რომელმა სახელმწიფომ ისარგებლა პანდემიით?!
რომელმა სახელმწიფომ ისარგებლა პანდემიით?!
"მთელი ეს ისტორია ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ თავიდან ეს ყველაფერი ხელოვნურად შეიქმნა, მაგრამ მერე მავანს პროცესი ხელიდან გაუსხლტა"

კორონავირუსის ინფექციით შექმნილ კრიზისთან გამკლავებას მთელი მსოფლიო ცდილობს. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები იბრძვიან ადამიანთა გადასარჩენად და, ამავდროულად, გართულებული ეკონომიკური ვითარების შესამსუბუქებლად. უფრო და უფრო მეტი საყვედური ისმის ჩინეთის მიმართ, რომელსაც მსოფლიოს ლიდერები ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთმა ვირუსის აღმოჩენა მსოფლიოს დაახლოებით ორი თვით დაუმალა. გამოითქმის ეჭვები იმის თაობაზეც,
რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ არ იმოქმედა დროულად და ეფექტიანად. მის ხელმძღვანელს, ეთიოპიელ ედროს ადანომ გებრეისუსს, რომელიც ამ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, გაუხსენეს ისიც, რომ მან ეს თანამდებობა ერთი ხმის უპირატესობით მიიღო და ეს ერთი ხმა ჩინეთს ეკუთვნოდა. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ლიდერები ეჭვობენ, რომ შესაძლოა მან
ნებსით თუ უნებლიეთ დაფარა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი, რამაც, ფაქტობრივად, დედამიწის შეჩერება გამოიწვია. სამშობლოში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეახსენეს, რომ ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრობისას მან მსოფლიო თანამეგობრობას ამ ქვეყანაში ქოლერის აფეთქება დაუმალა. ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა მოვა დრო, როდესაც ახლანდელ ვითარებას დაწვრილებით შეისწავლიან და ყველას, ვინც მიზანმიმართულად შეუწყო ხელი ვირუსის გავრცელებას, მკაცრად მოუწევს პასუხისგება. ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან.


- დღეს არაერთი ვერსია ვრცელდება; ტყუილ-მართალი ერთმანეთშია არეული და დანამდვილებით რამის თქმა რთულია. უკვე ვხედავთ, რომ მსოფლიო ლიდერები, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები საფუძვლიან ეჭვებს გამოთქვამენ. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იყო მოლოდინი, რომ მსოფლიო შექმნიდა ახალ იარაღს, რომელთან ერთადაც კაცობრიობა ახალ ეტაპზე გადავიდოდა. ფაქტობრივად, ასეც მოხდა - ატომური იარაღის შექმნამ არსებითად შეცვლა მსოფლიოში ძალთა განაწილება. სწორედ ამ იარაღმა დააწესა გარკვეული პარიტეტი. მე-20 საუკუნის ბოლოდან უკვე გაჩნდა მოლოდინი, რომ ქვეყნებს, რომელთაც ამ პარიტეტის შეცვლა არ შეეძლოთ, შეიძლებოდა შეექმნათ განსხვავებული იარაღი, რომელიც არანაკლებ ეფექტიანად იმოქმედებდა, თანაც ინფრასტრუქტურის მასობრივი განადგურების გარეშე. ასეთი იარაღის შექმნაზე კარგა ხანია მუშაობენ და ოდესმე მისი გამოყენების დროც დადგება, თუ უკვე არ გვაქვს საქმე ამ იარაღის გამოყენებასთან... არსებობს ვერსია, რომ ვირუსმა ხელოვნურად გაჟონა ლაბორატორიიდან. ეს მხოლოდ ვერსიაა, თუმცა, ალბათ, როდისმე ამ საქმის დაწვრილებით გამოძიებაზეც მიდგება საქმე, აუცილებლად გამოიკვლევენ ამ ვერსიის საფუძველსაც...

