ირაკლი სესიაშვილი: "ჩვენ რამდენიმე დღით და კვირით ვართ წინ" - კვირის პალიტრა

ირაკლი სესიაშვილი: "ჩვენ რამდენიმე დღით და კვირით ვართ წინ"

"არჩევნები უნდა ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ"

"ქართულ ოცნებას" განზრახული არ აქვს, მმართველობის ვადა ხელოვნურად გაიხანგრძლივოს. დღევანდელი მდგომარეობა პოლიტიკურ მიზნებს არ უნდა დავუკავშიროთ. იმედი მაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას მოვასწრებთ", - ამბობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. როგორ ებრძვის ხელისუფლება მსოფლიო პანდემიას და რას მიიჩნევენ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლად? ამ და სხვა საკითხებზე ირაკლი სესიაშვილს ვესაუბრეთ.

- "ქართული ოცნება" გამჭვირვალედ მოქმედებს. ამ ვითარებაში ხელისუფლებამ გამოავლინა კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს. ყველა სამინისტრო კოორდინირებულად მოქმედებს. საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული, რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ, რა ვითარებაში ვართ, რას ვაპირებთ და რა შედეგებს უნდა ველოდოთ.

- დაცულია თუ არა უსაფრთხოება რაიონებში? რა კეთდება, რომ მარნეულის მსგავსი ვითარება სხვაგანაც არ შეიქმნას?

- დღეს მსოფლიოში ჩვენზე მდიდარ ქვეყნებს უჭირთ სიტუაციის მართვა. პრობლემების მოგვარება მოეთხოვება არა მარტო სახელმწიფოს, არამედ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს. თავიდან ხალხს გაუჭირდა, შეჩვეოდა შეზღუდვებსა და გამკაცრებულ წესებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა შესაშური პასუხისმგებლობა გამოავლინა.

როდესაც კომენდატის საათი გამოცხადდა, ვფიქრობდი, რომ ზოგი განზრახ, ზოგიც უნებურად დაარღვევდა კანონს და ასეულობით ფაქტი იქნებოდა, მეორე დღეს კი მხოლოდ 17 შემთხვევა აღინიშნა. ეს ადასტურებს ჩვენი მოქალაქეების მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. ვერც ერთი კანონი ვერ იმოქმედებს, თუ თითოეულმა მოქალაქემ არ გააცნობიერა მოსალოდნელი საფრთხე. ერთი ადამიანის შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს,

ჩვენ ჩვენი თანამემამულეების იმედი გვაქვს.

- შვედური მოდელის შემოღებაზე თუ იმსჯელეთ გუნდში? - მხოლოდ მომავალი შეაფასებს, რომელი ნაბიჯი იყო სწორი. სახელმწიფოთა უმრავლესობა კორონავირუსს მეტ-ნაკლებად ერთნაირი მეთოდოლოგიით ებრძვის. თითოეული ადამიანი იაზრებს ამ საფრთხეს და ფიქრობს, როგორ დაიცვას თავი. ის გზა, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ აირჩია, აბსოლუტურად სწორია. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე დღით და კვირით წინ ვართ. ეს იმითაც დასტურდება, რომ კატასტროფული შედეგი არ გვაქვს...

მსოფლიოში უკვე უამრავი ადამიანი გარდაიცვალა, მოსალოდნელია ეკონომიკური კრიზისი, ადამიანებს მოუწევთ ცხოვრების წესის შეცვლა, ამიტომ წინასწარ დაბეჯითებით თქმა, ვინ აირჩია სწორი გზა, ძნელია, თუმცა მე მიმაჩნია, რასაც საქართველო და მსოფლიოს უდიდესი ნაწილი აკეთებს (გამონაკლისია შვედეთი), სწორია.

გასათვალისწინებელია, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი შესაძლებლობების შესაბამისი წესები. შვედეთის მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა, ექიმებიც აკრიტიკებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას... რატომ აირჩიეს განსხვავებული გზა, რის საფუძველზე და რას ელიან შედეგად, მეტ-ნაკლებად ცნობილია, მე კი მჯერა, რომ ჩვენ ამ ვირუსს ჩვენი მეთოდებით დავძლევთ.

- კარანტინი 21 აპრილს მთავრდება. ხომ არ უნდა ველოდოთ მის გახანგრძლივებას? - ჩემთვის საინტერესოა ეპიდემიოლოგების პროგნოზი. ისინი გვეუბნებიან, რომ სამი კვირის განმავლობაში გვექნება პიკი, სამი კვირის შემდეგ კი გვექნება ეპიდემიასთან ბრძოლის კიდევ სამი კვირა. ვფიქრობ, ეს პროგნოზი რეალობასთან ახლოსაა.

- ეროვნული ბანკის შვიდი თანამშრომელი დაინფიცირდა და ამის შესაძლო მიზეზად დასახელდა ფულთან შეხება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეპიდემია დაიწყო? - არ ვიცი, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, თუმცა რეკომენდებულია საბანკო ბარათების გამოყენება.

- ხელისუფლებამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმის განხორციელება დაიწყო. მოსახლეობის ნაწილს მოხმარებული ელექტროენერგიისა და გაზის საფასურს სამი თვის განმავლობაში მთავრობა გადაუხდის. დადგინდება მათი ვინაობა, ვინც სამსახურს დაკარგავს... სხვა ნაბიჯების გადადგმაც იგეგმება? - მთავრობას აქვს ეკონომიკური პროგრამა, რომელიც გადის ექსპერტიზას.

ყველა პრობლემა, რომლებზეც საზოგადოება ლაპარაკობს, ასახულია ამ ეკონომიკურ პროგრამაში და მას ეტაპობრივად გაეცნობიან, შეიძლება ითქვას, ყოველდღიურადაც კი. ამ მხრივ მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. ჩვენ ამავე დროს ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან, რომ ფინანსური მხარდაჭერა მოვიპოვოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ფონდ "ქართუსა" და ბატონ ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზება, რომ ის მზად არის, თავისი რესურსით დაეხმაროს სახელმწიფოს. ეს მნიშვნელოვანია.

- შეიძლება ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ გაგრძელდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა? ვგულისხმობ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმებას... - ჩვენ შეთანხმებული ვართ და არ არსებობს საფრთხე, რომ ეს შეთანხმება დაირღვევა. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ ხორციელდება. არჩევნები უნდა ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ.

"ქართულ ოცნებას" განზრახული არ აქვს, რომ მმართველობის ვადა ხელოვნურად გაიხანგრძლივოს. დღევანდელი მდგომარეობა პოლიტიკურ მიზნებს არ უნდა დავუკავშიროთ. იმედი გვაქვს, რომ ცვლილებების განხორციელებას მოვასწრებთ. ჯერჯერობით არ შეგვიცვლია არც არჩევნების თარიღი. დრო გვიჩვენებს, იქნება თუ არა საჭირო რამის შეცვლა. ჩვენ გვინდა, ყველაფერი საკონსტიტუციო ვადების შესაბამისად გავაკეთოთ.