მოძრაობა" მზად არის უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად, ჩარტერული რეისების განხორციელებისთვის ხელისუფლებას თანხა ჩაურიცხოს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი პირობა ამისთვის არის ის, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი ხელშეკრულება უკრაინულ ავიაკომპანია "სქაიაფთან“ გააფორმოს.

"სასწრაფოდ საჭიროა და მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართოს იტალიის, ესპანეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს იმისათვის, რომ „სქაიაფს“ მიეცეს საშუალება ამ ფრენების განხორციელების. საგანგებო მდგომარეობაა სახელმწიფოში, აეროპორტები დაკეტილია და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ამ ნებართვის მიღება სრულიად შეუძლებელია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაავალოს საკონსულოებს და საელჩოებს აღნუსხოს ჩვენი მოქალაქეები, სოციალური სამართლიანობის საფუძველზე შეადგინოს მგზავრების სია იმის გათვალისწინებით, რომ უპირველეს ყოვლისა ბავშვებიანი ოჯახები, სტუდენტები, სამკურნალოდ ჩასული და იქ ჩარჩენილი ადამიანები უნდა მოხვდნენ ამ სიებში“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სიები უკე მიწოდებულია და საუბარია 4 000-ზე მეტ ადამიანზე.

"28 მარტს ჩვენ უკვე მივაწოდეთ ჩვენი მოქალაქეების სიები, სადაც 4000 მეტი ადამიანია, ამიტომ ამის განხორციელება არც თუ ისე ძნელია. აუცილებელია, რომ "სქაიაფს" მიეცეს ფრენებისთვის შესაბამისი ნებართვა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის 81-ე დადგენილების ფარგლებში, რომლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, ხოლო მეორე მუხლის მესამე პუნქტი განმარტავს, რომ ჩარტერული ფრენების განაცხადი განიხილება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. ვერც ერთი ფიზიკური პირი და პოლიტიკური პარტია ამას ვერ გააკეთებს, თუ ხელისუფლების თანხმობა არ იქნება და ბოლოს, რომ მოვხსნათ ყველა ბარიერი და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაშველო ოპერაცია ჩავატაროთ, ჩვენ მზად ვართ შესაბამისი თანხა გადმოვურიცხოთ ხელისუფლებას. ერთადერთი პირობაა, ფინანსები გამოიყოფა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ხელს მოაწერს უკრაინულ ავიაკომპანია „სქაიაფთან“ კონტრაქტზე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებასთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა, რომ „თუ რეისის ორგანიზების თავი არ აქვთ, ეს ფული გადარიცხონ ფონდში და ჩვენ მივხედავთ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს“.

"ინტერპრესნიუსი"