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების არეალს რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის ეს თემა ნაკლებად აქტუალურია - ვგულისხმობ აფრიკას, წინა აზიას... შევხედოთ ახლო აღმოსავლეთს - აქ გაცილებით რთული ვითარებაა ისრაელში, რომელიც რეგიონში საკვანძო მნიშვნელობის ქვეყანაა, ვიდრე მის გვედით მდებარე ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში, რომლებიც სამედიცინო სისტემით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიან.

დღეს ვირუსი ყველაზე მასშტაბურად გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ლათინურ თუ სამხრეთ ამერიკაში ასეთივე მასშტაბსა და დაძაბულობას ვერ ვხედავთ. ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს.

მთელი ეს ისტორია ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ თავიდან ეს ყველაფერი ხელოვნურად შეიქმნა, მაგრამ მერე მავანს პროცესი ხელიდან გაუსხლტა. უამრავი კითხვაა, რომლებზეც პასუხი არ ჩანს. ჯერჯერობით ამ პასუხების მოსაძებნად მსოფლიოს არ სცალია, ჯერ კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან უწევს ბრძოლა, მაგრამ ამის დროც დადგება და არცთუ დიდი ხნის შემდეგ. ეს შეკითხვები ახლაც ისმის ძალიან მაღალ დონეზე - გაეროს, ევროკავშირისა და სხვა გავლენიანი პლატფორმებიდან. აშკარაა, მიმდინარეობს მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბების პროცესი და შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ აღმოვჩნდებით სრულიად ახალ რეალობაში, სხვანაირ მსოფლიოში, სადაც შეიცვლება არა მხოლოდ სამედიცინო და ეკონომიკური მიდგომები, არამედ პოლიტიკურ ძალთა ბალანსი და, რაც მთავარია, ადამიანის ცნობიერება. ბევრ სახელმწიფოს - განსაკუთრებით ევროპაში - მოუწევს საკუთარი პოლიტიკის გადახედვა; ამის გაკეთება მოუწევთ დიდ პოლიტიკურ გაერთიანებებსაც.

ისმის კითხვა: რატომ ვერ უმკლავდებიან ძლიერი ქვეყნების სამედიცინო სისტემები ამ გამოწვევას?
უპირველესად იმიტომ, რომ იმდენი ხანია, მსოფლიოში ამგვარი გამოწვევა არ ყოფილა, რომ აღარც ექიმია საკმარისი და არც - მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
საბჭოთა კავშირის დროს კარგა ხნის განმავლობაში რეგიონების მიხედვით არსებობდა შავი ჭირის სადგურები და მუდმივად მიმდინარეობდა ეპიდვითარების აღწერა. საქართველოში იყო უდიდესი სპეციალისტი თამაზ კერესელიძე, რომელმაც ეპიდემიოლოგიის უძლიერესი სკოლა შექმნა. ეს სამი ადამიანი, დღეს გმირებად რომ იქცნენ, სწორედ მისი სკოლის გამოზრდილია. ამ სკოლისა და ლუგარის ლაბორატორიის არსებობამ, ამასთანავე, კრიზისის მართვის სწორმა სისტემამ, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ შეიმუშავა, შექმნა დღევანდელი ვითარება.
იმედი ვიქონიოთ, რომ ასე გაგრძელდება და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანური დანაკარგით გავივლით ამ რთულ პერიოდს.

- ვიდრე საქართველოში არსებულ ვითარებას უფრო დაწვრილებით შევაფასებდეთ, მინდა ასე დავსვა საკითხი: მსოფლიოში დღეს შექმნილ ვითარებაში ჩანს ვინმე - სახელმწიფო ან ინტერესთან ჯგუფი, რომელმაც პანდემიით ისარგებლა?
- ჯერჯერობით ასეთი ჩანს ჩინეთი, რომელმაც, როგორც თვითონ ამტკიცებენ, კორონავირუსთან გამკლავება შეძლო და ამავდროულად, ეკონომიკურად დიდი დივიდენდი მოიპოვა - პრაქტიკულად, ყველა იმ უცხოური კომპანიის აქციები, რომელებიც ჩინეთის ტერიტორიაზე მუშაობდნენ, ჩინეთში დარჩა, კაპიკებად ჩაიგდეს ხელში. ამით ძალიან მძიმე დარტყმა მიადგა დანარჩენი მსოფლიოს ეკონომიკას.

დარტყმა ყველამ მიიღო, ვინც დღეს მსოფლიო პოლიტიკას ქმნის: აშშ-მა, რუსეთმა და ევროკავშირმა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, სარგებელი კი ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთმა ნახა...

- უკვე ამიტომაც ისმის ჩინეთის მიმართ სანქციებით მუქარა...
- სანქციები არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც, ალბათ, აუცილებლად დაუწესებენ ჩინეთს, თუნდაც მხოლოდ ვირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო, თუკი ეს დადასტურდა, მაგრამ ამის გარდა, არსებობს მორალური გადაწყვეტილებებიც. ვფიქრობ, უახლოესი წლების განმავლობაში ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობისგან ქვეყნები მაქსიმალურად შეიკავებენ თავს. მგონია, რომ ჩინეთის დღევანდელი ეფემერული სარგებელი უახლოეს მომავალში აღარ იმუშავებს. იქნება სანქციებიც და მორალური პასუხისმგებლობაც ჩინეთს დაეკისრება...

- როგორც სხვა ქვეყნები, საქართველოც ცდილობს დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა და როგორმე მოახერხოს და დაიცვას ეკონომიკაც... პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად 2 მილიარდ ლარს გამოყოფს; გარდა ამისა, სამი თვის განმავლობაში დაფარავს მოსახლეობის კომუნალურ ხარჯებს. როგორ შეაფასებდით პანდემიის მძვინვარების პირობებში ხელისუფლების ქმედებებს?
- ვიდრე გიპასუხებთ, მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე - ეს არის საზოგადოების პოზიტიური ფსიქოლოგიური განწყობა. ეს კეთილგანწყობა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. ერთია ის, რომ საზოგადოებამ ხელისუფლების ძლიერი ხელი იგრძნო და მოარული აზრი, რომ ეს იყო უნიათო ხელისუფლება, გაცამტვერდა; ბევრი უკვე იმასაც ამბობს, ამდენი თუ შეგეძლოთ, აქამდე სად იყავითო...

მეორე ფაქტორია ის, რომ საზოგადოებას აქვს კონკრეტული ორიენტირი - 21 აპრილი, როდესაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, ამ ვითარებას 21 აპრილამდე გავუძლებთო...

მესამე ფაქტორია ხელისუფლების დაპირებები, რაც საზოგადოებას იმედს უჩენს. ეს სამი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს დრო და საშუალება, გათვალოს და ისე გადადგას შემდგომი ნაბიჯები.

ჯერ არ ვიცით, შედეგიანი იქნება თუ არა მთავრობის პროგრამა, რომელიც გახარიამ წარმოადგინა, მაგრამ ადამიანებს, ვისაც შიმშილის ეშინია, იმედს უსახავს. ხელისუფლებამ ეს ვითარება უნდა გამოიყენოს, ხოლო 21 აპრილის შემდეგ მისი ნაბიჯები უნდა იყოს სწორედ ამ კეთილგანწყობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული. ეს ეკონომიკური პროექტი უნდა ამუშავდეს და მას უნდა დაემატოს სხვა კომპონენტებიც. ხალხმა უბედურების პირისპირ თავი მარტოდ არ უნდა იგრძნოს.

როცა საზოგადოება ხედავს, რომ მასზე ვიღაც ზრუნავს, ბევრ რამეს ითმენს, მაგრამ ეს მოთმინება უსასრულო ვერ იქნება. ხელისუფლებამ დროულად უნდა მოიძიოს რესურსი და დაანახვოს საზოგადოებას, რომ პოსტეპიდემიური პერიოდი იქნება მშენებლობის პერიოდი.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზოგადოებაში სოლიდარობისა და თანადგომის უამრავი მაგალითი გაჩნდა.

- უკვე მოვისმინეთ მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებები ეროვნული წარმოებისა და სოფლის მეურნეობის უფრო მძლავრად ამუშავებაზე... ეს მოკლე ხანში შესაძლებელია?
- რთულია, მაგრამ შესაძლებელი. საზოგადოებამ უნდა დაინახოს საბაზისო ნაბიჯები, რომლებიც მომავალში შედეგს მოიტანს. აგარის ქარხანა იყო ნახსენები, მაგრამ ეს ქარხანა უცებ რომ ვერ ამუშავდება, ცხადია - ბოლოს და ბოლოს, საქართველოში შაქრის ჭარხალი ჯერ არავის დაუთესავს და ქარხანას ასამუშავებლად ნედლეული ხომ სჭირდება? სხვაა ამ ქარხანასთან დაკავშირებული იურიდიული პრობლემები - თავის დროზე ის ძასოხოვს წაართვეს და დავა მიმდინარეობდა. ახლა ზუსტად არ ვიცი, რა ხდება; შეიძლება ესეც სერიოზულ პრობლემად იქცეს, თუმცა პრობლემების მოვლა თუ ახლავე დაიწყება, ერთ წელიწადში შეიძლება ბევრი რამ მოხერხდეს.

მიმაჩნია, რომ ადგილობრივი პროდუქციის წარმოებისთვის უნდა ამუშავდეს შეღავათიანი საგადასახადო სისტემა. მე ეკონომისტი არ ვარ და შეიძლება ვცდები, მაგრამ შეღავათებისა და წახალისების გარეშე არაფერი გამოვა. ეს შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანასაც.

ხორბალი ავიღოთ... საქართველოში, რაც გვჭირდება, იმის მხოლოდ 10% მოგვყავს და როცა მსოფლიოში ასეთი მძიმე მდგომარეობაა, ჩვენი მომწოდებლები - რუსეთი და ყაზახეთი შეძლებენ კი იმდენი მოსავლის მოყვანას, რომ ჩვენც მოგვაწოდონ?! სრულიად ახალი მიდგომებია საჭირო.
აქამდე ჩვენ მთელი ყურადღება ღვინის ექსპორტისა და მევენახეობისკენ გვქონდა მიპყრობილი. ეს კარგია, მაგრამ, ვფიქრობ, სხვა რამეებზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება და გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები.

- რას ფიქრობთ კრიზისის დროს ქართული ოპოზიციის ქმედებებზე?
- ოპოზიცია ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება. ერთი სული აქვთ, ხელისუფლება გააკრიტიკონ; მერე ხვდებიან, რომ ეს კრიტიკა არ არის რელევანტური და საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს და ვარდებიან მეორე უკიდურესობაში - ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობენ. მოჰყავთ ლევან გაჩეჩილაძის მაგალითი, რომელმაც 2008 წლის ომის დროს თქვა, ოპოზიცია მორატორიუმს აცხადებს და ხელისუფლებას ყველაფერში ეხმარებაო, მაგრამ ეს რომ თქვა, მერე აღარ მოუბეზრებიათ ვინმესთვის რჩევებით თავი არც მას და არც სხვა ოპოზიციონერებს.

უცებ ყველა "ნაციონალი" ეპიდემიოლოგად რომ იქცა და ექიმებს ჭკუას ასწავლიან... მესმის სწრაფი ტესტების მნიშვნელობა, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩავცვივდეთ, როგორშიც ჯერ იტალიის და შემდეგ ჰოლანდიის ხელისუფლებები აღმოჩნდნენ, როდესაც იჩქარეს და მიიღეს აბსოლუტურად უხარისხო პროდუქცია ჩინეთიდან. მოკლედ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ დახმარება უნდოდათ, გადაერიცხათ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხა იმ სახელმწიფო დაფინანსებიდან, რომელსაც იღებენ. ახლა, როცა მათ ამისკენ ხალხი სოციალური ქსელით მოუწოდებს, ალბათ, აღარ გადარიცხავენ და ამას მათთვის პოლიტიკური ეფექტიც არ მოჰყვება.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები